მილტონ ჰეიგი: თბილისის თასზე ჩამოსული ყველა გუნდი ძლიერია!
12:05 12-06-2015
შაბათს, 13 ივნისს, თბილისის თასის პირველი ტურის მატჩები გაიმართება. "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" საქართველოს ნაკრები ურუგვაის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ტესტია და მისი შედეგი რეიტინგზე გავლენას იქონიებს.
"ბორჯღალოსნებისა" და ურუგვაელების გარდა, თბილისის თასზე მზარდი იტალიისა და ირლანდიის ნაკრებები იასპარეზებენ. ირლანდიის გუნდი სულაც თბილისის თასის პირველი გათამაშების გამარჯვებულია და, ამჟამადაც, ტურნირის მთავარი ფავორიტია.
ტურნირის დაწყების წინ, 11 ივნისს, მონაწილე გუნდების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ტურნირზე ჩამოსული ყველა გუნდი ძლიერია და ყველასთან რთული, დაძაბული და საინტერესო თამაში მოგვიწევს.
ეს კარგი შანსია ახალი მორაგბეებისთვის, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ეროვნულ გუნდს. საინტერესოა, ამ შანსს ისინი როგორ გამოიყენებენ.
მსოფლიოს თასის გათამაშებაზე წასვლის უმთავრესი კანდიდატები ახლა ისვენებენ. ტურნირის დასრულების შემდეგ დასახელდება გაფართოებული შემადგენლობა, რომლითაც ინგლისში გავემგზავრებით". 
ლევან დათუნაშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"ამ ტურნირზე გამოცდილ მორაგბეებთან ერთად ახალი მოთამაშეებიც გვყავს. ძალიან ძლიერ მეტოქეებთან გვიწევს თამაში და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და მაყურებელს ღირსეულ თამაშებს ვაჩვენებთ.
პირველი შეხვედრა ურუგვაის ნაკრებთან გვაქვს. ჩვენ მათი თამაშის ჩანაწერები შევისწავლეთ. ძალიან ძლიერები არიან შერკინებაში, დერეფანში, აგრესიულად თამაშობენ დაცვაში.
იქნება დიდი ბრძოლა და როგორც წესი, უფრო ძლიერი გაიმარჯვებს".