საქართველოს ირანელი ვიზიტორები სომხეთმა წაართვა
ირანსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გეგმები ჩაიშალა – გამკაცრებული სავიზო რეგულაციების ფონზე, საქართველოში ირანიდან ტურისტული მიზნით ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა და, შესაბამისად, ავიარეისების აღდგენა დღის წესრიგში არ დადგა.
ვითარება ვერც ირანულმა ახალმა წელმა გამოასწორა, რომელიც 21 მარტს დადგა. ირანელმა ვიზიტორებმა საახალწლო არდადეგების გატარება საქართველოს ნაცვლად სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში გადაწყვიტეს.
საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ათასობით ირანელი ტურისტი, რომელსაც თანხა საქართველოში უნდა დაეხარჯა, სომხეთში გაემგზავრა, სადაც, მისივე ინფორმაციით, მარტის ბოლოს სასტუმროები ირანელი ტურისტებით სავსე იყო.
ვითარების გამოსწორების იმედებს მთვრალაშვილს 17-19 მაისს, თეირანში დაგეგმილი საქართველო-ირანის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომა აძლევს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.
სხდომაზე საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. ყურადღება გამახვილდება ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
მთვრალაშვილი ამბობს, რომ ირანში ქართული პროდუქციის ექსპორტის დაწყება სწორედ მთავრობების დონეზე უნდა გადაწყდეს, რადგან ირანში არსებული ბიუროკრატია ამ ბაზარზე დამოუკიდებლად მოხვედრას გამორიცხავს.
საქართველოდან ირანის მიმართულებით ამ ეტაპზე ექსპორტი არ ხორციელდება. რამდენიმე წლის წინ ქართულ კომპანიებს – მათ შორის ნაბეღლავსა და ყაზბეგს, ირანში შესვლის გეგმები ჰქონდათ, რისთვისაც პარტნიორებიც კი მოიძიეს, თუმცა ირანულ ბაზარზე შესვლა ვერ მოახერხეს. ირანის ბაზარი ასევე დაკეტილია ქართველი გადამზიდავებისთვის.
ირანიდან პროდუქციის იმპორტი კი უპრობლემოდ ხდება. საუბარია ბიტუმზე, სამშენებლო მასალებზე, კაფელზე, ცემენტზე, ქიმიურ ნაწარმზე, ასევე საკვებზე – ჩირზე, ქიშმიშსა და სხვა პროდუქციაზე. ქართული მხარისგან განსხვავებით, ირანელ გადამზიდავებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის არავითარი პრობლემა არ აქვთ.
ირანიდან საქართველოში მსხვილი ინვესტიცია არ განხორციელებულა და აქ ძირითადად წვრილი ინვესტორები არიან წარმოდგენილნი.
ყველაზე მძიმე შედეგი ქართულ–ირანულ ეკონომიკურ ურთიერთობებს სავიზო რეგულაციებმა მოუტანა. რეგულაციების შემოღებამდე, 2012 წელს საქართველოში ირანიდან 90 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, 2013–ში 85 ათასი, 2014–ში კი ეს მაჩვენებელი მკვეთრად, 41 ათასამდე შემცირდა. მთვრალაშვილის თქმით, კიდევ უფრო მკვეთრი დაცემა მოხდა წელს, რაც სტატისტიკაშიც აისახება. რაც შეეხება საავჭრო ბრუნვას, თუ 2013–ში ის 180 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2014–ში 150 მილიონამდე ჩამოვიდა და წელს კიდევ უფრო დაბალი იქნება.
ირანელი ტურისტების „გაქრობაზე“ საუბრობს ბინა–სასტუმროთა ქსელის „გლობუსის“ დამფუძნებელი მაია მაჭარაშვილი, თუმცა ამბობს, რომ წელს ირანელი ტურისტები რუსმა ვიზიტორებმა ჩაანაცვლეს. მისი თქმით, რუსეთიდან ტურისტების მომრავლება თავად რუსული ტურისტული კომპანიების აქტიური მარკეტინგული კამპანიის შედეგია.
მაჭარაშვილი ამბობს, რომ, თუ თვის დასაწყისში ბინების თითქმის ნახევარი ცარიელი ჰქონდა, ამჟამად მათი 95% დაკავებულია და ვიზიტორების უმეტესობა რუსეთიდანაა.
ირანთან უვიზო მიმოსვლა 2013 წელს ცალმხრივად გაუქმდა. თუმცა ვიზის აღება საზღვარზე, გამარტივებული წესით იყო შესაძლებელი. 1 სექტემბრიდან ამოქმედებული რეგულაციების თანახმად კი საქართველოში შემოსვლის მსურველ ირანელებს საკონსულოებისთვის მიმართვა უწევთ.
საქართველოს ვიზის აღების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ამოქმედდა. თუმცა ირანული საბანკო სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე, ამ შეღავათით სარგებლობას იქაური ტურისტების უმეტესობა ვერ ახერხებს.
ამჟამად ირანელი ტურისტები საქართველოში თვითმფრინავით სტამბოლისა და ბაქოს გავლით ჩამოდიან, თუმცა ამ ქალაქების აეროპორტებში მრავალსაათიანი ლოდინი უწევთ.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია ATA Airlines-ი თეირანიდან ბათუმში დაფრინავდა, თეირანიდან თბილისის მიმართულებით ასრულებდა რეისებს „ფლაი ვისტა,“ თუმცა სავიზო რეჟიმის გართულების გამო, გასული წლის ოქტომბრიდან რეისების შესრულება შეწყდა.
საქართველო–ირანის სავაჭრო პალატაში ამბობენ, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრების შედეგად წვრილი ირანელი მეწარმეები ტოვებენ ქართულ ბაზარს, რომ არაფერი ვთქვათ ირანელ ტურისტებზე, რომლებიც ყოველწლიურად საქართველოში 130 მილიონამდე დოლარს ხარჯავდნენ.
სწორედ ტურისტების რაოდენობის ზრდაა ის ფაქტორი, რომელსაც მთავრობა ლარის გამყარების იმედებს უკავშირებს, თუმცა, მთვრალაშვილის თქმით, ირანელი ტურისტების შემთხვევაში ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულია და სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა სავიზო რეგულაციების შერბილებაა, როდესაც ვიზის აღება საზღვარზე იქნება შესაძლებელი, რასაც, ხელისუფლება ირანთან მიმართებით ჯერჯერობით არ აპირებს.
წყარო:
http://commersant.ge ავტორ(ებ)ი : მაია ბუთბაია
წულუკიანი და მთელი ეკონომიკური გუნდი უნდა მაზოხისტებთან შეყარონ და...

ხომ შეიძლება გაამარტივო ისეთ ქვეყნებთან ვისაც აქვს ფული და არა აფრიკის და აზიის უღარიბეს ქვეყნებთან!
მითუმეტეს ირანი და არაბული ქვეყნები თავისებური სპეციიფიკა აქვთ და უფრო ჩაკეტილი ქვეყნებია.
ქადაგიძის ბრალი კი არაა? ეს ყველაფერი არის ზოგიერთი ღლე მინისტრის ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
იუსტიციის სახლებს ხომ დედა მოუდღნა წულუკიანმა და ასევე მთლიანათ ქართულ ეკონომიკასაც ესმის რა სფერო რას ერჩით.
ხოო კიდევ კაზანტიპი არ ჩაატაროთ და არცერთი სხვა ფესტივალი არ წავირწყმინდოთ სულები.