http://info9.ge/sazogadoeba/116011-brazili...html?lang=ka-GEბრაზილიასთან უვიზო მიმოსვლა ხვალიდან ამოქმედდება
საქართველოსა და ბრაზილიის რესპუბლიკას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ძალაში ხვალიდან შედის.
შეთანხმება ნოტების გაცვლის გზით დაიდო და მას მთავრობის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მიმდინარე წლის 11 მარტს მოაწერა ხელი.
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ტურისტული და საქმიანი მიზნით მგზავრობის მსურველი ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეები ვიზის აღების ვალდებულებისგან თავისუფლებიან. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები 180 დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში, ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლას, ყოფნასა და ტრანზიტს შეძლებენ, რომლის ათვლაც ქვეყანაში პირველად შესვლის დღიდან მოხდება. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხსენებული შეთანხმების გაფორმება წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და როგორც სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია.
უწყების განმარტებით, შეთანხმების გაფორმება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას გააღრმავებს, ბიზნესწრეების დაახლოებასა და ტურისტული ნაკადების მიმოსვლას გაზრდას შეუწყობს ხელს.
საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 28 აპრილს დამყარდა. 2010 წელს საქართველომ საელჩო გახსნა ბრაზილიაში, რასაც ბრაზილიის მხარემ ანალოგიური ნაბიჯით 2011 წელს უპასუხა.
-----------------------
აბა ჰე, კეთილი მგზავრობა.
საიამოვნო ფრენას გისურვებთ!