ეკა ბესელიასთვის გაუგებარია, რატომ ამბობს უარს გიორგი მარგველაშვილი ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე
12:09 29-05-2015
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთვის გაუგებარია, რატომ ამბობს უარს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ რეზიდენციაში გადასვლით საკმაოდ დიდი რესურსის დაზოგვა მოხდება.
,,26 მილიონი დაიხარჯა ათონელზე მდებარე რეზიდენციისთვის და თუკი პრეზიდენტი გადავა ამ ახალ რეზიდენციაში, ბუნებრივია, დაიზოგება რამდენიმე მილიონი. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მეტი რესურსი დაიზოგოს სოციალური მხარდაჭერისთვის და ესეც იქნება ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ჩემთვის პირადად აღქმა იმ რეზიდენციისა, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა საკუთარი კომფორტისთვის მოიწყო, საკუთარი სურვილის მიხედვით, დადებითი არ იქნება. არამგონია, ჩემი ქვეყნის სოციალური ფონი იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტმა არ იფიქროს. ფაქტია, ამით საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი და დანაზოგი გამოიძებნება ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საქმისთვის", - განაცხადა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან არავითარი ზომები არ იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ პრეზიდენტის გადასვლა ათონელის რეზიდენციაში სამართლებრივად მოხდეს.
,,პრემიერ-მინისტრი არ გამოიყენებს არავითარ ისეთ ზომას, რომ ეს შეთავაზება პრეზიდენტისთვის, გადავიდეს ახალ ოფისში, გადაწყეტილი იყოს სამართლებრივი გზებით. ინსტიტუტებისადმი პატივისცემა ეს სახელმწიფო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია. მე არ მესმის პირადად უარის თქმის მიზეზი პრეზიდენტის მხრიდან. მაშინ როდესაც ცნობილი იყო, რომ ათონელის რეზიდენცია კეთდებოდა პრეზიდენტისთვის და თავადაც ჩართული იყო ამ პროცესში. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან უარის თქმა იმის დემონსტრირებაა, რომ ამით ხდება ინსტიტუტების პატივისცემა, მაგრამ ეს არ გამოიხატება იმით, რომ ავლაბრის რეზიდენციაში იქნება პრეზიდენტი თუ ათონელის რეზიდენციაში. ინსტიტუტების პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რა ჭირდება ქვეყანას და მოსახლეობას. შენობა არ განსაზღვრავს ამ პატივისცემის ხარისხს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ყველა ის პოზიცია, რომელიც აქამდე დააფიქსირეს, უცვლელია.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...gadasvlaze.html