კანონპროექტის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი 6 წლის ვადით აირჩევა
13:00 15-05-2015
კანონპროექტის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი 6 წლის ვადით აირჩევა შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე შს სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
როგორც ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პროესკონფერენციაზე განაცხადა, ცნობილია, რომ შს სამინისტროს გაყოფის პროცედურები დაწყებულია და ეს იყო სამთავრობო გუნდის დაპირება.
"დღეს წარდგენილი იყო შს სამინისტროს მიერ კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ განიხილა და მიიღო. ეს ითვალისწინებს ახალი სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების შექმნას, რომელშიც შევლენ სპეცსამსახურები, როგორიც არის კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური", - განაცხადა გომელაურმა.
რაც შეეხება ამ სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნის წესს, როგორც გომელაურმა განაცხადა, მას პრემიერი წარუდგენს მთავრობას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით დაამტკიცებს. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა 6 წლის ვადით და როგორც გომელაურმა აღნიშნა, ერთი და იგივე პირის ორი ვადით არჩევა არ იქნება შესაძლებელი.
"ეს ადამიანი იქნება აპოლიტიკური და ანგარიშვალდებული იქნება, როგორც მთავრობის ასევე პარლამენტის წინაშე", - განაცხადა გომელაურმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყების გაყოფის შემდეგ შს სამინისტროში ყველა პოლიციური დანაყოფი დარჩება.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...h-aircheva.html