მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა აღიარეს, რომ საქართველოს რეგიონებში უძრაობის ხანა დგას.
დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლებას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების მკაფიო და ჩამოყალიბებული ხედვები არ გააჩნია. სისტემური ცვლილების არარსებობის პირობებში კი, რაც უნდა ცივი ტონი გაურიოს პრემიერმა საკუთარ განცხადებებში და მთავრობისგან მკაცრად მოითხოვოს გამოყოფილი თანხების ათვისება, ვითარება ვერ გამოსწორდება.
ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 160 მილიონი ლარი, როდესაც საკასო შესრულება შეადგენს 19 მილიონ ლარს, რაც, მინისტრის შეფასებითვე, სერიოზული ჩამორჩენაა.
ფინანსთა მინისტრი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, გუბერნატორებსა და იმ სამინისტროებს, რომლებმაც რეგიონული ფონდიდან მიიღეს თანხები, მოუწოდებს, დააჩქარონ ბიუჯეტის თანხების ათვისება.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს დაავალა დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა იმ რაიონების შესახებ, რომლებიც თანხებს ვერ ითვისებენ, და მისგან შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა.
“ნუღარ გამოუყოფთ თანხებს ისეთ რაიონებს, რომელიც მის ათვისებას ვერ ახერხებს,” - მკაცრი ტონით განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მიერ ნახსენები ტერმინი “სერიოზული ჩამორჩენა“ ყველაზე რბილი შეფასებაა სიტუაციისთვის, როდესაც გამოყოფილი თანხების თითქმის 90% აუთვისებელია, ამ შემთხვევისთვის ყველაზე ადეკვატური შეფასება „უძრაობაა.“
რეგიონებსა და დედაქალაქში რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაჩერებულია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე პრემიერი და მინისტრები საუბრობენ.
მარტის დასაწყისში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტენდერების მიმართულებით გარკვეული ხარვეზებია და ეს უნდა გამოსწორდეს. მან ხაზი გაუსვა, რომ უნდა გაირკვეს ტენდერების შეწყვეტის მიზეზები და ყურადღება გამახვილდეს სატენდერო კომისიების მუშაობაზე. პრემიერმა ზედამხედველობის გამკაცრების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
ამ განცხადებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ პრობლემა ისევ მოუგვარებელია და ღარიბაშვილს ამ თემაზე მთავრობის წევრებისთვის მორიგი შენიშვნის მიცემა უწევს.
რეგიონებში არსებულ პრობლემას ისიც ართულებს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან რეგიონების თვითმმართველობების კოორდინაცია დარღვეულია.
ეს პრობლემა „კომერსანტთან“ საუბარში რამდენიმე რეგიონის გამგებელმა პრივატულად აღიარა.
„კომერსანტი“ ამ და სხვა თემებზე განმარტებების მიღებას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი ამაშუკელთან შეეცადა, თუმცა ის შეკითხვებზე პასუხისთვის მზად არ აღმოჩნდა და ინტერვიუზე უარი გვითხრა.
პრობლემის სერიოზულობის მაჩვენებელია ის გარემოებაც, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებული ხმაურიანი საკადრო ცვლილებები სწორედ ტენდერების პრობლემას უკავშირდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ამ პოსტზე დანიშვნის პირველივე დღეს განაცხადა, რომ წინა პერიოდში, მინისტრის მოადგილედ მუშაობისას, ტენდერებთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდა და რამდენიმე ტენდერი ჩაშალა კიდეც.
ამ თემაზე „კომერსანტი“ უკვე მესამე წელია წერს და სფეროში არსებული ვითარების სისტემური ცვლილებების აუცილებლობის შესახებ საუბრობს.
სისტემურ ცვლილებებს ეს სფერო ორი მიმართულებით მოითხოვს – შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის დახვეწისა და კადრების გადამზადების, ან პროფესიონალი კადრების აყვანის მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა წლებია არსებობს და „კომერსანტი“ მას 2012 წლის ოქტომბიდან მოყოლებული აშუქებს, ფაქტია, რომ პროცესი ადგილიდან არ დაძრულა და მასზე საუბარი პრემიერსა და მინისტრებს თვიდან თვემდე უშედეგოდ უწევთ.
ტენდერების პრობლემის კატასტროფულ შედეგებზე ღიად ისაუბრა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა არაბულმა.
მან მოიყვანა მაგალითები, როდესაც რეგიონში მიმდინარე პროექტებში იმაზე მეტი თანხები იხარჯება, ვიდრე რეალურად ღირს. „მთელ რეგიონში კატასტროფული მდგომარეობაა, ტენდერები ტარდება, თითქოს საქმე უნდა გაკეთდეს და რეალურად შედეგი არ არის,“– ასეთია მისი შეფასება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ორი დეპუტატის – ირაკლი ტრიპოლსკისა და დიმიტრი ხუნდაძის აღშფოთება მოჰყვა. მათ მედიაში განცხადებები გაავრცელეს და არაბულის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს.
ამ დეპუტატების რეაქცია მოულოდნელი და გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც ტენდერებთან დაკავშირებულ პრობლემებს თავად პრემიერმინისტრი და ინფრასტრუქტურის მინისტრი არ მალავენ და მათზე ღიად საუბრობენ.
რეგიონებში თანხების აუთვისებლობა, რაზეც ფინანსთა მინისტრმა დღეს ისაუბრა, ადასტურებს, რომ ადგილობრივი ორგანოები ვერ ახორციელებენ ტენდერების მართვას. ხოლო ტენდერების მიმართულებით ვითარების სისტემურად გამოსწორების კონკრეტული გეგმა მთავრობას ამ დრომდე არ გააჩნია.
http://commersant.ge/?m=5&news_id=23063გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები
შემცრებული სამუშაო ადგილები