
ორ მთავარ ძალოვან პოსტს ივანიშვილის კადრები დაიკავებენ - რა ვერსიებზე საუბრობენ პოლიტიკურ კულუარებში
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების შედეგად ჩამოყალიბებული ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის პოსტი ვახტანგ გომელაურსა და ანზორ ჩუბინიძეს შორის გაიყოფა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაურს ჩააბარებენ, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე დაინიშნება, - ასეთია ის მოლოდინები და ვერსიები, რომელიც ამჟამად პარლამენტში არსებობს და რომლის თაობაზეც დეპუტატები პოზიციას კერძო საუბრებში აფიქსირებენ. პოლიტიკურ კულუარებში ელიან, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი პოსტი იმ პირებს შორის განაწილდება, რომელზეც შეთავაზებას ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს, რომლებიც ივანიშვილისთვის იქნებიან საიმედო და კომფორტული. სწორედ ასეთებად მოიაზრებიან ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე – ისინი პოლიტურ და საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის სამსახურიდან მოვიდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურის დასახელებას ხვალისთვის აპირებს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებითა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ორად გაიყო და მოხდა საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
1-ელი აგვისტოდან იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციად ორი მთავარი ფუნქცია განისაზღვრა – ეს არის მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება, ასევე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკების და გამოწვევების ანალიზი.
უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი მიმართულებები იქნება: სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული და სხვა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების
დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა რეალიზაცია და მათი შესრულების კონტროლი და სხვა.
დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გადავა ისეთი დანაყოფები, როგორიც არის: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი – ე.წ. შავნაბადას დანაყოფი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი საპოლიციო დანაყოფები რჩება: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მომსახურების სააგენტო, დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სააგენტო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას მთავრობას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს, ხოლო მთავრობის მიერ კანდიდატურის მოწონების შემთხვევაში, ასარჩევად პარლამენტს წარედგინება. კანონის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი, სამსახურის უფროსს 6-წლის ვადით ირჩევს. ერთი და იგივე პირი კი, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორმაგ დაქვემდებარებაში იქნება: ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.
თეონა ბიწაძე
AMBEBI.GE
მადლობა თეო.
თქვენც ანზორაზე გაქვთ ეჭვი?
ან ვაფშე უსუფაშვილი დათმობს ამ ადგილს?
რავი, რავი.... რთული სათქმელია.
მარა სიტყვაზე უსუფამ დათმო ეგ სავარძელი, სანაცვლოდ რას აძლევს ბიძინა?
მეორე: ვთქვათ და უსუფას კაცი დაჯდა მაგ ადგილას, სანაცვლოდ რას იძლევა უსუფა?
ან იქნებ მარტო თავდაცვა იკმარა უსუფაშვილმა??
აი ასეთ საგონებელში ვარ ხალხნო, დღე და ღამე არა მძინავ