საქართველო ქართველებისგან იცლება
"თუ შემაფერხებელი საშუალებები ვერ გამოვნახეთ, ეს ერისა და კულტურის გაქრობას გამოიწვევს"
თაია არდოტელი
(23.05.2015)
"გამოკითხული სტუდენტების 67% საზღვარგარეთ წასვლას აპირებს. ეს კი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გააუარესებს, შეამცირებს დემოგრაფიულ პოტენციალს", - რეზონანსთან დემოგრაფი ანზორ თოთაძე ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებასა და ქვეყნის დატოვების მოსურნე ახალგაზრდების რაოდენობასთან დაკავშირებით საუბრობს.
მისივე თქმით, თბილისის 3 უნივერსიტეტში 2014 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეა რაც ცნობილი გახდა, არასახარბიელო მონაცემები აჩვენა.
"თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 300-ზე მეტი სტუდენტი გამოვკითხეთ, როგორც გოგონები, ასევე ბიჭები.
"გამოკითხულთა 67%-მა განაცხადა, რომ მათ ქვეყნის დატოვება და საზღვარგარეთ წასვლა სურთ. ეს კი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გააუარესებს და დემოგრაფიულ პოტენციალს შეამცირებს.
"მათგან ნახევარი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას გეგმავს, 11% დროებით სამუშაოდ, ხოლო 5% მუდმივად საცხოვრებლად წასვლას აპირებს. გამოკითხულთაგან მხოლოდ 7 სტუდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვება არ სურს.
"როგორც გამოჩნდა, შრომითი მიგრანტების ნახევარი ახალგაზრდობაა, რაც დემოგრაფიულ დანაკარგებს ზრდის. რადგან თუნდაც სასწავლებლად ამდენი ახალგაზრდის წასვლის შემთხვევაში ისმის კითხვა, დაბრუნდებიან კი უკან? ზოგი გათხოვდება, ცოლს მოიყვანს და უკან დაბრუნების ალბათობა ძალიან მცირეა.
"ამრიგად, თუ ჩვენ თავისუფალ მიმოსვლას მივიღებთ, რაზეც დღეს აქტიური საუბარია, ერთი მხრივ, კარგია, თუმცა მეორე მხრივ, უფრო ცუდია, რადგან ძალიან ცუდ როლს ითამაშებს მოქალაქეთა საქართველოში დამაგრების თვალსაზრისით. ეს კი საბოლოოდ დაღუპავს საქართველოს", - აცხადებს თოთაძე ჩვენთან საუბრისას.
ახალგაზრდებში ქვეყნის დატოვების დიდ სურვილს ფსიქოლოგი მარინე კაჭარავა ერთი მხრივ, წარმატების მიღწევის სურვილს, მეორე მხრივ კი, ღირებულებების ნაკლებობასაც უკავშირებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია საზღვარგარეთ დიდი დოზით არსებული თავისუფლება, რაც ასევე იზიდავს ახალგაზრდებს.
"ჩემი აზრით, წარმატება და წარმატებაზე ორიენტირებული აზროვნებაა მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდების დიდ ნაწილს ქეყნიდან წასვლა სურს. წარმატება დღეს დასავლეთთან, ამერიკასთან, ქვეყნიდან წასვლასთან ასოცირდება.
"სამწუხარო ტენდენციაა, უკან დაბრუნება ნაკლებად ხდება. იქიდან ჩამოსული აღარავინ მინახავს, წასული ბევრი. თუ ადამიანი იქ რეალურად რამე კარგს მიაღწევს, აქ ვეღარ ბრუნდება, რადგან ადეკვატურ, მასთან შესაბამისს ვერაფერს შესთავაზებენ. მაგალითად, თუ საზღვარგარეთ ძალიან მაგარი აღმოჩნდება ფიზიკაში, ქიმიაში, ტექნოლოგიებში, ისეთი ანაზღაურება ექნება იქ, რასაც აქ ვერ შესთავაზებენ.
"ამიტომ ამ თვალსაზრისით, ქვეყანაში არსებულ ვითარებას ძალიან ოპტიმისტურად ვერ ვუყურებ. ეს ყველაფერი მაინც აღზრდის და სკოლის პრობლემა მგონია. ვფიქრობ, პრიორიტეტები გვაქვს აღრეული. სამწუხაროდ, ახალგაზრდებს პატრიოტულად, სამშობლოს სიყვარულით ვერ ვზრდით, რასაც ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ. თერგდალეულებიც გაპარტახებული ქვეყნიდან წავიდნენ, მაგრამ მათ როგორც ჩანს, მეტი ღირებულებები, ეროვნულობა, მეტი სამშობლოს განცდა ჰქონდათ, რაც ახლა ან ნაკლებად ან საერთოდ არ არის.
"გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ დიდი დოზით არსებული თავისუფლება იზიდავს. იქ დასავლური ღირებულებების ინექცია ხდება, რაც ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდი.
"მშობლებიც ორიენტირებულები არიან, ოღონდ სადმე წავიდეს მათი შვილი. მეტი თავისუფლება, მეტი თავაშვებულობა, მეტი გარყვნილება, იმდენად დიდი დოზით არის იქ, რომ მერე ეჩვევი იგივე კოკაინს თუ ა.შ. ამიტომ განსაკუთრებით საფრთხილოა ბავშვების წასვლა, 22 წლამდე მაინც", - აცხადებს მარინე კაჭარავა.
ჩვენთან საუბრისას დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ ზოგადად, ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარედან მიგრაცია გაზრდილია, რაც თუ ასე გაგრძელდა, ერისა და კულუტურის სიკვდილს გამოიწვევს. მისი თქმით, ბევრი სოფელი დაცლილი, გაუკაცრიელებულია, და ფაქტობრივად ქართული მიწა-წყალი ქართველებისგან დაცლის ზღვარზეა.
როგორც თოთაძე აღნიშნავს, ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარებისა და შობადობის გაზრდისათვის გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის. საჭიროა საქართველოს დემოგრაფული განვითარების პროგრამის შედგენა, რათა ვიცოდეთ, რისი გაკეთება იქნება საჭირო, 5 წელში, 10 წელში, და ა.შ.
"მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებმა მეტად მძიმე შედეგი მოგვცა. მთლიანად, მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. რაც მთავარია, 2002 წლიდან 2014 წლამდე საქართველოდან უცხოეთში საცხოვრებლად კიდევ 740 000 კაცი გავიდა, ეს ძალიან დიდი ციფრია. გასულები კი ძირითადად ქართული მოსახლეობაა.
"უკანასკნელ პერიოდში საქართველოში გარედან მიგრაცია მწვავე და ინტენსიური გახდა. თუ პროცესები დინებაზე მივუშვით და შემაფერხებელი საშუალებები ვერ გამოვნახეთ, ეს ტიტულოვანი ერისა და კულტურის გაქრობას გამოიწვევს. იგივეს გამოიწვევს ინტენსიური ემიგრაციული პროცესიც, რომლის დროსაც მოსახლეობის ქეყნიდან გარეთ მიგრაცია ხორციელდება.
"ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესებს ემიგრაციულ და იმიგრაციულ სიკვდილს დავარქმევდი. ქართველები მიდიან და სხვა ერები შემოდიან, ჩვენი მიწა-წყალი კი ფაქტობრივად, ქართველებისგან ცარიელდება.
"იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ მთელი რიგი ისტორიული კუთხეებისა გაუკაცრიელებულია. თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, მთლიანად გაუკაცრიელებულია. მე-19 საუკუნის ბოლოს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 100 000 ადამიანზე მეტი, 2002 წელს 52 ათასი, 2014 წელს კი უკვე 32 ათასი კაცი ცხოვრობს. 10-12 წელი რომ გავა, ფაქტობრივად მცხოვრებლები აღარ იქნებიან.
"თუ ასე გაგრძელდა, იქ 2-3 ათასი ადამიანიღა დარჩება, რაც ამ ტერიტორიების გაუკაცრიელებას გამოიწვევს. იმერეთში, რომელიც ყველაზე ხალხმრავალი რეგიონი იყო, 2002 წელს 700 000 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი 516 ათასი ცხოვრობს, საშინელი მდგომარეობაა გურიაში, მოსახლეობა სამერელოს, მცხეთა-მთიანეთის რაიონშიც შემცირდა", - აღნიშნა დემოგრაფმა.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=24876ყველაზე მეტად ჩემს ემიგრანტობას განვიცდი,მაგრამ რომ დავბრუნდე რა გავაკეთო მანდ?