ექსკლუზივი - თბილისის საკრებულოს უმრავლესობა იარაღის ტარების უფლებას ითხოვს
12:45 18.06.2015 ექსკლუზივი - თბილისის საკრებულოს უმრავლესობა იარაღის ტარების უფლებას ითხოვს
თბილისის საკრებულოს უმრავლესობა იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითხოვს. "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილებათა პროექტი უკვე შემუშავდა და უახლოეს მომავალში პარლამენტს გადაეგზავნება.
საკანონმდებლო ინიციატივა „ქართული ოცნების“ იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ რამდენიმე დღის წინ მოამზადა.
ინიციატივაში აღნიშნულია, რომ საკრებულოს დეპუტატები ახორციელებენ არა მხოლოდ ადგილობრივი ინტერესების, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას, ამიტომ საჭიროა, რომ იარაღის ტარების უფლება მათაც მიენიჭოთ.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, როგორც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ახორციელებენ არამხოლოდ ადგილობრივი ინტერესების, არამედ, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას, საჭიროდ მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოებრივი პოლიტიკური თანამდებობის პირების მსგავსად, სამსახურებრივ- საშტატო იარაღის ტარების უფლება მიენიჭოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დეპუტატების საკრებულოსაც“,- აღნიშნულია მომზდებულ დოკუმენტში.
როგორც „კომერსანტს“ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წვერმა სევდია უგრეხელიძემ განუცხადა, ამ ინიციატივის შესახებ ცნობა მას 16 ივნისს მიაწოდეს. უგრეხელიძე ინიციატივას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ საკრებულოს დეპუტატისთვის იარაღის ტარების უფლების მინიჭება არასწორია, რადგან ის დამატებით რისკებს შეიცავს, ამასთან მსგავსი კანონი საკრებულოს წევრებს ვეფხვისგან თავის დასაცავად არ გამოადგებათ.
უგრეხელიძის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი გათანაბრებულია ყველა სხვა მუნიციპალიტეტთან და თუ თბილისის დეპუტატებს ექნებათ ეს უფლება, სხვასაც გაუჩნდებათ ეს მოთხოვნა.
„ეს არ არის საჭირო, ისედაც შეუძლიათ იარაღის ტარების უფლება თავადვე აიღონ. მე ნამდვილად არ მჭირდება იარაღი, რადგანაც ვეფხვებისგან და კრიმინალისგან სახელმწიფომ უნდა დამიცვას, სტიქიისგან კი იარაღი ვერ დამიცავს. ამის შესახებ მე თევდორე კობახიძესაც ვუთხარი“,- აცხადებს უგრეხელიძე.
მისივე თქმით, სტიქიისა და ტრაგიკული დღეების შემდეგ ასეთი ინიციატივების დრო ნამდვილად არ არის და ამის დრო თავად საკრებულოს უმრავლესობასაც არ უნდა ჰქონდეს.
ამასთან, სევდია უგრეხელიძე ვარაუდობს, რომ ეს უშუალოდ თედო კობახიძის ინიციატივა არ არის, რადგანაც ის მშვიდობიანი ადამიანია. საკრებულოს დეპუტატი ეჭვს გამოთქვამს, რომ კობახიძის უკან სხვა ადამიანები დგანან.
ამ ეტაპისთვის დოკუმენტს 33 დეპუტატი აწერს ხელს და ყველა უმრავლესობის წევრია.
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=23689&cat_id=7