დაახლოებით ერთი წლის წინ ძალიან სკანდალური მასალა გავიდ გაზეთ ქრონიკაში ქუთაისის მეუფე კალისტრატეს შესახებ. ერთერთმა ჩვენმა იუზერმა მომაწოდა დასკანერებული ასლები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას; გავაწყვიტე რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს სტატია.
არ დაიწყონ ეხლა რადიკალებმა ეკლესიას ებრძვიო და მსგავსი შეძახილები; სტატია უკვე ერთი წელია გამოქვეყნებულია და კარგი იქნება თუ აქაც დაიდება.
-----------------------------
ლუბა ხუციშვილი- ამაღლების ეკლესიის აღმდგენელი:
-1884 წლის 24 ოქტომბერი იყო. ნიკოლოზ მეორე ოჯახის წევრებთან ერთად ტყიბულში მიდიოდა იქ აღმოჩენილი მაღაროს სანახავად. გზის ერთ მონაკვეთზე მისი კონკა გადაბრუნდა და ოჯახის ყველა წევრი უვნებელი გადარჩა. "მე ხელახლა დავიბადე და ავმაღლდი, ამიტომ აქ უნდა ავაშენო მაცხოვრის ამაღლების ტაძარიო",- უთქვამს ნიკოლოზ მეორეს და სწორედ იმ წლიდან ჩაეყარა საფუძველი ამაღლების ეკლესიის მშენებლობას. მართლაც აშენდა ეს ეკლესია. დედაჩემი ამ ეკლესიის უფროსი მგალობელი იყო, მამაჩემი კი "სტრასოტა", მე 8 წლიდან ეკლესიაში ვიყავი, იქ გავიზარდე, იმ გარემოში და დღემდე ეკლესიურ გზაზე ვდგავარ. მე დღეს 84 წლის ქალი ვარ, უფლის შეწევნით, ჯერ კიდევ, კარგი მეხსიერება მაქვს და ყველაფერი კარგად ვიცი. როცა ამაღლების ეკლესიას გაუჭირდა და მის აღდგენაზე იყო საუბარი, ეპარქიას თეთრიც არ დაუხარჯავს. ვინ არ შევაწუხეთ, არავინ არაფერი შეისმინა. გული მტკიოდა, რომ დანგრევის პირას იყო ეკლესია. ჩემი ბიძაშვილის შვილი ცხოვრობს მოსკოვში, ლომთაძის ბიჭია, დავრეკე მასთან და ვუთხარი- მომეხმარე, რა იქნება, ეკლესიის აღდგენა მინდა მეთქი!- დაწერე განცხადება, 50 ადამიანს მოაწერინე ხელი და გამოგზავნეო.
-სად უნდა გაგეგზავნათ განცხადება, მოსკოვში?
-ჰო! აბა ეპარქიამ ყური არ გვათხოვა. მაშინ, 1985 წელს, მოსკოვში ჩვენი რწმუნებული იყო ხარშიევი და მის სახელზე უნდა გაგვეგზავნა განცხადება. ჩამოვიარეთ მთელი საფიჩხია და ათასკაციანი ხელმოწერა შევაგროვეთ თუ არა, გავზავნეთ მოსკოვში განცხადება. 10 დღეში მოგვივიდა ხარშიევის დადებითი პასუხი აღდგენაზე. არავისთვის არაფერი გვითხოვია, ხალხმა რომ დაინახა ეკლესიის შველა, შეწირულობები შემოვიდა და ყველა მუხლჩაუხრელად მუშაობდა. გაკეთდა კიდეც ეკლესია 1987 წელს. გავიგეთ, რომ არ უნდოდა კალისტრატეს ეკურთხებინა. ერთხელაც, რომ ამოვიდა ჩვენთან და შევხედე, გულზე შემომეყარა- ძველი ვარდისუბნელი ქურდი შემრჩა ხელში.
-როგორ? ვინ იყო მეუფე კალისტრატე?
- ნუ გიკვირს, ნუ! სოფელი აწიოკებული ჰყავდა, ავარა ბიჭი იყო და სამეზობლო შეწუხებული ჰყავდა. მერე "მხედრიონი" რომ იყო, მატარებლებს ავტომატებით ხვდებოდა, 13-14 წლის იყო, რუსთავის კოლონიაში რომ იჯდა.
- ქალბატონო ლუბა, მეუფეზე საუბრობთ?
- ძალიან გთხოვთ ნუ მაწყვეტინებთ. მე არაფრის მეშინია, დამიყენეთ და პირში ვეტყვი ყველაფერს. რომ მოვიდა ვიცანი ვინც იყო, მაგი ქურდი იყო. ეკლესიაში პირაპირ "კაგებედან" მოვიდა. მე საქართველოს "შინსახკომში" ვმუშაობდი და ყველაფერი ვიცი. პირში წავუდგები და მის "კაიკაცობის" ამბავს ვეტყვი. ყველამ მოისმინოს, არავის მეშინია! კვაშალის ბიჭს დაეტაკა და ის მანქანა დღემდე გაუკეთებელია. პირიქით, იქით შეედავა იმ საცოდავს- მეუფეს როგორ მაკადრე მანქანის გაკეთებაზე დალაპარაკებაო?!
- ამაღლების ეკლესიას დავუბრუნდეთ...
- დიდი დავიდარაბის მერე სხვისი ხელით გაკეთებული ეკლესია, როგორც იქნა აკურთხა ამაღლება დღეს. მანამდე, როცა საეკლესიო ნივთებს ვაგროვებდით, ვახტანგ ასათიანმა მოგვცა ჯვარი, ახლა "ნახალოვკის" ეკლესიის მღვდელია... მაგრამ იქ ჩემი არყოფნის დროს მოსულა მწვანეყვავილას ეკლესიიდან ელგუჯა გიორგაძე, რომელსაც წაუღია 6 000 მანეთი მეუფის მოთხოვნით და უთქვამს,- ეგ ჯვარი ჩვენი იყოო.
- და ეს თანხა საიდან გქონდათ თქვენ?
-შვილო, ეკლესიის აღდგენის მერე შემოწირულობებიდან მოგვრჩა დიდი თანხა. 6000 მანეთი რა სალაპარაკოა? ერთ დღეს მოვიდა თავად კალისტრატე და ამაღლების ეკლესიისგან ისესხა 36 000 მანეთი. ეს ფული 1989 წელს წაიღო და დღემდე არ დაუბრუნებია. კიდევ კარგი, ამ ამბის მომსწრე კუჭუხიძე ცოცხალია და ადრე თუ გვიან იტყვის. მართალია დღეს მეუფის ეშინია, მაგრამ მოვა დრო და იტყვის.
- რისთვის სჭირდებოდა მეუფეს ეს თანხა?
- ვიცი? იმ წუთში ეკლესიაში არვიყავი, თორემ კაპიკსაც ვერ წაიღებდა. მერე ასე თქვა- პატრიარქი ვაქეიფე და რესტორანში დავხარჯეო. ყოველ დაბადების დღეზე მანქანა მიჰყავდა პატრიარქთან და მაინტერესებს, ამდენი ფული საიდან ჰქონდა კალისტრატეს, თუკი ის დაბადების დღეებს ულოცავდა მანქანით? მანამდე 6 000 მანეთი ხომ წაიღო, მერე 36 000 და ესეც გამოვიდა 43 000 მანეთი. დავით აღმაშენებლის მოზაიკის ხატი ეკიდა ეკლესიის შემოსასვლელში. მაშინ მმართველი იყო შევარდნაძე. კალისტრატემ ჩამოხსნა მოზაიკის ხატი და წაუღო შევარდნაძეს, თან 4 000 მანეთიც ხელს გააყოლა,- ეკლესიები ჩემია და მე მეკუთვნისო. ესეც გამოვიდა 47 000 მანეთი კალისტრატესგან მიტაცებული.
- მძიმე ბრალდებებია ქალბატონო ლუბა!
- მაცადე! კალისტრატემ დაუბრუნნოს ამაღლების ეკლესიას მიტაცებული 47 000 მანეთი? დღეს ისევ დანგრევის პირასაა ეს ეკლესია. გუმათი გამოსაცვლელია, კარი და ფანჯრები აღარ ვარგა. 84 წლის ქალმა ისევ რომ დავიწყე სირბილი აღდგენის გზების ძიებაზე, კალისტრატემ მითხრა,- ეპარქიას ფული არ აქვს, ხალხმა აღადგინოსო. მე ვუთხარი- შემოწირულობიტ ერთხელ გაკეთდა ამაღლება, დაგვიბრუნე ჩვენი ეკლესიის ფული და კიდევ გავეკეთებ მეთქი. ეჰ შვილო! სადავოს მეტი რაა, მაგრამ ვინ გისმენს?! ამაღლების ეკლესიაში მისი მარჯვენა ხელი მინდიაშვილი აკურთხა მღვდლად, მოძღვარი, რომელსაც მრევლი "ტრაპეზის ბოქსიორს" ეძახის. მან ეკლესიის დიაკონი ქომეთიანი ისე სცემა, ორი კვირა იწვა საცოდავი. ხალხისკენაც იწევს, მაგრამ კალისტრატე თვალს ხუჭავს ყველაფერზე. ყევლას გიჟს ეძახის და მინდიაშვილს ხელს აფარებს, რადგან ფულებს აძლევს. როცა კალისტრატეს ვუთხარი,- ეს კაცი მღვდლებს სცემს და ზომები მიიღე მეთქი,- არაფერი ვიციო.
მე არ ვინდობ არავის, რადგან უფლის გზაზე ვდგავარ და ვერ ვითვალთმაქცებ. გაგიგიათ, მეუფემ არაფერი უთხრას მღვდელს, რომელიც დააქცევს ბარშძიმს?! მინდიაშვილმა 7-ჯერ დააქცია. ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს კალისტრატე, რადგან ფულს აძლევს მინდიაშვილი, ყველა ბიზნესში ერთად არიან. გაამდიდრეს ერთმანეთი. "ცრემლები" რომ არის სასაფლაოთა მეურნეობა, იმის წილშია მინდიაშვილი; მეორე განყოფილებასთან რომ მაღაზიაა, ისიც მისია. ასევე აქვს კალისტრატესაც. მაგას ფულს თუ არ მისცემ, არაფერს გაგიკეთებს. კალისტრატეს მხოლოდ სამი ეკლესიის მოძღვარი არ აძლევს ფულს, ესენი არიან- ბაგრატის მამა ზინობი, წმ. გიორგის მამა გაბრიელი, მთავარანგელოზის მამა ნიკოლოზი და კი ჰყავს შეჭმული.
- და თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, რატომ არ იღებენ ხმას მოძღვრები?
- სამღვდელოება ხმას არ იღებს იმიტომ, რომ დაშინებული ჰყავს ყველა. მაგან "ტრაპეზის ბოქსიორ" მინდიაშვილს რა უნდა მიუთითოს, როცა 5-6 წლის წინათ ჩემსკენ გამოიწია ნაჯახით?! შუაში ჩადგა გოგია რევიშვილი, რომელმაც კალისტრატეს ხელი დაუკავა,- რას შვრები მეუფეო?! არადა მაშინაც იმიტომ მოგვივიდა ჩხუბი, რომ თბილისიდან უფასოდ ჩამოტანილ წიგნებში ფულს მახდევინებდა და ამაზე ვიკამათეთ.
- ქალბატონო ლუბა, რასაც მეუფეზე მეუბნებით ვინმე დაადასტურებს?
- ახლა, ვიდრე შენამდე მოვიდოდი, ჩემი ეკლესიის დეკანოზ კუჭუხიძეს ვეჩხუბე და ეკლესიის ხალხს, მათ ყველაფერი იციან, იმ წაღებული ფულების შესახებაც. ამიტომ ვთხოვდი, შენამდე წამომყოლოდნენ, მაგრამ ეშინიათ,- ლუკმაპურს დავკარგავთო. გულმოსული წამოვედი შენთან, მარტო მე ვლაპარაკობ, მარტო მე ვიბრძვი ამ მანკიერებების წინააღმდეგ ხმამაღლა და დავიღალე შვილო, უკვე 84 წლის ქალი ვარ.
დალი ბარაბაძე- გელათის სასულიერო აკადემიის რადიო "კვალი ნათელის" გადაცემათა პასუხისმგებელი რედაქტორი:
-2004 წლის პირველი სექტემბრიდან დაფუძნდა კალისტრატეს ბრძანებით რადიო "კვალი ნათელი", ეს ხალხის თხოვნითაც იყო და პატრიარქის კურთხევაც გახლდათ. როცა რადიო "ივერია" შეიქმნა, ეპარქიებს შეეძლოთ ამ სიხშირეზე ემაუწყებლათ და გაეკეთებინათ თვეში ერთხელ ერთსაათიანი გადაცემა. ასე ვმუშაობდით ჩვენც. დღიდან დაფუძნებისა, მიზერული თანხები იყო გამოყოფილი. სულ სამი ადამიანი ვიყავით, ჩემს გარდა ორი ტექნიკური მუშაკი. პარალელურად ფონდი "სოხუმი" გვეხმარებოდა ფინანსურად, ასევე როცა გაგვიჭირდა, ვთხოვე მერიას დაფინანსება. ეს თხვნაც შეგვისრულეს და როგორც შეგვეძლო ვმაუწყებლობდით. "პრესის სახლში" ორი ოთახი გადმოგვეცა უზურფრუქტის სახით, "პრესის სახლსა" და ეპარქიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2007 წლამდე ვმაუწყებლობდით, სიმწრით ვაკეთებდით გადაცემებს. 2006 წელს რომ ვთხოვე ქალაქის ხელმძღვანელობას, დავეფინანსებინეთ, 12 000 ლარი იყო, მათ კიდევ დაამატეს 1 700 ლარი მხოლოდ ჰონორარებისთვის, რასაც მეუფე არ გვაძლევდა. როგორც იქნა, ამოვიღეთ ეს თანხა, მაგრამ მეუფემ შემიმცირა ორივე ტექმუშაკი, თან მე შემომედავა,- რისთვის ითხოვ ამ ფულს, ფართი თქვენ არ გაქვთ, არსაიდან არ მაუწყებლობთ და არ გეკუთვნითო. არადა მე ფოტომტკიცებულებაც მაქვს, რომ მეუფე იმყოფებოდა პრეზენტაციაზე ამ რადიოში. ეს სურათებიც იმ ოთახებშია გადაღებული, საიდანაც ვმაუწყებლობდით. ჩვენ დღემდე ამ ოფისში ვართ. მერიამ გაგვიგრძელა დაფინანსება 2007 წელსაც.
-თუ თანხა მოიძიეთ, პრობლემა რაღა იყო?
- მეუფემ იცოდა, რომ დაფიანსება უნდა გაგრძელებულიყო, რომ არ დაეკარგა ეს თანხა, დაწერა ბრძანება: "დალი ბარაბაძე, რომელიც გაფორმებულია გელათის სასულიერო აკადემიის არსებული რადიომაუწყებელი რედაქციის, "კვალი ნათელის" პასუხისმგებელ რედაქტორად, ჩემი შემოწმებით მას არ გააჩნია იურიდიულად გაფორმებული კანონთან შესაბამისობაში რადიომაუწყებლობის სადგურ, გაუქმდეს და გათვალისწინებულ იქნას მისი შრომა საქართველოს საპატრიარქოს რადიომაუწყებლობაში და დანიშნულ იქნას სასულიერო აკადემიაში რადიოს კორესპონდენტად ხელფასის შენარჩუნებით, ესე იგი 44 ლარის შენარჩუნებით.". მე ვკითხე,- მეუფევ, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ მე არ მაქვს არაფერი? არც ისურვა ახსნა-განმარტების მოცემა და არც მოსმენა.
- ანუ როგორც გავიგე, რადიო გაუქმდა ხომ?
- დიახ. 2007 წელს საერთოდ გააუქმა რადიო. ამბობდნენ, რომ არ გვაქვს ლიცენზიაო. მე ვუთხარი,- რომ არ სჭირდება ამას ლიცენზია, რადგან საპატრიარქოს ეკუთვნის და რადიო "ივერიაში" გვაქვს ერთსაათიანი ეთერი. მე დაწერილი მქონდა წერილი მერიასა და საკრებულოსი დაფინანსებაზე, მიუხედავად თანხის არარსებობისა, მე მაინც ვაკეთებდი გადაცემებს. ერთხელაც მერიაში მხვდება საკრებულოს კანცელარიის თანამშრომელი, მაკა ცაგარელი, რომელმაც მომახარა, რომ დაფინანსება გაგიგრძელდათო. მე ვითხოვდი 5 100 ლარს, იქ კი დაამტკიცეს მოთხოვნილი თანხის 4 000-ლარიანი დანამატი.
- როგორ? არარსებული რადიო თანხას იღებდა?
- დღემდე იღებს, ოღონდ სად მიდის არ ვიცი. ჩვენ გაჩერებული ვართ უკვე სამი წელია. მე მინდოდა ის, რაც ხდება ეკლესიაში, ეკლესიაშივე მოგვარებულიყო და არ გამოსულიყო მის კედლებს გარეთ. როცა ამ ყველაფრის შემდეგ ეპარქიაში მივედი, დამიწყეს ჩხუბი, ეს შენი კი არა, ჩემი ფულიაო. მეუფემ მითხრა,- შენ ჩვენი მტერი ხარო, ისეთ გადაცემებს უშვებ, რომ არ დაგაფინანსებთო. მე ვუთხარი,- მეუფევ, ეს არც თქვენი და არც ჩემი ფულია, ეს რადიოს დაფინანსებაა, ამაში ჩართულია მერია, საკრებულო, კულტურის სამსახური, ყველა წერილი რადიოს დაფინანსებაზეა და ეპარქია რატომ ითვისებს მეთქი?
- რაგითხრათ მეუფემ?
- მაპატიოს უფალმა და მეუფემ თვალთმაქცურად დამიყვავა,- ამ ფულს ვერ მიიღებ, მაგრამ ხელფასი მოგიმატეო. რა იყო ეს მომატება? მანამდე 44 ლარს ვიღებდი და 20 ლარი დამიმატა თურმე. ვაცხადებ ხმამაღლა: 2007 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიამ და კონკრეტულად მეუფემ 8 000 ლარი შეჭამა. მას შემდეგ ეს თანხა ერიცხებათ და თავისთვის იტოვებენ, არც რადიოს აძლევენ არაფერს და არც მაუწყებლობას ანახლებენ.
- არავინ ჩააყენეთ საქმის კურსში?
- მე მივმართე პატრიარქს, პრეზიდენტს, წერილი გავგზავნე კანცელარიაში. დამკითხეს სამართალდამცველებმა, მაგრამ დღემდე განმკითხავი არავინაა. ჩემი დევნა განსაკუთრებით გააქტიურდა, როცა ჟურნალისტმა გელა ზედელაშვილმა "რონიკაში" გამოაქვეყნა ჩემი ინტერვიუ 2007 წელს, მაშინ მეუფე ძალიან გაბრაზდა. გამოყო კომისია, რომელიც დიდხანს სწავლობდა ჩემს საქმეს, დაიდო დასკვნა, რომ მე მართალი ვიყავი. მაგრამ პირდაპირ მითხრა მეუფემ,- შენ ცილი დამწამე თანხის მითვისებაში, გაზეთში გამომაჭენეო. არანორმალურობაც დამწამა,- ერთი გიჟი ქალიაო! საერთოდ, ვინც არ მოსწონს, გიჟად ასაღებს ყველას. დიდხანს მეძახდა, რომ შეეკარი ლათინებსო, ლათინებს მეუფე კათოლიკეებს ეძახის. მაშინ თქვენს კოლეგა გელა ზედელაშვილსაც ვუთხარი,- კათოლიკეებად გნათლავთ მეუფე მეთქი.
- პატრიარქი ახსენეთ, ანუ იცის ეს ყველაფერი?
- მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხე ამ წლების მანძილზე, ეს ძალიან რთულია. თუმცა წერილი გავაგზავნე ილია მეორესთან. როგორც მითხრეს, როცა პატრიარქთან წერილი შევიდა, ილია მეორეს მეუფისთვის უთქვამს,- აღადგინე რადიო და გადაცემებიც გავიდეს ეთერშიო. მეუფე იქ კი დათანხმებია პატიარქს, მაგრამ აქ ჩამოსულმა შეიცვალა აზრი და ყური არ ათხოვა არავის. მეუფეს შუამდგომლობით მიმართა ასევე საქართველოს ჟურნალისტთა კავშირმა, ბატონმა რეზო გაბრიაძემ, თუმცა უშედეგოდ. ილია მეორესი არ ისმინა და ვის აზრს გაითვალისწინებდა? მე მორწმუნე ადამიანი ვარ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მონასტერში წასასვლელად ვემზადებოდი, ამიტომ წმინდა წიგნებს კარგად ვიცნობ. შესაძლებელია, არა მარტო ჩვენ, არამედ ეპისკოპოსიც კი მოხვდეს ჯოჯოხეთში.
- რას ითხოვთ მეუფისგან?
- მე ვითხოვ მეუფისგან მიტაცებულ 8 000 ლარს, ამ ხნის განმავლობაში აუღებელ ხელფასს, რადიომაუწყებლობის აღდგენას, რომლის დაფინანსება დღემდე არ შეწყვეტილა. აღარაფერს ვამბობ მორალურ ზიანზე, წლების განმავლობაში მიყენებულ შეურაცხყოფებსა და თავდასხმებზე, რომელიც უბრალოდ თანხით არ გაიზომება... და კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა- ჩვენმა მოძღვარმა ქადგების დროს ასეთი ამბავი გვიამბო: როცა წმინდა მიწაზე ვიყავით მოსალოცად წასულები, იქაური ბერები შეგვეკითხნენ, როგორი მდგომარეობაა საქართველოშიო? ჩვენ ვუპასუხეთ,- ძალიან კარგი მეთქი. მერე გვკითხეს,- ერში როგორი მდგომარეობააო? ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ძალიან ცუდი მეთქი. მაშინ გვითხრეს ბერებმა, რომ ერში იმიტომ არის ასეთი მდგომარეობა, ბერში ყოფილა ძალიან ცუდად საქმეო!
მიმაგრებული სურათი