GMO-ს შემცველი პროდუქციის ეტიკეტირების დარღვევისთვის იმპორტიორები 5 000 ლარით დაჯარიმდებიან
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველი სასურსათოდ გამოსაყენებელი პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, იმპორტიორები 5 000 ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მედიატურის ფარგლებში ისაუბრეს. მედიატურის ფარგლებში, ჟურალისტები გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევის მექანიზმებს გაეცნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა დოლიძის განცხადებით, საქართველოს გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქციის მიმართ მკაცრად განსაზღვრული მოთხოვნები გააჩნია.
„თუ სურსათი 0,9%-ზე მეტ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმს შეიცავს, ეტიკეტზე მარცხენა ზედა კუთხეში, მრგვალ ჩარჩოში მითითებული უნდა იყოს აბრევიატურა GMO. იმ შემთხვევაში, თუ სურსათი გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს და ამის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე მითითებული არ არის, საჯარიმო სანქციებია გათვალისწინებული. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 5 000 ლარია. თუკი ბიზნესოპერატორი ერთი წლის განმავლობაში იგივე დარღვევას გაიმეორებს, ჯარიმის ოდენობა 10 000 ლარამდე იზრდება“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა კახა სოხაძემ.
სასურსათოდ გამოსაყენებელი გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქციის კონტროლი საქართველოს საბაჟო საზღვრებზეც ხორციელდება.
როგორც შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო საზღვრებზე უკვე ახორციელებს გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების იმპორტის კონტროლს.
„გენმოდიფიცირებულ ცოცხალ ორგანიზმად ითვლება ის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც აქვს გამრავლების, ან გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი. საუბარია ძირითადად სათესლე და სანერგე მასალებზე, თუმცა აქვე იგულისხმებაგამრავლების უნარის მქონდე ხილი და ბოსტნეული. როგორც ცნობილია, პირველ ივლისს ამოქმედდა კანონი გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტირების წესების შესახებ. შემუშავებულია ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საქართველოს საბაჟოს საზღვრებზე ამ ტიპის სურსათის სასაზღვრო კონტროლის წესი. ამ წესის მიხედვით, საბაჟო კონტროლს დაექვემდებარება ყველა პროდუქტი, რომელიც გადმოკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს და მასზე უნდა იყოს მითითებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ სპეციალური ნიშანდება. თუ ასეთი ნიშანდება არ არის, ეს უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტების მიხედვით, რომ არ შეიცავს ეს პროდუქტი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროდუქტი მოხვდება რისკის პროდუქტში და გადაეგზავნება ლაბორატორიაში კვლევაზე", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსული გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქცია არ აღმოჩენილა.
ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ეწვივნენ, სადაც სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების სურსათის ნიმუშები აიღეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტ ეკატერინე ნანობაშვილის თქმით, ეტიკეტირების კონტროლის მიზანი მოსახლეობის ინტერესების დაცვაა, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველი პროდუქტები არაგენმოდიფიცირებულისგან გამიჯნონ.
http://www.commersant.ge/index.php?m=5&new...=24644&cat_id=7