თავდაცვის სამინისტრომ ნატოს ძირითად ჯგუფს (NATO Core Team) უმასპინძლა.
სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს დელეგაციის წევრებმა სამი დღის განმავლობაში პროდუქტიული კონსულტაციები გამართეს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან, გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთან და პაკეტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან.
უწყების ცნობით, მხარეებმა არსებითი პაკეტით გათვალისწინებული თითოეული პროექტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს, სამომავლო გეგმები განსაზღვრეს და აღნიშნულ პროცესებში მოკავშირეების ჩართულობის საკითხები განიხილეს.
კონსულტაციების დროს თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა პაკეტის განხორციელების პროცესში და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა. ჯგუფი არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს.
ჯგუფის წევრები აქტიურად ითანამშრომლებენ ქართულ მხარესთან და ინფორმაციას მიაწვდიან ნატოს საერთაშორისო სამსახურს.
თავდაცვის მინისტრმა ნატოელი სტუმრების ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს, პირველ რიგში, თავდაცვის სამინისტროს ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით გადავიდეთ განხორციელების ფაზაზე. ჩვენი მოთხოვნა იყო და, ბუნებრივია, არანაირი წინააღმდეგობა ჩვენი პარტნიორებისგან არ ყოფილა, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიდეს ეს ჯგუფი, დაფუძნდეს საქართველოში და მოქმედების ყოველდღიურ რეჟიმში გადავიდეთ. სავარაუდოდ, ზაფხულის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ პირველად სამუშაოებს და უკვე შემოდგომიდან, ჩვენი მოსახლეობაც, ყველა დაინტერესებული ადამიანი ნახავს დასაწყისს იმ მოძრაობის, რაც ნატოს უელსის სამიტზე მივიღეთ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ნატოს ძირითადი ჯგუფის ვიზიტი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ შეაფასეს.
პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა ნატოს დელეგაციის ვიზიტს წარმატებული უწოდა. მან აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ნატოელ პარტნიორებს არსებითი პაკეტის კონკრეტული პროექტების ხელმძღვანელები წარუდგინა და მათთან ადმინისტრაციული და ლოგისტიკური დეტალები განიხილა.
უილიამ ლაჰიუმ საქართველოსა და ნატოს შორის არსებითი პაკეტის განხორციელების ფარგლებში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოს მხარდაჭერა.
„ნატომ და საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით. ამ კვირაში საქართველოს ნატოს ძირითადი ჯგუფის მრჩევლები პირველად სტუმრობდნენ. ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებითი პაკეტის განხორციელებაზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ, რაც ხელს შეუწყობს შესაძლებლობების გაზრდას და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობას. ეს ვიზიტი იყო ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, განვიხილეთ მუდმივმოქმედი პერსონალის ჩამოსვლის პრაქტიკული საკითხები და არსებითი პაკეტის განხორციელების კონკრეტულ ნაბიჯებზე ვიმსჯელეთ“,- განაცხადა ლაჰიუმ.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) წარმომადგენლებთან, ასევე, შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებს.
http://www.info9.ge/politika/120291-thavda...html?lang=ka-GEაკი ხელისუფლებაში მკვეთრად რუსეთუმეები არიანო?