”ნიჟარაძეს გამოძიების დასრულება არ აწყობს... 7 მილიონი აქვს აღებული” - კეზერაშვილის ადვოკატი
00:27 2015-07-05
დავით კეზერაშვილს თამაზ ნიჟარაძისა ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ბრალი 2 ივლისს წარედგინა.
დავით კეზერაშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იმ ქონებაში, რაზეც ახლა ნიჟარაძე დაობს, მას 7 მილიონი აქვს აღებული.
ჩივიაშვილი დარწმუნებულია, რომ თამაზ ნიჟარაძისა და დავით კეზერაშვილის საქმეები არ გაიხსნება, რადგან გამოძიების დასრულება არ აწყობს არც პროკურატურას და არც თავად ნიჟარაძეს.
„როგორ წარმოგიდგენიათ ვინმეს, რომ კეზერაშვილის დავალებით მართლა აეფეთქებინათ ნიჟარაძის მანქანა, დღეს ეს საქმე გამოუძიებელი იქნებოდა? ამ მოცემულობაში? როდესაც ჩვენ უკვე გვაქვს, თუ არ ვცდები კეზერაშვილის წინააღმდეგ მე-6 სისხლის სამართლის ბრალდება. ეს ყველაფერი არის მოგონილი, ნიჟარაძე ქმნიდა ფონს, რომ შემდეგ მოეთხოვა ქონებები, რომელიც მას გაყიდული აქვს და აღებული აქვს თანხები. იმ ქონებებზე, რაზეც დავობს ეს ადამიანი, 7 მილიონი დოლარი აქვს აღებული.“ - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა
ჩივიაშვილის თქმით, კეზერაშვილის წინააღმდეგ იგივე მასალებია გამოყენებული, რაც სამოქალაქო საქმეებში სასამართლოში უკვე 2 წელია განიხილება.
„უკვე 2 წელი ხდება, რაც იდენტურ თემასთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოებში მიმდინარეობს სამოქალაქო განხილვა. ეხლა მოხდა ბრალის წარდგენა კეზერაშვილთან, როდესაც მიხვდნენ თამაზ ნიჟარაძე და მისი ადვოკატი ხაჭაპურიძე, რომ აუცილებლად წააგებენ საქმეს და სინქრონში ჩაერთო პროკურატურა“, - განაცხადა ჩივიაშვილმა. მისი თქმით, პროკურატურა ბოლო პერიოდში აქტიურად ჩაერია ბიზნესის გადანაწილებებში.
კეზერაშვილის ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ნიჟარაძის ადვოკატი ხელოვნურად აჭიანურებს საქმეს. მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო საქმეში ახალი მტკიცებულებები არ გაჩენილა, თუმცა კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალ საქმეში პროკურატურამ გამოძიება მაინც დაიწყო.
„მათ აქვთ ერთი მიზანი - რამენაირად მიიტანონ ის ბრალის დადგენილება და მოათავსონ იმ სამოქალაქო საქმეში, რომლის განხივლაც მიმდინარეობს. მე ვეტყვი პროკრუატურას, რომ გაუჭირდებათ. ისინი შეეცდებიან სამოქალაქო განხილვა დაალოდონ, რამენაირად მიიღონ ის განაჩენი, რაც მათ უნდათ და მხოლოდ ამით მოახერხონ შემდგომ რაიმე ზემოქმედების მოხდენა იმ პროცესებზე რაც მიმდინარეობს.
არსებობს ერთერთი საქმე ვაკე პლაზას საქმე, რომელზეც მიმდიანრეობს სამოქალაქო განხილვა. ამ საქმეში დაყადაღებულ ქონებას, საქალაქო სასამართლომ ყადაღა გააუქმა. ერთი კვირის შემდეგ ფინანსური პოლიცია შედის, პროკურატურა შედის შუამდგომლობით და გამოძიებით ხდება ამ ქონების დაყადაღება. ნათელია, რომ პროკრუატურის მეშვეობით სურთ მათ მიიღონ რაღაც შედეგი, ქონება რომელიც მან [ნიჟარაძემ] გაყიდა, სურს ამ გზით დაიბრუნოს უკანონოდ“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა”კურიერის” ეთერში.
http://newpost.ge/?l=G&id=80517-%E1%83%99%...%83%AB%E1%83%94