რა არის ამის მიზანი? - არჩევნების წინ არასასურველი ოპონენტის თავიდან მოცილება. დარწმუნებული ვარ, "ზესტაფონს" რომ ეს თამაში ეთამაშა, ფედერაცია გამოიყენებდა კლუბების მიერ ხელმოწერილ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ ქარტიას და შედეგი კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. როგორც შემდგომმა პროცესებმა გვიჩვენა, სფფ ფლობს სრულ ინფორმაციას გარიგებებში მონაწილე პიროვნებების შესახებ და როგორც ჩანს, მათ ხელს აფარებს. მეტიც, ფედერაციის ოფიციალური საიტი ინტერვიუებსაც კი აქვეყნებს მათთან.
ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით - როგორც კი წავა ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა, "ზესტაფონი" დაფინანსდება ძველებურად და იქნება ისეთი ანგარიშგასაწევი გუნდი, როგორიც იყო წლების განმავლობაში.
დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ ფეხბურთს არა მარტო "ზესტაფონი" დაუბრუნდება, არამედ ბევრი სხვა ინვესტორიც გამოჩნდება. შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული პიროვნებებიც, ვინც ასეთ მზაობას გამოთქვამენ. საქმე ისაა, რომ ესენი წასვლას არ აპირებენ.
არადა, უკვე მარაზმია, რაც ხდება. ახლა უკვე იმასაც ამბობენ, რომ ფიფას რეიტინგი თურმე ტყუილად დგება. თუ მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ რატომ დგება საერთოდ ეს რეიტინგები? რატომ ხდება ნაკრებების განთესვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების წილისყრისას ამ რეიტინგების მიხედვით. ხედავთ აქ ლოგიკას?

მითხარით, ნაკრების კაპიტანი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ტყუილად რომ გამოტოვებს, ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს? საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხომ ჰყავს სპორტული დირექტორი, ხომ არის სანაკრებო დეპარტამენტი?
რას აკეთებს საერთოდ ფედერაციაში ბატონი არჩილ არველაძე? ეს ხომ მისი პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხია... თუ მისი დანიშნულება მხოლოდ არჩევნებზე ძმისთვის ხმის მიცემაა? შეიძლება, ყველგან არველაძეები იყვნენ? ლუდის რეკლამაა - არველაძეები, რძის - არველაძეები, რაც კლიპი იქმნება და ისევ არველაძეები...
- რა სინდისით, რა ნამუსით ლაპარაკობს საერთოდ ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაცია? სახელმწიფოს ფულს სთხოვენ და მერე ეუბნებიან, ახლოს არ გაგვეკაროთო. აბსოლუტურად ვეთანხმები დეპუტატ ლორთქიფანიძეს. უნდა ჩაერიოს ყველა, ვინც უკეთესობისკენ წაიყვანს საქმეს. არის თუ არა მათი ფედერაციის დამსახურება, ყველაფერს სათავისოდ ატრიალებენ და ქულებს იწერენ.
- დატოვეს მარტო ის ხალხი, ვინც მორჩილად სწევს მანდატს. არც მალავენ, რომ ხმათა უმრავლესობა მათ ხელშია... გუშინ გავიგე, ფეხბურთის ფედერაცია თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს დახმარებია. თავისთავად, კარგი ჟესტია, მაგრამ სახელმწიფოს გამოართვეს ფული, მერე ის ფული გადარიცხეს და ახლა ისევ სახელმწიფოს სთხოვენ, ფული მოგვეცითო...
რატომ არავის უჩნდება კითხვა, ვისი ფულითა და ბილეთებით ესწრება არველაძეების დიდი გარემოცვა ევროპული ტურნირების ფინალებს, რასაც მეც და ბევრი სხვა ადამიანიც პირადად ბევრჯერ ვართ შესწრებული?
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...fekhburthi.html