#59781572 · 4 Nov 2022, 06:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსისა და რუსეთის საპარლამენტო კრების დელეგაციის ჩასვლა იმ უსუსური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ძალიან უხეშად იქნა ხელყოფილი საქართველოს ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, როდესაც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის შემდეგ ახლა უკვე რუსეთის და ბელარუსის ერთობლივი დელეგაცია ჩავიდა აფხაზეთში.
„პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს არის შედეგი იმ სრულიად უსუსური პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მხრიდან ლუკაშენკოს ვიზიტს რეალურად არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, არანაირი ნაბიჯები არ მოჰყოლია, რომელიც შეკავების მექანიზმებს აამუშავებდა ბელარუსთან მიმართებაში. გუშინდელი ვიზიტი კი, კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც რუსეთმა ბელარუსთან ერთად წინ გადადგა იმ მიზნით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე დიდი ხანია - რუსეთის და ბელარუსის გეგმა, როგორც ჩანს, არის ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და საბოლოო ჯამში, ერთიან ფორმატში ოკუპირებული ტერიტორიების, როგორც მათ მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებული ტერიტორიების შეერთება. რას უპირისპირებს ამას ქართული ოცნება? ვხედავთ, რომ ვერაფერს და რუსეთი საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს საქართველოსთან მიმართებით სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის პირობებში მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ყოველდღე თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს სწორედ მათ ვინც მსგავს ვითარებაში უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, ბელარუსისა და რუსეთის საპარლამენტო კრების დელეგაცია ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარის არტიომ ტუროვის ხელმძღვანელობით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ამის შესახებ აფხაზური და ბელარუსული მედია იუწყება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი კლიშევიჩი, კომისიის წევრები - დიმიტრი ბასკოვი, ოლგა პეტრაშოვა, ანტონ ტკაჩევი და საპარლამენტო ასამბლეის აღმასრულებელი მდივანი სერგეი სტრელჩენკო. სოხუმში ე.წ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საპარლამენტო კრების წარმომადგენლების შეხვედრა აფხაზეთის „რესპუბლიკის“ დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან.
|