წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსი ბიზნესმენის, მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიე ავრცელებს.
როგორც „ტაბულა“ წერს, ცენტრ დოსიეს მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი ეხმარება, რომლებსაც თავის მხრივ რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.
ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა, პოლიტტექნოლოგის, სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიას მომზადებას ეხება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის გადაადგილების, ტრანსპორტისა და საცხოვრებლის ხარჯები.

სერგეი მიხეევი საკუთარ თავს დამოუკიდებელ პოლიტტექნოლოგს უწოდებს, რომელიც მახლობელი საზღვარგარეთის ქვეყნებზე სპეციალიზდება. 2010 წელს მიხეევმა კასპიის თანამშრომლობის ინსტიტუტი დააფუძნა, რომლის ერთადერთი დამკვეთიც რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოა.
ამასთანავე, წინა წლებში მიხეევი კრემლის პროპაგანდისტ, ვლადიმერ სალოვიოვთან ერთად იყო ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი. 2014 წელს ლიტვის ინიციატივით, მიხეევი ევროკავშირის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.
ცენტრის მიერ მომზადებულ მასალაში, საუბარია კონსულტაციებზე, რომელსაც პატრიოტთა ალიანსის წევრები მიხეევთან გადიან. ასევე, თარხან მოურავის ოჯახზე, რომელიც ცენტრის ინფორმაციით, უკვე წლებია მოსკოვში ცხოვრობს. ცენტრის ცნობით, 2014 წელს თაღლითობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დავით თარხან მოურავის ძმაზე, გოგაზე, რომელიც ასევე მოსკოვში ცხოვრობს.
ცენტრისთვის უცნობია, მიხეევის მიერ დასახელებული 700 ათასი დოლარის წარმომავლობა, თუმცა ცნობილია, რომ პატრიოტთა ალიანსის პიარ კამპანიას მოსკოვში დაფუძნებული კომპანია POLITSECRETS მართავს. ცენტრი, ასევე, ასაჯოროებს პატრიოტთა ალიანსის მიერ გაგზავნილ წინასაარჩევნო ბიუჯეტს, რომელიც 4-თვიან პერიოდს მოიცავს. როგორც დოკუმენტებშია მითითებული კამპანიის ჯამური ღირებულება 8 მილიონ დოლარს აღემატება.

რაც შეეხება კომპანია POLITSECRETS-ს მისი დამფუძნებელი, პოლიტიკური მეცნიერების კანდიდატი, ვერა ბლაშენკოვაა. ბლაშენკოვა, ასევე, თანაავტორია წიგნისა, “როგორ ვმართოთ ქალები”. კომპანიის საიტზე ჩამოთვლილია, რამდენიმე წარმატებული წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც ბლაშენკოვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მართავდა.
ბლაშენკოვას მიერ “პატრიოტებისთვის” გაგზავნილ ინსტრუქციებში ახსინილია თუ როგორ უნდა გააღვივოს პარტიამ საპროტესტო განწყობები და მიიმხროს გადაუწყევეტელი ამომრჩეველი.
მოსკოველი პოლიტტექნოლოგი საკუთარ ინსტრუქციებში წერს “საპროტესტო განწყობების მხარდაჭერა მის ზრდას ნიშნავს, რაც ჩვენს ინტერესებშია. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და ვითარების მომავალ შესაძლო გაუარესებაზე.
თუ ყველაფერი დარჩება როგორც არის ხელისუფლებაში კვლავ ქართული ოცნება მოვა, ან ძალაუფლებას ამერიკელებთან შეთქმულებით კვლავ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აიღებს”.
უნდა ითქვას, რომ POLITSECRETS-ის თანამშრომლები მხოლოდ რჩევებითა და რეკომენდაციებით არ შემოიფარგლნენ და პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ რამდენიმე კლიპიც დაუმზადეს. კლიპებში დამძაბავი მუსიკის ფონზე დანაშაულისა და უმუშევრობის სტატისტიკა გამოდის, რამაც პიარ სპეციალისტების აზრით, საქართველოს მოქალაქეებს უნდა შთააგონოს, რომ უბრალო ხალხზე მხოლოდ “პატრიოტები” ზრუნავენ.
ამასთანავე, ბლაშენკოვა ითხოვს პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერების შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაგზავნას, რაც ამ ადამიანების ასაკს, პროფესიას ფოტოს და სხვა სახის ინფორმაციასაც მოიცავს. “პატრიოტებმა” მოსკოვში 15 ადამიანის დოსიე გაგზავნეს, მათ შორის, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღავენლის, გურამ ნიკოლაიშვილის, პოლიციის გენერლის, ავთო ენუქიძის და კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის, ფრიდონ ინჯიას.
https://primetime.ge/skandaluri-dokumentebi...-kampaniistvis/ბოზები!