„ქამრების შემოჭერის“ ფონზე ხელისუფლება ხარჯებს ზრდის. ამასთან, საუბარია არა სოციალურ მიმართულებაზე, არამედ ბიზნესისთვის დამატებითი რეგულაციის, უალკოჰოლო სასმელების მარკირების ვალდებულების დაკისრებაზე.
ხელისუფლებას სურს, ეს ვალდებულება, რომლის შემოღებასაც ბიზნესი თითქმის 5 წელია ეწინააღმდეგება, უახლოეს თვეებში აამოქმედოს. ხოლო თანხას არა ბიზნესი, არამედ შემოსავლების სამსახური გადაიხდის, თუმცა მხოლოდ ამ ეტაპზე. დაეკისრება თუ არა ახლო მომავალში ამ ხარჯების გაღება ბიზნესს, ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ, თავად მეწარმეებს კი მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებაში ეჭვი არ ეპარებათ.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტად მეზობელი ქვეყნების პრაქტიკა მოჰყავს და სომხეთის მაგალითს ასახელებს, სადაც, მისი თქმით, აქციზური მარკებითაა დამარკული წყალი, კოკა კოლა და სხვა უალკოჰოლო სასმელები.
რაც შეეხება პროექტის დაფინანსებას, მინისტრი ამბობს, რომ თანხებს ამ ეტაპზე გადაიხდის შემოსავლების სამსახური და არა ბიუჯეტი, და ბინზნესს ამ თანხების გადახდა არ მოუწევს.
ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახური დაფინსნსების ნაწილს ფასიანი მომსახურებებიდან იღებს და სწორედ ამ თანხებიდან დაფინანსდება მარკირება.
კითხვაზე, რატომ დადგა მარკირების შემოღების აუცილებლობა, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მიზანი აღრიცხვიანობის მოწესრიგებაა. მინისტრის თქმით, მას იმედი აქვს, რომ დიდ საწარმოებს ეს ისედაც მოწესრიგებული აქვთ, მაგრამ „გადამოწმება არ შეგვიშლის ხელს, რადგან საკმაოდ სერიოზულია ამ დარგის პოტენციალი.“
მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებას აბსურდულს, პარადოქსულსა და ბიზნესისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურისგან შესაბამისი დოკუმენტაცია მისმა საწარმომ უკვე მიიღო. დოკუმენტში წერია, რომ ხელისუფლება თავად დააფინანსებს მარკირებისთვის საჭირო ტექნოლოგიებს, რაც მხოლოდ „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შემთხვევაში ერთი წლის დაანგარიშებით, მილიონ ასი ათასი ლარი დაჯდება. შესაბამისად, ამ ბიზნესის ყველა მოთამაშის გათვალისწინებით, წელიწადში ამ სერვისით სარგებლობა უალკოჰოლო სასმელების მთელ ბიზნესს 10 მილიონამდე ლარი დაუჯდება. თანაც, ეს თანხა წავა არა ბიუჯეტში, არამედ უცხო კომპანიის ანგარიშზე.
„ბიზნესი უკვე 5 წელია ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ მიიღო. ჩვენ არ გვსურდა ამ აბსურდული ხარჯის აღება საკუთარ თავზე, რადგან ვერ ვხედავთ ამის აუცილებლობას და არც ახლა დავუშვებთ ამას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამისთვის. რა უნდა შეგვიმოწმოს ხელისუფლებამ? ამბობენ, რომ აღურიცხავი საქონელი. ეს არის საბჭოთა მიდგომა, ტერმინიც კი საბჭოთაა. თანაც ბიზნესისთვის შეურაცხმყოფელი, რადგან იგულისხმება, რომ ხელისუფლებას გარკვეული ეჭვი აქვს ჩემი კომპანიის მიმართ, კომპანიის, რომელსაც ბიუჯეტში მილიონები შეაქვს და რომელიც მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს. შესაძლოა, სხვა, მაგალითად რაიონებში არსებული, ლიმონათების მცირე საწარმოებისადმი ჰქონდეთ კითხვები, მაგრამ ამის აღრიცხვა სხვა ტექნოლოგიებითაა შესაძლებელი, ხოლო თუ ამ მცირე კომპანიებს ამ ხარჯს დააკისრებენ, ისინი გაკოტრდებიან და ადამიანები რეგიონებში უსამსახუროდ დარჩებიან. ჩემნაირ დიდ საწარმოებს კი მთვლელი ისედაც აქვს. არ მესმის, რაში იხდის სახელმწიფო მილიონებს, როცა ლარი უფასურდება, ეკონომიკის ზრდის ტემპები ეცემა და ლამისაა ბიუჯეტის სეკვესტრზე დაიწყონ საუბრები,“ – აცხადებს ჭყონია.
მისი თქმით, ხელისუფლება, მომავალი წლიდან ამ ხარჯებს სავარაუდოდ, თავად ბიზნესს დააკისრებს. თუმცა ჭყონია ამბობს, რომ პრინციპულია საკითხის არა ეს მხარე, არამედ ის, რომ ზოგადად, ეს წყალში გადაყრილი ფულია და სარგებელს მხოლოდ შვეიცარიული კომპანია ნახავს.
„რომელ ბიზნესის თავისუფლებაზეა საუბარი, როდესაც ჯერ ლუდის კომპანიებს აქციზი გაუზარდეს და ლუდის სმა შეზღუდეს, ახლა კი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს სრულიად გაუგებარი ხარჯს გვაკისრებენ. შეიძლება, ვინმემ თქვას – სახელმწიფო თავის თავზე იღებს ამ ხარჯს და შენ რა გადარდებსო? მე ვერ შევეგუები ასეთ მიდგომას. ეს ფულიც ჩემი შეტანილია ბიუჯეტში და ჩემთვის სულერთი არ არის, როგორ დახარჯავს მას მთავრობა. ასეთი მიდგომა აზარალებს ქვეყანასაც და ბიზნესსაც,“ – ამბობს ჭყონია.
რაც შეეხება შვეიცარიულ კომპანიას, ბიზნესმენის თქმით, ბიზნესს რომ წინააღმდეგობა არ გაეწია ამ ინიციატივისთვის, 4 წელიწადში ეს კომპანია 40 მილიონ ლარს მიიღებდა, რაც, მისი შეფასებით, ალოგიკური და გაუგებარია. თემურ ჭყონია ამბობს, რომ თუ უალკოჰოლო სასმელების კომპანიებს დაუწესებენ ამ რეგულაციებს, ხვალ და ზეგ იგივე შესაძლოა სხვა ბიზნესებმაც იწვნიონ. ამიტომ გაჩერებას არ აპირებს და, როგორც ამბობს, ბოლომდე იბრძოლებს ამ აბსურდული რეგულაციის წინააღმდეგ.
რაც შეეხება ნოდარ ხადურის განმარტებას, რომ შვეიცარიულ კომპანიას ფულს გადაუხდის არა ბიზნესი და ბიუჯეტი, არამედ შემოსავლების სამსახური, თემურ ჭყონიასთვის ასეთი მიდგომაც მიუღებელია, რადგან, როგორც ამბობს, აღნიშნულ ფულს გარკვეული მიზანი ექნებოდა, მაგალითად, შემოსავლების სამსახურის რომელიმე სერვისების განვითარება ან თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემა. ახლა კი, ვერც თანამშრომლები მიიღებენ პრემიებს და ვერც სერვისები განვითარდება, სამაგიეროდ შვეიცარიული კომპანია გამდიდრდება.
„გამოდის, ამ ფულს პატრონი არ ჰყავდა და შვეიცარიული კომპანიის სახით პატრონი გამოუჩნდა. მთელი ფული, რაც ტრიალებს ქვეყანაში. არის ბიზნესის ფული. ესაა ჩვენს მიერ გადახდილი ფული. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამას და არ დავუშვებ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს. მე ვეუბნები მთავრობას – მე მაქვს შესაბამისი აპარატურა, რომლის მონაცემებს, სრულიად უფასოდ, მივუერთებ შემოსავლების სამსახურის სერვერს, მე თავად გადავუხდი ხელფასს ამ მონაცემების ანალიტიკოსს. მილიონის ნაცვლად ორ მილიონს გადავიხდი, თუ მეცოდინება, რომ ეს ფული საქართველოში დარჩება. ამ ფულით საქართველოს მოქალაქე გამდიდრდება და უფრო მეტ „კოკა კოლას“ იყიდის. რატომ უნდა დავაფინანსო მე, ქართულმა ბიზნესმა, შვეიცარიული კომპანია. ის თავის ქვეყანაში უკეთებს პროდუქციას მარკირებას? იკითხეთ, რატომ გამოაძევეს ეს შვეიცარიული კომპანია უამრავი ქვეყნიდან? ასევე იკითხეთ, რომელ განვითარებულ ქვეყანაში იხდიან ამდენ თანხებს მარკირებაში. სომხეთთან ქართული ბიზნესის შედარება არასწორია, სომხეთთან შედარებით ჩვენთან სხვა ეტაპზეა ბიზნესი. აქ არ არის შავი ბიზნესი და ამით უნდა ამაყობდეს ხელისუფლება, ის კი ატარებს იდეოლოგიას, რომ აქ რაღაც გასაკონტროლებელია და ეს თავად უნდა გააკონტროლოს,“ – აცხადებს ჭყონია.
მისი შეფასებით, გარდა ამ ფაქტორებისა, ეს ინიციატივა ბიზნესს არასტაბილურობის განცდასაც უჩენს.
„ესაა სუბიექტური შეხედულებები იმ ფორმულებზე, რომლითაც მსოფლიო შენდება. სახელმწიფო აპირებს მომსახურების იმპორტს. ადგილობრივი წარმოება მხოლოდ ჭოპორტის პამიდვრის მოყვანა არ არის. ესაა სერვისების ადგილზე განვითარებაც. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, როგორც ამას ბოლო 5 წელია ვაკეთებთ და ხელისუფლებას არ მივცემთ საშუალებას, ეს შეცდომა დაუშვას,“– აცხადებს ჭყონია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის №129 ბრძანების საფუძველზე, არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი განისაზღვრა. თავად ეს ბრძანება წარმოადგენს ცვლილებას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში.
2012 წლის 24 აპრილის ბრძანების თანახმად, არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები) მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება. სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის გვერდზე, თავსახურზე ან ტარის ძირზე.
ელექტრონულ მარკირებას საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, განახორციელებს შვეიცარული კომპანია „SICPA Security Solutions SA".
შვეიცარიული კომპანიის მიერ შემოთავაზებული სისტემით, პროდუქციაზე მარკირების განხორციელება შესაძლებელია სპეციალური უნიკალური დამცავი კოდის მეშვეობით, რომელიც დაიტანება მარკაზე ან უშუალოდ საქონელზე. საწარმოო ხაზზე პროდუქციის მოძრაობას აკონტროლებს კომპანიის მიერ წარმოებული აპარატები, რომელთა საშუალებითაც ხდება პროდუქციის ამოცნობა, მარკირება, დატანილი მარკის ხარისხის კონტროლი და მარკის უნიკალური კოდის ბაზაში აქტივაცია.
საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ სავალდებულო მარკირების შემოღების არგუმენტად პროდუქციის ფალსიფიკაციისგან დაცვა დაასახელა, თუმცა მარკირება ისეთ პროდუქციას ეხება, რომლის მასშტაბური ფალსიფიკაცია საქართველოში არ დაფიქსირებულა.
წყარო:
http://www.commersant.ge/index.php?m=5&new...=24641&cat_id=6აწუწუნდა ჭყონია, ვეღარ მოიპარავს აწი