მახსოვს ის საშინელი აგრესიის ნიავღვარი რაც ბატონ ემზარს დაატყდა თავს
ყველას ერთადერთი სიტყვა "გეიფი" ეკერა პირზე, თუმცა წაკითხული თითქმის არავის ჰქონდა მისი ნარკვევი
სამწუხაროდ მეც არ შემიწუხებია თავი მაშინ მისი წაკითხვით
ამ ბოლო პერიოდში გადავაწყდი ინტერნეტში ბატონი ემზარის ამ ნაშრომს და წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბა
უნდა ითქვას რომ საკმაოდ ჭკვიანი, გონიერი ადამიანია და კარგი სოციოლოგი. შესანიშნავად შეუძლია საზოგადოების რენტგენზე გაშუქება.
მოკლედ გილოცავთ ყველას რომ ასეთი მოაზროვნე თანამემამულე გყოლიათ
ხოლო ვისაც არ წაუკითხია მისი ნარკვევი, აქ მოვიყვან მცირე ნაწილს და ლინკს მთლიან ნარკვევზე. მთლიანად წაკითხვას გირჩევთ, ბევრი საინტერესო პრობლემაა განხილული გეიფის გარდა.
სუფრის სოციალური განზომილება — ლატენტური და აშკარა
ქართული სუფრა, მიკროსაზოგადოებაა, სოციალურობის ერთგვარი მოდელი და გახსენების ადგილია. ქართველს სუფრასთან ახსენდება, რომ სადღაც არსებობს რაღაც კანონი, რომელიც მან უნდა შეასრულოს (მაგალითად, მძღოლი სუფრასთან იხსენებს იმას, რომ საჭესთან დალევა არ შეიძლება, მაგრამ სუფრის ეთოსი ნთქავს სამართალშეგნების ამგვარ სუსტ გაელვებას). როგორც წმიდა ხმა და დაწერილის ოპოზიცია, სუფრა უზრუნველყოფს მარადიულ მეხსიერებას. ამ მეხსიერების მატარებლებად გვევლინებიან მამკაცები, სუფრა ძირითადად მათთვის იქმნება. ქალის დანიშნულება სუფრაზე მინიმალურია, მას ევალება სუფრისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, იგი სუფრის ერთგვარი ორნამენტია. ქალი სუფრისთვის აქტუალურია მანამ, სანამ მიმდინარეობს სუფრის სრული აღჭურვა. მთლიანი “პურმარილიზაციის” შემდეგ ქალი კარგავს თავის “მომხიბვლელობას” და თუმცა ქალის “საქმენი საგმირონი” სადღეგრძელოებში პოვებს “ღირსეულ” ადგილს, მას უკვე ამოწურული აქვს ფუნქცია და ამის შემდეგ იწყება უმთავრესი ქართული საქმე, ქეიფი ანუ გეიფი (ინგლ. Gay-დან). ამდენად, ქართული სუფრა ქართული მამაკაცური სუბკულტურის ძირითადი ატრიბუტია. მამაკაცთშორისი სიყვარული, სიტყვები, რომლებითაც მამკაცები სუფრის მსვლელობისას მიმართავენ ერთმანეთს (“ჩავეხუტოთ ერთმანეთს”, “მოვესიყვარულოთ”, “ძალიან მომენატრა შენთან ჩაჯდომა”, “მიყვარხარ” და ა. შ.), ღრმა ეროტიზმისა და ურთიერთნდომის შემცველია. რასაკვირველია, ეს ეროტიზმი და ურთიერთლტოლვა არ არის გაცნობიერებული, როგორც წმინდა სექსუალური ლტოლვა, არამედ როგორც “ძმაკაცობა” და “გულის გადაშლა”. ამ ლატენტურ ურთიერთლტოლვას ქ(გ)ეიფის მეორე დღე, ურთიერთლტოლვის გაცნობიერებით გამოწვეული ერთგვარი “დარცხვენილობა” ააშკარავებს. ქ(გ)ეიფზე მიღწეული “მამაკაცური გულწრფელობა” “პახმელიაზე” გამოსვლით გამოისყიდება.
ზემოთქმული დევს მხოლოდ სუფრის ზედაპირზე, სიღრმეში კი ქართული სუფრა უფრო ტრაგიკულ ვითარებას მალავს. ის მალავს ჰეტეროსექსუალური აქტის არშემდგარობას, ღრმა ლტოლვას ქალისაკენ და, იმავდროულად, ქართველი მამკაცების, მე ვიტყოდი, პანიკურ შიშს ქალის, მისი სექსუალობის წინაშე (ქალიშვილობის ინსტიტუტი, რაც მამკაცური გამოგონებაა, ამ შიშის ერთ-ერთი დადასტურებაა). თუ მოვახდენთ მარქსისტულ დიალექტიკის “მიღწევის” პარაფრაზს, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სუფრა ფორმით ჰომოსექსუალისტური და შინაარსით ტრაგი-ჰეტეროსექსუალისტურია, ხოლო ქართველი მამაკაცი, არშემდგარი ქალი ანუ ქალის ცუდი შემთხვევაა.
რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას თვით სუფრის სივრცულ-გეომეტრიულ კონფიგურაციაზე. უმეტესად ეს სივრცული მოწყობა განაპირობებს თამადის აუცილებლობას, იგი ბუნებრივად ამოიზრდება სუფრის გეომეტრიულ-სივრცული სტრუქტურიდან. “ფეხზე დგომის” ან მაგიდების გაფანტულობის პირობებში თამადა შეუძლებელი ხდება. ძნელი აღმოსაჩენი არ არის ის, თუ როგორ “იტანჯებიან” ქართველები ე. წ. პრეზენტაციებზე გამართულ “ალაფურშეტებზე”. ტრადიციული სუფრის ჩვეულება მითხოვს “ჩაჯდომას”, “ჩაღრმავებულ (კლინიკურ) ნადიმს” და ურთიერთგაზიარების უფრო მაღალ დონეს, რის შესაძლებლობასაც არ იძლევა პრეზენტაციების ატმოსფერო და იქ არსებული ფსევდოსაქმიანი გარემო.
ტრადიციული წარმოდგენების თანახმად შეუძლებელია სუფრას საქმე ახლდეს, რადგან სუფრა თვითონ არის ყველაზე დიდი საქმე. აქედან მომდინარეობს ქართველების ირონია და ხშირად აგრესია პრეზენტაციებზე გამართული ალაფურშეტებისა და საქმიანი სადილებისადმი.
პრეზენტაციებზე გამართული “ალაფურშეტის” მიმართ აგრესიულობა პოზიტიურად აღიზიანებს დემოკრატიულ საწყისებს. თამადის შეუძლებლობა შესაძლებელს ხდის სხვაგვარი წესრიგის დანახვას და ქმნის მასალას დემოკრატიისათვის, ნელ-ნელა ყალიბდება ახალი ტიპის ქართველი: “პრეზენტაცია-ფურშეტის ქართველი”, მომავალი ქართული დემოკრატიის სუბიექტი, რომელსაც ტვინიდან გამორეცხილი ექნება სადღეგრძელოები და სენტიმენტალური დეტალები საქართველოს ისტორიიდან. ქართული სუფრის “დაჩეხვა” ეს საქართველოს ისტორიის დაჩეხვაცაა და ამდენად “ანტიპატრიოტული” აქტია. დაჩეხილი სუფრის ნაპრალებში ჩნდება ადგილი ტოლერანტიზმისათვის ან, უფრო სწორად, ამ ნაპრალებში დიდი სიძნელეებით აღიმართება “უცხო”, სხვა, არა ჩვენი სისხლისა და რწმენის ადამიანი, რომელიც ითხოვს კულტურაში გაფორმების სანქციას (იეღოველები, სექსუალური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგნლები და ა. შ.).
სწორედ “დაჩეხილი” მაგიდის პირობებშია შესაძლებელი დემოკრატია. იქ სადაც წინაპრების სადღეგრძელო წარმოითქმის, ადგილი არ არის არატრადიციული კულტურისათვის. თამადა შეუძლებელია არატრადიციული ღირებულებების მატარებელი იყოს. წარმოიდგინეთ იეღოველი ან მეშვიდე დღის ადვენტისტი თამადა, შესაბამისად, საქართველოში იეღოველები და სხვა რელიგიური ორიენტაციის ქართველი ვერასოდეს გახდება არათუ ქვეყნის პირველი პირი, არამედ პატარა რაიონის გამგებელიც კი. მაგრამ ეს ხდება არა იმის გამო, რომ ქართველი რელიგიური მრწამსის სიწმინდეს იცავს, არამედ იმიტომ, რომ რელიგია გაგებულია, როგორც მორალური იმპერატივებისაგან დაცლილი წმინდა რიტუალი.
სუფრის რიტუალით ჩანაცვლებულია რელიგიურ დოგმები და მორალურ იმპერატივები. კვებითი სტანდარტების და სუფრასთან დაკავშირებული მოლოდინების გაცრუება უფრო მეტ კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის, ვიდრე რელიგიურ მსოფლმხედველობათა შეუთავსებლობა. სუფრა და მისი წესები მოლოდინების ერთგვაროვან სრუქტურას ქმნის. იეღოველის ან კიდევ სხვა რელიგიური მომდინარეობის წარმომადგენლის სუფრული, გასტრონომიული ქცევის და ვერბალური აქტების (სადღეგრძელოების სისტემა და სუფრული საუბრების თემა) ტრადიციული სუფრის ნორმებთან შუთავსებლობაა ნამდვილ კონფლიქტურ სიტუაციის საბაბი. არატრადიციული რელიგიური ორიენტაციის ადამიანი მიუღებელია იმიტომ, რომ ის სუფრასთან მიმართებაში არ იქცევა საყოველთაოდ გავრცელებული მოდელის თანახმად, ანუ ის არღვევს მეტნაკლებად ჰომოგენურ კვებით რეჟიმს: “არ ჭამს და არ სვამს ჩვენსავით”, “ისინი” არ ქეიფობენ ისე, როგორც “ჩვენ”, არ ხარჯავენ (ანუ აქვთ განსხვავებული ხარჯვის ეკონომიკა) როგორც “ჩვენ”, არ ამბობენ იმ სადღეგრძელოებს, რასაც “ჩვენ” ვამბობთ, არა აქვთ სტუმარ -მასპინძლობის ის წესი, რაც გვაქვს “ჩვენ” და ა. შ. აქ წყდება უნივერსალური კონფორმიზმის ქართველური ყოველდღიურობის ფილოსოფიის “მოთმინების”ჯაჭვი. მხოლოდ გასტროკულტურული შეუთავსებლობის ნიადაგზე იღებს კამათი და დაპირისპირება ჭეშმარიტად “შეუწყნარებელ” სახეს.
https://burusi.wordpress.com/2010/05/20/emzar-jgerenaia-2/