ქართველი დედა, რომელმაც შვილის მკვლელს შეუნდო, მკვლელის დედას კი თანაუგრძნო
ქართველი დედა, რომელმაც შვილის მკვლელს შეუნდო, მკვლელის დედას კი თანაუგრძნო
15:26 21.07.2015
[დავით ჯაბაშვილი]
სამწუხაროდ, „პრესა.ჯი“-ს არქივი არა ერთი ახალგაზრდას მკვლელობის ამსახველ შემზარავ ისტორიებს ინახავს, წლების განმავლობაში არა ერთი ჭირისუფალი ჩამიწერია, თუმცა დღეს მინდა გაგაცნოთ დედა, რომელმაც თავისი 18 წლის ბიჭის მკვლელს შეუნდო და მკვლელის დედას თანაგრძნობა გამოუცხადა.
ეს 2 თვის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცივი იარაღით მოკლული 18 წლის ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილია.
ქალბატონ მარიკასთან ინტერვიუ ჯერ კიდევ მაშინ დავგეგმე, როცა ბეგი სიონის ტაძრიდან გამოასვენეს, მაშინ მითხრა მოვა დრო და ჩემს ვაჟს უკეთ გაგაცნობო.
დღეს სტანდარტული კითხვებით მივმართე, ვეცადე მკვლელობის მოტივზე და შესაძლო თანამონაწილეზე მესაუბრა მასთან, თუმცა, ქალბატონ მარიკასგან ძალიან უჩვეულო პასუხები მივიღე.
მარიკა ზედელაშვილი: იმ საბედისწერო დღესაც ტელეფონით მესაუბრა, მეგობრისთვის, რომელსაც რაღაც დიდი პრობლემაჰქონდა, ფული უნდა ეჩუქებინა და მეკითხებოდა, სად დევსო... ამ დროს ზურგიდან ჩაურტყამთ დანა. შეძახილიც გავიგე: ვინ ხარ, რა გინდაო? ტელეფონი გაითიშა... რომ დავურეკე, მიპასუხა: დედი დამჭრესო! გავიქეცი უკვე საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა...
„პრესა.ჯი“: ოფიციალური ინფორმაციით, თქვენი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ბეგიზე ერთი წლით უფროსი 19 წლის როინ ქარდავაა. ამბობენ, რომ მას თანამონაწილე ჰყავდა...
- კი, ამბობენ... თუმცა, ძალიან არ მინდა გამოძიების დასრულებამდე შეფასებები ვაკეთო, გამიგეთ... ვიფიქროთ ეჭვმიტანილის დედაზე, რომელიც ერთადერთმა შვილმა ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ვიფიქროთ დედაზე, რომელიც კიდევ დიდი ხანი ერ ნახავს მონატრებულ შვილს. საერთოდ უფრო მეტ დადებითზე ვიფიქროთ. მე ახლა რაიონში ვარ, როგორც კი ჩამოვალ ჩემთან დაგპატიჟებთ, რომ გაიცნოთ ჩემი ბეგი, რომელმაც მისი გარდაცვალება თითქოს იწინასწარმეტყველა, მან ლექსში დაწერა, რომ „გაპატიე, რადგან არ იცი რა ჩაიდინეო“... მინდა ბეგის შემოქმედება გავაცნოთ საზოგადოებას, რადგან ეს იქნება გაფრთხილება, მოწოდება... მისი იდეა სიყვარული იყო. „სიძულვილში მეძებდი და სიყვარულში მპოვეო“- აი ასეთი ფრაზები აქვს დაწერილი ჩემს ვაჟს.
- თქვენი შვილი რომ ყველას უყვარდა ეს სიონში მისი გამოსვენებისას ნათლად ჩანდა, ახალგაზრდა ბიჭები მასზე საუბრისას ემოციებს ვერ უყრიდნენ თავს...
- ბეგი ახლაც არ ტოვებს მის მეგობრებს, ერთ-ერთს დაესიზმრა, როგორ იჯდა ბეგი მოწყენილი, რომ უკითხავს მიზეზი უთქვამს რომ საზოგადებამ ისეთი ვერ გამიცნო როგორიც ვიყავიო. „რისი შეცვლა მინდოდა ვერ შევცვალეო“- უთქვამს საუკეთესო მეგობრისთვის სიზმარში.
პატრიარქმაც მიგვიღო, მან ბეგი და მისი მეგობრები კიდევ ერთხელ დალოცა... რომ შევედით მასთან, საპატრიაქროს პირველ სართულზე თეთრი მტრედი დაგვხვდა, მჯერა, რომ ლოცვის დროს ბეგის სული მოფრინდა იქ. ძალიან გამამხნევა უწმინდესმა, მითხრა, რომ ბეგი ჩვენთან არის და მისთვის ლოცვა უნდა გავაგრძელო. ჩვენ აქეთ ვინც ვართ, რწმენით უნდა ვიცხოვროთ და სიყვარულში...
- მე არ მახსენდება დედა, რომელმაც შვილის მკვლელს შეუნდო...
- ძალიან მენანება ის ახალგაზრდა... განსაკუთრებით დედამისი, ისიც დედის ერთა იყო... ბეგის ერთი ასეთი ფრაზა აქვს: „იქიდან მოგიტევებ, რადგან ვიცი, რომ შენ ეს არ გინდოდაო“... „მინდა ერთი ძაფი ვიყო, საუკუნის ქსოვაშიო“- წერს ბეგი თავის უბის წიგნაკში.
18 წლის ახალგაზრდა, 25 მაისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული გარდაცვლილზე ერთი წლით უფროსი 19 წლის როინ ქარდავაა, რომელიც პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
მკვლელობის დღესვე ითქვა, რომ მკვლელობისას ქარდავა მარტო არ იმყოფებოდა. მეზობლებმა დაინახეს, რომ ეჭვმიტანილი თანმხლებ პირთან ერთად გარბოდა.
ბეგის მეგობრები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ მამალაძეს პირველმა დანა როინ ქარდავამ დაარტყა, შემდეგი ჭრილობა კი მასთან ერთად მყოფმა პირმა მიაყენა.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. გარდაცვლილის მეგობრები აცხადებენ, რომ ქარდავასა და მამალაძეს კონფლიქტი პეროსვკაიაზე, ერთ-ერთ ბარში მოუვიდათ.
მეორე დღეს კი 19 წლის ეჭვმიტანილი მსხვერპლს საცხოვრებელ სახლთან დახვდა და დაახლოებით 17:00 საათზე მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.
http://presa.ge/new/?m=society&AID=36458ალბათ უნდა გამეხსნა ამაზე თემა,რადგან ესეთი რამ იშვიათად ხდება ცხოვრებაში.ეს ბიჭი ჩემი მეზობელის დისშვილი აღმოჩნდა(ფეისბუკიდან გავიგე) და ნინოს უდიდეს პატივს ვსცემდი და ეხლაც ვცემ(მთელ ოჯახს),მაგრამ მისმა დამ ამ ქცევით დამარწმუნა,რომ მიტევება ერთეულებს შეუძლიათ ბხოლოდ და ესეთი ქალი ცუდ შვილს ვერანაირად ვერ გაზრდიდა.კიდევ ერთხელ გაანათლოს ეს ბიჭი უფალმა.