სამი თვის წინ გადავწყვიტე უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მემუშავა. საკუთარი ფული მინდოდა მქონოდა. უნივერსიტეტის მეილზე მოსულ SPAR Georgia-ს გამოცხადებულ ვაკანსიაზე (მოლარე-კონსულტანტი ჭირდებოდათ) CV გავაგზავნე, რამდენიმე დღეში გასაუბრება გავიარე, შემდეგ ერთკვირიანი სტაჟირება და მუშაობა დავიწყე. პირობები იყო ასეთი: უნდა მემუშავა ცვლებში, ერთი დღე დილის 9 სთ-დან 5 -მდე, მეორე დღეს 3-დან 9-მდე, მესამე დღეს 9-დან 9-მდე (ღამის ცვლა). გავაფორმე ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იყო რომ ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 377 ლარს, დაბეგვრის შემდეგ უნდა ამეღო 307 ლარი (რაც რეალურად არასდროს ამიღია).
პირველი ხელფასი (გვერიცხებოდა ყოველი თვის 10 რიცხვში) იყო 109 ლარი - 18 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ თვეში ავიღე 295,61 ლარი. მესამე თვის ხელფასი (ჯამში 208 სამუშაო საათი) ჩამერიცხა დღეს, 15 მაისს, 148.64 ლარი.
ჯანდაბა. 148.64 ნამდვილად არ უდრის 307 ლარს. როდესაც დამაინტერესა ხელფასის დაკლების მიზეზმა, მენეჯერმა ამიხსნა, რომ მაღაზიას აქვს დანაკლისი და ხელფასებიდან დაგვექვითა 40%.
ოკ, დანაკლისი შეიძლება იყოს. მაგრამ აქ საინტერესო, ისაა რომ აღნიშნულ მაღაზიას დანაკლისში უწერია ისეთი პროდუქცია, რომელიც არასდროს მიუღია გასაყიდად. მაგალითად 365 ჩიზქეიქი, რომელიც ჩემი იქ მუშაობის სამი თვის მანძილზე ქსელში არასდროს ყოფილა.
ახლა რაც შეეხება სამუშაო პირობებს.
SPAR Georgia-ს აბაშიძის ფილიალს, სადაც ვმუშაობდი, ფაქტობრივად არ აქვს საწყობი. ახალი და ვადაგასული პროდუქცია ინახება ერთ პატარა საკუჭნაო ოთახში, რომელიც ამავდროულად არის მენეჯერის კაბინეტიც, სეიფის შესანახიც და პერსონალის სასადილოც.
თანამშრომლებს საჭმელად და დასასვენებლად გამოყოფილი გვქონდა ერთი საათი, რომელსაც სრულად ვერ გამოიყენებდი, იმიტომ რომ როგორც ზემოთ დავწერე ერთ პატარა ოთახს მულტიფუნქციური დანიშნულება ჰქონდა.
მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულებაში ნათლად იყო სამუშაო გრაფიკი გაწერილი, ზემოთ აღწერილი სამუშაო გრაფიკი ფაქტობრივად არასოდეს მქონია. ვმუშაობდი დილის 9 დან საღამოს 9 მდე და მეორე დღეს საღამოს 9 დან დილის 9 მდე. დღეში 12 საათს. არ ვწუწუნებდი. მეთქი, პირველი სამსახურია, მოდი ცოტახანს გავუძლებ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პერსონალის ნაკლებობის გამო 24 საათიც მიმუშავია.
ვითავსებდი ოთხ პროფესიას: ერთდროულად ვიყავი მოლარეც, კონსულტანტიც, ხაზის მწარმოებელი (მზა პროდუქტების კონსულტანტი) და ხანდახან დამლაგებელიც. რადგან ეს უკანასკნელი SPAR Georgia-ს იმ ფილიალის კადრში გათვალისწინებული არ ჰყავდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ მაღაზიაში იყო და დღემდე არის მოძველებული სალარო აპარატები, რომლებსაც კარგა ხანია აღარ იყენებენ. ტექნიკა ძალიან ნელა, ხარვეზით მუშაობს და იწვევს რიგებს სალაროსთან, რაც დამატებითი სტრესია მოლარისთვის.
ორი კვირის წინ განცხადება დავწერე და სამსახურიდან წამოვედი. დღეს ხელფასი დამერიცხა. 307 ლარის ნაცვლად 148.64 ლარი. დაახლოებით ხელფასის 52 % დამაკლეს.
რატომ ვწერე ამდენი. ჩემი მწარე გამოცდილება მინდოდა მომეყოლა კომპანიაზე, რომელიც არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელია. სტუდენტები, რომლებიც სამსახურს ეძებენ, კარგი „ლუკმაა“ ასეთი დამსაქმებლებისათვის. ჰოდა გაფრთხილებთ, ემანდ თქვენც არ შემოეყლაპოთ. თქვენ რა, თქვენი ხელფასი
https://www.facebook.com/shushaniki.ch/posts/825672524166595რამდენი ახალგაზრდა ჰყავთ ეგრე მონებივით, ხელფასის დაკლება, მუშაობის საშინელი პირობები, თან ყველაზე ცუდი ის არის რომ ამას სერიოზული კომპანიები აკეთებენ, ბანკები, სუპერმარკეტები, დიდი მაღაზიები და ასე შემდეგ..
ევროპა გვინდა და ევროპულად ცხოვრება არა, მანდ დასაქმებულის უფლებები ყველაზე მაღლა დგას.
ეს ქართული კომპანიები სარგებლობენ იმით რომ ბევრი დაუსაქმებელია და გასდით, დროა სახელმწიფომ მეტად აკონტროლოს ეს ყველაფერი.
ასევე რამდენი აფერისტი კომპანიაა, ვითომ ასაქმებენ და იქით ართმევენ ფულს სტაჟირებისთვისო, რამდენი ახალგაზრდა ეგებე ასეთ ხაფანგს!