#45189466 · 17 Jul 2015, 14:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბასიანის ბრძოლა
ბასიანის ბრძოლა 1203წ, საქართველოს სამეფო ლაშქრის ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბასიანში (ახლა თურქეთის ტერიტორია), ქ. არზრუმიდან ჩრდილოეთ აღმოსავლეთით დაახლოებით 60 კმ-ზე. შამქორის ბრძოლაში 1195 აღმოსავლეთ თურქ-სელჩუკთა კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ საქართველო წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდა წინა აზიაში. იგი ესრწაფებოდა საზღვრების გაფართოებას და სელჩუკთა საბოლოო უკუგდებას. რუმის სულთანმა რუქნადინმა მიზნად დაისახა შავიზღვისპირეთის ხელში ჩაგდება და აღმოსავლეთში გაბატონება. მან ერზინკის, აბულისტანის, ბორიტის, არზრუმისა და შამის (სირია) მფლობელებთან ერთად დაახლოებით 400 ათ. ჯარით საქართველოზე გამოილაშქრა. ბოლისტეკს (ჰასანყალა) მოსულმა რუქნადინმა თამარ მეფეს მოციქულის პირით დამორჩილება მოსთხოვა. დროის მოგების მიზნით ქართველებმა სულთნის მოციქულს პასუხი დაუყოვნეს, სასწრაფოდ ჯავახეთში ლაშქარი შეჰყარეს (დაახლოებით 90 ათასი კაცი). დავით სოსლანის რჩევით, გადაწყვიტეს მტერს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს.
სულთნის ლაშქარს ბასიანში ბუნებრივი სიმაგრეებით დაცული პოზიცია ეკავა, ამიტომ ქართველებმა ხერხს მიმართეს: ღამით ჩუმად მტრის ბანაკს მიადგნენ და ჯარები საბრძოლველად დააწყვეს. მარჯვენა ფრთაზე "აფხაზნი და იმერელნი" იდგნენ, მარცხენაზე - "ამერელნი და ჰერნ-კახნი", ცენტრში - 30-40 ათასიანი რაზმი შალვა და ივანე ახალციხელებისა და "სხვათა თორელთა". წინამებრძოლთა რაზმს სათავეში ედგა ზაქარია მხარგრძელი. ბრძოლის საერთო მეთაური იყო დავით სოსლანი.
ქართველებმა იერიშის წინ მტრის მოციქული გაათავისუფლეს და სანამ იგი რუქნადინთან დაბრუნდებოდა, ქართველთა მეწინავენი განთიადისას მტრის ბანაკში შეიჭრნენ. მოულოდნელმა თავდასხმამ სელჩუკთა ლაშქარში არეულობა გამოიწვია. რუქნადინდა შეძლო უკუქცეულთა შეჩერება, საბრძოლველად დაწყობა და შეტევაზე გადასვლა. ხელჩართულ ბრძოლაში ორივე მხარეს დიდი ზარალი მოსდიოდა. მთიანი ოღროჩოღრო ბრძოლის ველი ცხენოსანთა მოქმედებას ზღუდავდა, ამიტომ ქართველები ჩამოქვეითდნენ და ისე იგერიებდნენ იერიშებს. მტერმა ბრძოლაში ახალი ძალები ჩააბა. ქართველთა მეწინავეებმა მათი შეკავება ვეღარ შეძლეს. რუქნადინს ბრძოლა მოგებული ეგონა, მაგრამ ქართველებმა ჩასაფრებული მთავარი ძალები აამოქმედეს. ჯერ დავით სოსლანმა მარცხენა მხრიდან შეუტია, როდესაც რუქნადინმა თავისი ძალები მის წინააღმდეგ გადაისროლა, მარჯვენა ფრთიდან ამერთა და ჰერეთ-კახეთის რაზმები გადავიდნენ შეტევაზე. თურქებმა ვერ გაუძლეს ორმხრივ იერიშს და "ზარგახდილნი" (თავზარდაცემულნი) უკუიქცნენ.
ქართველებმა მტერს დაღამებამდე სდიეს, ხელთ იგდეს დიდი ალაფი, სულთნის დროშა და უამრავი ტყვე. დაჭრილი რუქნადინი ბრძოლის ველიდან არზრუმს გაიქცა. ბასიანის ბრძოლამ კიდევ უფრო გაამტკიცა საქართველოს ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში. * * * ბონუსად მოყვება შამქორის ბრძოლა.
შამქორის ბრძოლა (1195წ) შამქორის ბრძოლა – 1195 წლის 1 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო ლაშქრის ბრძოლა ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის (1191-1210) წინააღმდეგ შამქორის (ახლანდელი აზერბაიჯანი) მახლობლად.
აზერბაიჯანის ილდეღიზიდი ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის (1186-1191) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის ატყდა. შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ აღსართან I-ს (ახსითან I) დაესიძა. აბუ ბაქრმა მალე ისინიც დაამარცხა. იმავე ხანს მიწისძვრამ დააქცია შირვანის მთავარი ქალაქი შემახა და ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ.
ამის შემდეგ აღსართანი და ამირ მირანი პირადად ეახლნენ თამარს. საქართველოში მათ საზეიმო მიღება გაუმართეს და ლაშქრობის თადარიგიც დაიჭირეს. ათაბეგი აბუ ბაქრიც შეუდგა მზადებას და მეზობელ მუსლიმან გამგებლებსაც უხმო საომრად. ბაღდადის ხალიფამ მას თავისი დროშა და ათასი ოქრო გამოუგზავნა. აბუ ბაქრმა ქალაქი განძა მიატოვა, დასავლეთისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის შესახვედრად და ციხე-ქალაქ შამქორთან დაბანაკდა. საქართველოს ლაშქარს დავით სოსლანი სარდლობდა. შამქორს რომ მიუახლოვდნენ, მან ორად გაჰყო ლაშქარი. შედარებით მცირე ნაწილმა ქალაქის კართან გამართა ბრძოლა, უფრო დიდი ნაწილით კი დავით სოსლანმა შამქორი მარჯვნივ მოიტოვა და ღრმა რეიდი განახორციელა მტრის ზურგში. ცუდი და უვალი გზის გამო მის ლაშქარს შეაგვიანდა და ქალაქის კართან მებრძოლ რაზმს ერთხანს გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს დავით სოსლანი წამოეშველა ძირითადი ლაშქრით და ამან გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.
აბუ ბაქრმა გაქცევით უშველა თავს. ქართველებმა განძის ბაღებამდე სდიეს მოწინააღმდეგეს. მეორე დღეს შამქორელებმა ქალაქის კლიტეები მოართვეს ქართველებს. მალე განძაც მათ დამორჩილდა. შამქორის ბრძოლაში ქართველთა ლაშქარმა დიდი ნადავლი აიღო. ნადავლში იყო ხალიფას მიერ გამოგზავნილი დროშაც, რომელიც თამარმა გელათის მონასტერს შესწირა.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართველებმა შამქორის ბრძოლაში დაამარცხეს მუსლიმანური ქვეყნების უზარმაზარი კოალიციური ლაშქარი, რომელშიც თითქოს შუა აზიიდან და ინდოეთიდან მოსული ჯარიც კი იყო. სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთში მაშინ არ იყო შესაფერისი სიტუაცია კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად. ქართველებს საქმე ჰქონდათ ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის სამხედრო ძალასთან, რომელსაც შესაძლოა, მეზობელი ამირები მიეშველნენ თავიანთი რაზმებით.
This post has been edited by Irakli2013 on 17 Jul 2015, 14:29
--------------------
You see, in this world there's two kinds of people, my friend: those with loaded gun and those who dig. You — dig
☩ Дорога возникает под шагами идущего ☩
Anything is possible -------- Dallas Mavericks
FC Liverpool --------
|