ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებაფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივას ამუშავებს, რომლის მიხედვითაც ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება, დაბეგვრას კი მხოლოდ დივიდენდი დაექვემდებარება. მუშავდება ასევე ანტიდემპინგური კანონი. ამ და მიმდინარე თემებზე „კომერსანტთან“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე საუბრობს.
- დაუჭერთ თუ არა მხარს ლარის გაუფასურების საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნას პარლამენტში, რომლის ინიციატივაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის?
- წინასწარ ვერ ვიტყვი, დავუჭერ თუ არა მხარს ამ კომისიის შექმნას. არც ბატონ თამაზს უთქვამს, რომ ეს კომისია აუცილებლად შეიქმნება. თუ გამოიკვეთა რაიმე ნიშნები იმის, რომ შეიძლება იყოს საჭირო მისი შექმნა, მაშინ, რა თქმა უნდა, დავუჭერ.
- არ არის ამ დრომდე გამოკვეთილი ეს კითხვები? რა კითხვები გაქვთ თქვენ?
- ჯერჯერობით არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხები არ მიგვიღია. შესაძლოა, ამ კითხვებზე პასუხები იმდენად დამაკმაყოფილებელი იყოს, რომ არ იყოს საჭირო საგამოძიებო კომისიის შექმნა. მე ბევრი კითხვა მაქვს. გავიგე, რომ ეროვნულ ბანკსაც გაუკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ სულ ვამბობთ, რომ გვაქვს კითხვები, მაგრამ ეს კითხვები არ ისმის. მე ისეთი კითხვები მაქვს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ისინი მომცემენ პასუხს, რომ ეს კონფიდენციალურია, მაგალითად: რეფინანსირების სესხები ბანკებმა მიიღეს, რეფინანსირების სესხები ხდებოდა აუქციონით, მაგრამ რიგ შემთხვევაში ზოგიერთმა ბანკმა მიიღო აუქციონის გარეშე.
საბანკო რეზერვები ინახება, რამდენად დაცულია ისინი? ბუნებრივია, რომ ისინი ამაზე პასუხს ვერ მომცემენ. მიპასუხებენ, რომ ეს კონფიდენციალურია. აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს კომიტეტმა გადაწყვეტილება, მიმართოს მათ სადეპუტატო შეკითხვით და როცა პასუხი მოვა კონფიდენციალურ კითხვებზე, ამის შემდეგ ვნახავთ უკვე. მაგალითად, ასევე საინტერესოა, რატომ არ არის რეფინანსირების სესხების ზრდის პარალელურად საპროცენტო განაკვეთი გზარდილი? ამ ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტურად ჯანსაღი და სწორი ახსნა. მე არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი არასწორად არის, მაგრამ ეს ასახსნელია, გასარკვევია. თუ დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი სწორად არის, მაშინ არაფერი პრეტენზია არ გვექნება. მაგრამ თუ არ დავრწმუნდით, მერე ჩნდება ეჭვი, რატომ მოხდა პირდაპირი მიყიდვა, რატომ მოხდა გაზრდა, რატომ არ გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი? ეს კითხვის ნიშანი უნდა ამოივსოს. იმ დღეს საკომიტეტო მოსმენაზე ერთ-ერთი საბჭოს წევრი მოვიდა და კითხვა დავუსვი, მეც არ ვიციო - მითხრა. ჩვენც არ ვიცით და გვაინტერესებს.
- გასული წლის დეკემბერში თქვენ საუბრობდით ანტიდემპინგური კანონისა და ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ კანონზე, რომელიც სუბსიდირებულ იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობდა. რა ხდება ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რა ეტაპზეა მათი დამუშავება და როდის იგეგმება მათი განხილვები პარლამენტში?
- ჩვენ გადავაგზავნეთ ეს კანონები ეკონომიკისა და სოფლის მეურენეობის სამინისტროებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან პასუხი მიღებულია, ახლა კი ეკონომიკის სამინისტროს პასუხს ველოდებით. ანტიდემპინგური თავისი სახელიდან გამომდინარე გულისხმობს იმას, რომ დემპინგური ფასებით პროდუქციის შემოტანისგან თავი უნდა დავიზღვიოთ. უნდა დაისვას ეს საკითხი, კონკურენციის სააგენტო არსებობს და მათ უნდა შეიწავლონ ეს მიმართულება. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოში შემოდის პროდუქცია დემპინგურ ფასებში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. რაც შეეხება მეორეს, ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ კანონს, აქ არის ასეთი მომენტი, თუკი ბაზარზე ადგილობრივი მეწარმე შეისწავლის თავის შესაძლებლობას და დაამტკიცებს იმას, რომ საკმარისია ადგილობრივი პროდუქცია იმისთვის, რომ ბაზარს არაფერი არ დააკლდეს და დაცული იყოს ხარისხითაც, რაოდენობითაც, ისინი აყენებენ საკითხს, რომ გარკვეულად შეიზღუდოს იმპორტული საქონლის შემოტანა საქართველოში. ამას გარკვეული პროცედურები დასჭრდება, ისე არ არის, რომ დღეს დაწერა ვიღაცამ განცხადება და ხვალ უკვე შეიზღუდება იმპორტი, 2-3 წლის განმავლობაში ამას აკვირდებიან, ამასაც კონკურენციის სააგენტო შეისწავლის, და თუ ეს ტენდენცია არსებობს ამის შემდეგ ხდება დაცვითი ღონისძიებების გატარება.
- რომელ ქართულ პროდუქციას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დააკმაყოფილოს ბაზარზე არსებული მოთხოვნა?
- ძალიან ბევრს, კვების პროდუქტებს ყველაფერს აქვს ამის პოტენციალი. კვერცხთან დაკავშირებითაც, ქათამთან დაკავშირებითაც არის ეს პოტენციალი. ნებისმიერი დარგი, ბოსტნეული ავიღოთ მაგალითად, მაგრამ აი, ხორბალი ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს თავის თავს. თუკი დაბრუნდება საკონსერვო მრეწველობა, თუ იქნა ამის პოტენციალი, რომ დააკმაყოფილოს, ამაზეც შესაძლებელია გავრცელდეს. მანქანათმშენებლობაც შეიძლება იყოს, მსუბუქი მრეწველობის მიმართულებითაც, თუ ეს დარგები განვითარდა, რა თქმა უნდა.
- აღნიშნული ცვლილება ერთი მხრივ, იცავს ადგილობრივ ბაზარს, მაგრამ, მეორე მხრივ ზღუდავს იმპორტიორებს. საქართველოს ევროკავშირთან აქვს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც ქვეყანას გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის კონკურენციული პოლიტიკის მიმართლებითაც. ხომ არ ეწინააღმდეგება თქვენი ინიციატივა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარკვეულ მიმართულებებს?
- ჩვენ არ ვართ ბაზრის ჩაკეტვის მომხრე. ეს ყველაფერი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულლებიდან ამოვარდნილები ვიყოთ. თავის დროზე „მრეწველები“ ვეწინააღმდეგებოდით მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მაგრამ ვინაიდან გავწევრიანდით, უნდა დავიცვათ თამაშის წესები.
ასევე იქნება ეს. ცოტა ეჭვი მეპარებოდა, ჩვენ მზად ვყოფილიყავით ასოცირების ხელშეკრულებისთვის, მაგრამ კი ბატონო, გავაფორმეთ, დავუჭირეთ მხარი, კოალიციამ მიიღო ამასთან დაკავშრებით გადაწყვეტილება. ახლა ერთად უნდა ვეცადოთ ამ ყველაფრის დაძლევას. ყველა ის ვალდებულება, რაც აღებული გვაქვს უნდა შევასრულოთ, ყველა ის დაცვითი ღონისძიება, რომელიც ჩვენ ხელშეკრულების გაფორმებამდე ვერ გავითვალისწინეთ, გვაძლევს ხელშეკრულება იმის საშუალებას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადავხედოთ.
მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულებაში 28 დასახელების პროდუქტია, რომელზედაც გარკვეული შეზღუდვა არის, რასაც შესვლის ფასი ჰქვია. თუ კონკრეტული პროდუქციის შეატანა გინდა, ის არ უნდა იყოს გარკვეულ ფასზე ნაკლები ღირებულების. ასეთი დაცვითი ღონისძიებები ჩვენთან არ არსებობს. სამწუხაროდ, მათ ხელშეკრულების გაფორმებისას დააფიქსირეს, ჩვენებმა კი არ დააფიქსირეს.
- როგორ ფიქრობთ, ამ ორი კანონის მიღება საგაზაფხულო სესიაზე მოესწრება?
- ზუსტად ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება მოესწროს. მთავრობიდან ველოდებით პასუხს. ამას დათვლა სჭირდება, რადგანაც აისახება ბიუჯეტზე. იდეოლოგიაზე შეთანხმებული ვართ, მაგრამ ტექნიკური დეტალები დასაზუსტებელია.
- ეკონომიკურ ზრდაზე მინდა გკითხოთ. არის პროგნოზი, რომ საქართველო დაგეგმილ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვერ მიაღწევს, თუმცა, ხელისუფლება არ ჩქარობს ეკონომიკური ზრდის კორექტირებას, რაც შემდეგ, თავისთავად, ბიუჯეტში კორექტირებას გამოიწვევდა. რატომ?
- პირველი კვარტლის მონაცემებით, 4%-მდეა ზრდაა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ასეა. ანუ ის საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი, ჯერჯერობით არ მართლდება. აქედან გამომდინარე ავდგეთ და შევცვალოთ და შემდეგ მეორე კვარტალმა აჩვენოს დადებითი მაჩვენებლები, არასწორია. მოვისმენთ, რა და როგორ არის და მივიღებთ გადაწყვეტილებას, შეიძლება კიდევ დაველოდოთ ერთი კვარტალი.
- რეინვესტირებაზე მოგების გადასახადის გაუქმებაზე გქონდათ თქვენ ინიციატივა. ამასთან დაკავშირებით რა ხდება?
- მთავრობაშია გადაგზავნილი და ველოდებით მთავრობის პასუხს. მთავრობას აქვს წინადადება, რომ მოგებიდან გათავისუფლება საერთოდ მოხდეს და დივიდენდის დაბეგვრა მოხდეს. ეს იდეოლოგიურად ერთი და იგივე რაღაცაა. როცა ვსაუბრობთ, რომ რეინვესტიციის შემთხვევაში შეიძლება გათავისუფლებული იყოს მოგების გადასახადისგან, ეს თავისთავად მიანიშნებს, რომ თუ დივიდენდად არ გაეცი თანხა ე.ი. ის რეინვესტირებულია. აქედან გამომდინარე რეინვესტრებაში ითვლება ყველა ის თანხა, რომელიც დივიდენდად არ არის გაცემული. ანალოგიურ წინადადებას გვთავაზობს ფინანსთა სამინისტრო, რომ მოდი, საერთოდ გავათავისუფლოთ მოგების გადასახადისგან და რაც დივიდენდად გაიცემა, ის დავბეგროთ.
- რამდენ პროცენტიან დაბეგრვაზეა საუბარი?
- სწორედ ამაზეა მსჯელობა. ცოტა მომატება უნდათ. ჯერ დათვლა მიმდინარეობს ამის, რომ ისე არ მოხდეს, რომ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს ბიზნესი. ჯერ პარლამენტში არ არის შემოსული ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა. ველოდები, თუ უკეთესი კანონი იქნება, ჩემს ინიციატივას გავაჩერებ.
- ლუდზე აქციზის ზრდასაც მინდა შევეხო და ამ მიმართულებით დამდგარ შედეგს. მეწარმეები „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ ისინი უფრო მეტად არა აქციზის ზრდამ, არამედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელების დალევის აკრძალვამ დააზარალათ. ხომ არ იგეგმება ამ მიმართულებით კანონის გადახედვა?
- ამის თაობაზე მეწარმეებმა ჩვენც მოგვმართეს. თავის დროზე, როცა აქციზის ზრდაზე იყო საუბარი, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არ გვიაქტიურია გარკვეული მიზეზების გამო, რომ ვინმემ არ დაგვწამოს, რომ თოფაძეს ბიზნესი ჰქონდა და ამიტომ აქტიურობენ. თუმცა, ჩვენ ჩვენი მოსაზრებები მიმაწოდეთ და 100%-იანი ზრდა აქციზის არ იქნებოდა სწორი. ამიტომ მოხდა მისი 50%-იანი ზრდა. 50%-იანი ზრდა ასატანი და ნორმალურია. აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ლუდის აკრძალვა პარკებში, საზოგადობერივი თავშეყრის ადგილებში არასწორია. ვმუშაობთ ამ თემაზე, სამწუხაროდ, მოვიდა უკვე სეზონი. აქამდე აკრძალული იყო სპირტიანი სასმელები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ახლა ეს სპირტიანი სასმელები შეცვალეს ალკოჰოლური სასმელებით, სპირტიან სასმელებში არც ღვინო შედის და არც ლუდი. თუმცა, ბევრ ქვეყანაში, ატრაქციონების პარკში არის ადგილები, სადაც სვამენ ღვინოს. ჩვენ ვაყენებთ კითხვას: რომელ ქვეყანაში გადის ლუდი ალკოჰოლურ სასმელში? ზოგგან გადის, ზოგგან არა. ჩვენთანაც, ლუდი არ გადიოდა ალკოჰოლიან სასმელში. ჩვენ ახლა ვსწავლობთ მსოფლიო გამოცდილებას და გვინდა, რომ ამ მიმართულებით კორექტირება მოხდეს. ნამდვილად ვეთანხმები, რომ ლუდის მოხმარება პარკებში კატასტროფას არ იწვევდა.
- სამშენებლო კოდექსთან დაკავშრებით მინდა გკითხოთ. გაჭიანურდა მისი განხილვა, დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა...
- ნამდვილად გაჭიანურდა მასზე მუშაობა. უკვე ველოდებით პარლამენტში შემოსვლას. იყო განხილვები, ჩვენი მოთხოვნით ჩართულები იყვნენ ქართველი არქიტექტორები და მშენებლები. როგორც გვეუბნებიან, შეთანხმება მიღწეულია მათთან. საბოლოო ვერსია რომ მოვა, ალბათ გაჩნდება რაიმე კითხვები.
- რამდენიმე კვირის წინ ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თქვენ მოუსმინეთ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს. მაშინ საუბარი იყო სამთავრობო გეგმაზე, რომელიც ხელისუფლებას უნდა განეხორციელებინა მდგომარეობიდან გამოსასვლელად. მათ შორის საუბარი იყო პრივატიზაციაზე. თქვენ როგორ აფასებთ, შედგიანობის თვალსაზრისით, მთავრობის პოლიტიკას ამ მიმართულებით?
- მთავრობის პოლიტიკას ამ მიმართულებით დადებითად შევაფასებ, რადგანაც გეგმა, რაც მათ ჰქონდათ, ინვესტიციები მოზიდვის მიმართულებით. თბოლოელექტროსადგური, რომელიც აშენდა, უნდა გაიყიდოს - 300 მილიონამდე იქნება შემოსავალი. თუ ეს მოუწია მეორე-მესამე კვარტალში ძალიან კარგი იქნება. მესამე ყველაზე რთული კვარტალია. საინვესტიციო პროექტებიც ხორციელდება, როგორც წვრილი, ასევე მსხვილი გვინდა, რომ მოხდეს.
- თუმცა, ლარი ისევ უფასურდება....
- სწორედ ამას ეხება კომიტეტის მოსმენა, რომ ბოლობოლო გავარკვიოთ რა ხდება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ და თუკი რამე გაჩნდა, შეიძლება, მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს, მას შეუძლია გაათავისუფლოს თანამდებობიდან, გადააყენოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ოღონდ პრეზიდენტობიდან და არა საბჭოს წევრობიდან ეროვნული ბანკის მმართველი. წევრობიდან გარიცხვაზე საუბარი ზედმეტია, ამას იმპიჩმენტი სჭირდება.
- არის ინიციატივა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობა სამართალდამცველებმა შეისწავლონ, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
- არა, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო და არა მგონია, რომ მისი საქმიანობა სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ. შეიძლება კონკრეტული პიროვნების მიმართ რაღაც კითხვები არსებობდეს, ეს სხვა მომენტია. თუკი დადგა საჭიროება და დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, თუ რაიმე დასკვნამდე მივიდა, რომ არსებობს დარღვევა, მას შეუძლია მიმართოს პარლამენტს, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, შეიძლება მიმართოს პროკურატურას და მასალები გადაეცეს პროკურატურას შესასწავლად.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აეეე რამხელა ტექსტია თუმცა მაინც ამ ფორუმზე სათაურის გარდა არაფერს არ კითხულობან...
აბა წავიდა კიდევ ჭრიჭინი რომ
აგი რაცხა არ არის დადებითი შედეგის მომტანი
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=21945&cat_id=5 This post has been edited by Shota525 on 9 May 2015, 13:43