http://www.netgazeti.ge/GE/105/News/45022/ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთანდღეს, 17 მაისს, თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ, “ერეკლე მეორეს საზოგადოებამ” და ბასილ მკალავიშვილის მრევლმა ჰომოფობიური აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება 2012 წლის 17 მაისთან დაკავაშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს 33 500 ევროს გადახდა დაეკისრა 13 მოსარჩელის სასარგებლოდ. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის ოფისის წინ მოითხოვეს ამ გადაწყვეტილების შეცვლა.
აქციის მონაწილემ “ერეკლე მეორეს საზოგადოების” თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ აქციაზე ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა:
“რის გამო დააჯარიმეს ჩვენი ქვეყანა ამხელა თანხებით? იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა ხელი შეუშალა და არ ჩაატარებინა გეი აღლუმები მამათმავლებს?! როდესაც სააკაშვილი გვინგრევდა ეკლესიებს, რატომ მაშინ არ გამოთქვამდნენ შეშფოთებას ევროპელები? ჩვენ ვგმობთ იმ გარყვნილებას, რასაც კაცისა და კაცის, ქალისა და ქალის ქორწინება ჰქვია! არა გეი ევროპას! უნდა აიკრძალოს გარყვნილების პროპაგანდა. სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ,”- განაცხადა ჭყოიძემ, რომელიც პრორუსულ ორგანიზაციას, “ერეკლე მეორეს საზოგადოებას” ხელმძღვანელობს.
ჭყოიძის მოთხოვნას ევროკავშირის ოფისის წინ შეუერთდა ბასილ მკალავიშვილიც: “ყველანაირი სიავე სწორედ ამ შენობიდან მოდის, სადაც თავად სხედან მამათმავლები. ჩვენ ევროპა არ გვინდა, ჩვენ გვინდა მართლმადიდებლური სახელმწიფო”.
აქცია მცირერიცხოვანი იყო. მრევლის წევრებმა, რომელთა შორის იყვნენ ბავშვებიც, გალობით დატოვეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიმდებარე ტერიტორია.




-----------------------------------