რიგის სამიტის არცთუ ისე სახარბიელო შედეგებზე საქართველოში მოღვაწე ავსტრიელ ანალიტიკოსს, კავკასიის რეგიონის სამხედრო უსაფრთხოების ექსპერტ იუჯინ კოგანს ვესაუბრეთ:
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამებოდა საქართველოს მოლოდინი იმ შედეგებს, რაც რიგის სამიტზე მივიღეთ?
- უკანასკნელი ორი თვის მანძილზე აშკარა გახდა, რომ საქართველოს რიგის სამიტზე იმედგაცრუება ელოდა - როგორც პოლიტიკურმა ელიტამ, ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ გაიაზრა, რომ უვიზო რეჟიმს, რასაც ასე იმედიანად ელოდნენ წლის დამდეგს, რიგის სამიტზე არ მოგვცემდნენ. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ გაჩნდა მინიშნება, არა - დაპირება, რომ რიგის სამიტისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება შესაძლებელი იყო. მეტიც, მახსოვს ქართული მხარე იმასაც თვლიდა, რომ მათზე ადრე უვიზო რეჟიმის მოლდავეთისთვის მიცემა უსამართლობა იყო. ახლა მაშინდელი წყენა უკვე სკეპტიციზმში გადაიზარდა, რადგან ყველაფერი გადაიდო შემდეგ სამიტამდე, იმ იმედით, რომ იმ დროისთვის ევროკავშირისთვის უფრო ხელსაყრელი ვითარება შეიქმნებოდა ასეთი თამამი ნაბიჯის გასაკეთებლად. რა თქმა უნდა, ეს ქართულ ისტებლიშმენტს პირში მწარე გემოს უტოვებს. ძნელია, მოსახლეობას განუცხადო, რომ მიუხედავად დიდი შრომისა და რეფორმებისა, ევროკავშირისგან ხელშესახები ვერაფერი მივიღეთო. მეორე მხრივ, ბრიუსელში, და საზოგადოდ, ევროპაში, არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ უკრაინამ და საქართველომ სხვებთან შედარებით მეტხანს უნდა იცადონ.
- რატომ?
- ევროკავშირს სურს, ნახოს, როგორ დამთავრდება ამ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტები. მეტიც, ევროკავშირს არ სურს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც უკრაინაში ვითარებას გაამწვავებდა - არსებული ვითარებით ისინი ბედნიერი ნამდვილად არ არიან, მაგრამ უარესისაც ეშინიათ.
- გამოდის, საქართველოს ევროპული მისწრაფებები, უვიზო რეჟიმის ჩათვლით, არაფერია, თუ არა ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო მონეტა?
- ნამდვილად ასეა. უვიზო რეჟიმის დაგვიანების მთავარი მიზეზი თბილისში არ უნდა ეძებოთ. უბრალოდ, ევროკავშირის პოზიციაა, არ მისცეს რუსეთს არავითარი მიზეზი, არავითარი საფუძველი საქართველოსა და უკრაინაში თავისი აგრესიის გამართლებისა.
- თუ ასეა, რატომ წავიდა ამ რისკზე ევროკავშირი მოლდავეთის შემთხვევაში? დნესტრისპირეთი ნაკლებად მწვავე პრობლემაა?
- დნესტრისპირეთი კვლავ უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ იმ დროს, როდესაც მოლდავეთისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება გადაწყვიტეს, ვითარება ასეთი მძიმე არ იყო. ამას გარდა, მოლდავეთს ძალზე აქტიურ ლობირებას უწევდა უკვე ევროკავშირის წევრი რუმინეთის მთავრობა. საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს. მეტიც, პოლონეთი ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინას დაეხმაროს, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. არ უნდა დაგვავიწყდეს ევროკავშირის სტრუქტურის ფაქტორიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელში უჭირთ ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღწევა. მით უმეტეს, თუ ისეთ მგრძნობიარე საკითხს ეხება საქმე, როგორიცაა უკრაინის კონფლიქტი. შესაბამისად, ევროკავშირს არ სურს გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ისედაც მყიფე არსებულ ბალანსს საფრთხეს შეუქმნის - საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება კი შეიძლება სწორედ ასეთი ნაბიჯი გამოდგეს.
- ამ შემთხვევაში, ისმის კითხვა: რამდენად იყო რიგის სამიტის შედეგი, თუნდაც მიღებული დეკლარაციის შინაარსი, დამოკიდებული საქართველოზე, ან იმაზე, თუ როგორ შეასრულა საქართველომ მორიგი "საშინაო დავალება"?
- საქართველო და ევროკავშირი ერთგვარ პოლიტიკურ ტანგოს ცეკვავენ, ტანგოს კი ორი მოცეკვავე სჭირდება. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად ცეკვავ, თუ შენს
მეწყვილეს იგივე ენთუზიაზმი არა აქვს, არაფერი გამოვა. ანალოგიური სცენარით ვითარდება მოვლენები ნატოს შემთხვევაშიც - ეს ძალზე გრძელვადიანი წამოწყებაა. მოხდება თუ არა მისი რეალიზება, მეტ-ნაკლებად ხელშესახებ მომავალში, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
http://www.kvirispalitra.ge/politic/25254-...on-thvaliq.html კვირის პალიტრა
უშუქობისას განათლებული, რაღაცნაირი მასტის როჟა...
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
https://youtu.be/_DjE4gbIVZk
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
მოიფიქრე, თქვი, გააკეთე!