ჩარლზ ჯონსონი: FRENEMIES - რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობები
ჩარლზ ჯონსონი: FRENEMIES - რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობები
10-03-2016
"მსოფლიოს მმართველები არ აღიარებენ თბილისის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას" - რას წერს ამერიკელი მკვლევარი რუსეთ-საქართველოს "ტკბილ-მწარე" ურთიერთობებზე?
საქართველოსა და რუსეთს რთული ორმხრივი ურთიერთობები აქვთ. პოსტსაბჭოთა დროიდან მოყოლებული, თბილისი და მოსკოვი ვერ რიგდებიან ისეთ ძირეულად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ეთნიკური უმცირესობები და ასევე, თუ რა წესებით „ითამაშონ“ საერთაშორისო გავლენის სფეროების რთული „თამაში“. ამჟამად ქვეყნებს შორის ურთიერთობა ინერტულია. დიპლომატები ერთმანეთთან შეზღუდული ფორმით თანამშრომლობენ კომერციულ საკითხებზე, მოსახლეობის მიგრაციაზე და ზოგჯერ, ჟენევის მოლაპარაკებების დროს, საქართველოს მთავარ პრობლემაზე – კონფლიქტურ ზონებზეც ამბობენ ორიოდ სიტყვას. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სარგებლისა და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური სტაბილურობის გაზრდის დიდი პოტენციალიდან გამომდინარე კოოპერაცია ორივე მხარის ინტერესებში შედის, არავინ ფიქრობს, რომ ქვეყნები მალე საუკეთესო მეგობრები გახდებიან. მთავარია, საქართველომ და რუსეთმა ისწავლონ, თუ როგორ გახდნენ ერთმანეთის ე.წ. frenemies.
Google-ის საძიებო სისტემაში სიტყვა frenemy-ს ძიებისას შემდეგ განმარტებას წავიკითხავთ: „ადამიანები, რომლებიც მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებების ან მეტოქეობისა, ერთმანეთთან მაინც მეგობრობენ“. ამ შემთხვევაში, მომგებიანი ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის არ არის აუცილებელი ეფუძნებოდეს მათი უთანხმოებების მოგვარებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა ამჟამად შეიძლება მიუღწევლად გვეჩვენებოდეს, არსებობს საერთო ინტერესები, რომელთა საფუძველზეც ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ პროდუქტიული ურთიერთობა დაამყარონ, თუნდაც ეს ურთიერთობა გულითად მეგობრობას, პარტნიორობასა თუ მოკავშირეობას არ ეფუძნებოდეს.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემების მიზეზი მხოლოდ თბილისისა და მოსკოვის პოლიტიკოსებში არ უნდა ვეძებოთ. ბრიუსელსა და ვაშინგტონიდანაც კი საქართველოს გაორებული ობიექტივით უყურებენ. „Washington Post“-ში გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ სტატიებში საქართველოს შესახებ საუბრობენ სხვადასხვა კონტექსტში, მაგალითად – „რუსეთი საქართველოს „იგებს“ დასავლეთთან“ და პირიქით. ამ სტატიებში არაა ნაგულისხმევი, რომ საქართველოს თავად შეუძლია აარჩიოს საკუთარი კურსი; – ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მმართველები არ აღიარებენ თბილისის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ გაუგებრობას და ხშირად არც კი განიხილება მესამე გზის შესაძლებლობა. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით ფასეული
ხდება არგუმენტი, რომ არ არის აუცილებელი, რუსეთსა და საქართველოს ერთმანეთი მოსწონდეთ, მაგრამ კრიტიკულია მათ შორის თანამშრომლობა რეგიონის სტაბილურობისა და მდგრადობისთვის, და ეს შედის ორივე მხარის ინტერესებში.
/სტატია მომზადდა კავკასიური სახლისათვის, "რეგიონალური დიალოგის" პლატფორმის ფორმატში. ორიგინალური ვერსია იხილეთ ინგლისურ ენაზე. მოკლე ქართული თარგმანი მომზადებულია ყოველკვირეული გამოცემა ,,კვირის პალიტრისთვის”/.
ჩარლზ ჯონსონი არის დამოუკიდებელი მკვლევარი და ანალიტიკოსი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს თბილისში. მის ინტერესებში შედის, რუსეთი, ევრაზია და პოლიტიკური ეკონომიკა. მას გააჩნია მაგისტრის ხარისხი ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის უნივერსიტეტიდან, და ბაკალავრის ხარისხი ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში ბოისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
http://www.kvirispalitra.ge/politic/28796-...zleblobebi.html