კი, ამას ჰგავს
ყველა საშუალებას იყენებენ
საქართველოში არეულობა და არასტაბილურობა მხოლოდ რუსებს აწყობთ, ენერგეტიკა კი მაგათ ხელშია
რომელი კომპანია აძვირებს და ვინ დგას მათ უკან?
- ენერგეტიკაში სემეკის მიერ სიცრუეზე აგებულ არგუმენტებზე მე დიდი ხანია ვსაუბრობ. სემეკი ასრულებს დავალებას - ახლა არ დამიწყოს ვინმემ მტკიცება, რომ სემეკი დამოუკიდებელია და თავად იღებს გადაწყვეტილებებს. ენერგომაფიას მთავრობასა და ხელისუფლებაში სერიოზული ლობი ჰყავს და ტარიფების ზრდაც მათი ინტერესების შესაბამისად ხდება! ტარიფების ზრდა კიდევ უფრო დაარტყამს ეკონომიკას, შეზღუდავს მცირე და საშუალო ბიზნესს და ეს სულ მალე, წლის ბოლომდე აუცილებლად გამოჩნდება.
ასე რომ, ის შავბნელი პერიოდი, რომელიც ენერგეტიკაში შევარდნაძის დროს დაიწყო, კვლავ გრძელდება, რადგან ენერგოსფეროში მაშინდელი ყველა აქტორი კვლავ სერიოზულ პოზიციებს ინარჩუნებს. მათ კარგად იციან თუ როგორ უნდა ძარცვონ საკუთარი მოსახლეობა. ამ სიტუაციაში სემეკი უსუსურად გამოიყურება და ვფიქრობ, რომ იგი სულ უფრო ემსგავსება წურბელა ორგანიზაციას.
- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში შევარდნაძისდროინდელი ენერგომაფია პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს?
- ამის თქმის საფუძველს მაძლევს ენერგოტარიფები, ქვეყანის ენერგეტიკული პოლიტიკა, განცხადებები იმის შესახებ, რომ ეკონომიკა თითქოს იზრდება, ეკონომიკაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და ჩვენ უნდა ვაშენოთ ჰესები და შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გავყიდოთ თურქეთში, თითქოს ეს მაღალტექნოლოგიური ნაწარმი იყოს და ჩვენი რესურსებით ვემსახუროთ თურქეთის ეკონომიკას.
თბილისი ძალიან პატარა ქალაქია, ყველას ყველაფერზე ინფორმაცია გააჩნია. ტარიფების მომატების არავითარი საჭიროება არ არსებობდა. თუ რომელიმე კომპანია ვერ უვლის თავის საქმეს, გაკოტრებულია და როგორც სემეკის თავმჯდომარემ თქვა, რომ მათ უარყოფითი ბალანსი გაუჩნდებოდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია არ იცის შექმნილ ვითარებაში როგორ უნდა იმოქმედოს, შეიძლება გაკოტრდეს და მას ახალი მფლობელები დაეპატრონონ. რამდენ პრივილეგირებულ ენერგოჯგუფს საკუთარ ბიზნესში პრობლემა გაუჩნდება, იმდენჯერ მთავრობა ტარიფების ზრადზე მიდიოდეს, ამას ჰქვია ის, რასაც მე ვუწოდებ ენერგომაფიას, რომელსაც ხელისუფლებაზე სერიოზული გავლენა აქვს.
- მას შემდეგ რაც სემეკმა თავის გადაწყვეტილება გაასაჯაროა, ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველებისათვის ელექტროენერგიის მომატებული გადასახადის სუბსიდირების რამდენიმე სქემაზე დაიწყო საუბარი. ჯერ საბოლო გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. თქვენი აზრით, სოციალურად დაუცველთათვის ელექტროენერგიის გადასახადის რა ფორმა იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური?
- ამის თაობაზე მე ჯერ კიდევ ორწელწადნახევრის წინ ვწერდი, როდესაც ახლად მოსული ხელისუფლება 2013 წლის იანვარ-თებერვალში აპირებდა ტარიფების გაზრდას, როცა არაერთმა მაღალჩინოსანმა არაერთი სულელური განცხადება გააკეთა, - რომ მათ არჩევნების წინ დათვლა შეეშალათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მაშინაც და შემდეგაც ამ სფეროში რეფორმა უნდა გაკეთებულიყო ტარიფების მიუხედავად. უნდა არსებობდეს ერთიანი ტარიფი, მაგალითად, 12 თეთრი და მაშინ სოციალურად დაუცველებს შეიძლება გაეწიოთ სოციალური დახმარება, მაგრამ მოსახლეობის ეს ჯგუფი მკაცრად იდენტიფიცირებული უნდა იყოს. და არა ისე, როგორც ახლა გეგმავენ სუბსიდიებით პოპულისტურად მოქმედებას.
- ენერგეტიკა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება ნებისმიერი სახელმწიფოსა და ქვეყნის ეკონომიკის გამართული ფუნქციონირების საფუძველია. წინა ხელისუფლებას დღევანდელი მმართველი გუნდი რუსული კომპანიებისათვის ჰესების მიყიდვას ედავებოდა. საქმეში ჩახედული ხალხის მტკიცებით, ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, მეტიც - ხშირ შემთხვევაში საერთოდ გაუგებარია ვინ აშენებს ჰესებს საქართველოში. ამ თემაზე თუ გაქვთ მონაცემები? ის მაინც თუ ვიცით, რეალურად ვინ აშენებს ჰუდონჰესსა და აჭარაში მშენებარე ჰესებს, რომელთა აშენებას ადგილობრივები ხმაურიანად აპროტესტებენ?
- მე მაინტერესებს ზოგადი მდგომარეობა და არა ცალკეული ადამიანის ქმედება. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია უცნობი ვერ იქნება, დაახლოებით ცნობილია თქვენს მიერ ნახსენები ჰესების მშენებლები. უფრო დაზუსტებით ამ იმფორმაციის საჯარო რეესტრში მოძიება შეიძლება და შემდეგ შეიძლება იმის ანალიზი, ეს ფირმები უშუალოდ რას აკეთებენ.
ჩვენთვის მთავარია ენერგეტიკული პოლიტიკა ეკონომიკურ პოლიტიკაზე იყოს მიბმული. როცა ეკონომიკური პოლიტიკა განსაზღული არაა, ცალკე ენერგეტიკაზე საუბარი უაზრობაა - იმიტომ, რომ ენერგეტიკის განვითარება არ შეიძლება ეკონომიკის განვითარების ტემპზე უფრო სწრაფი იყოს. დღეს გამომუშავებული ელექტროენერგიის 80%-ს მოიხმარს მოსახლეობა, ხოლო ეკონომიკა მოიხმარს მხოლოდ 20%-ს. ეკონომიკის რომელ ზრდაზეა საუბარი? დეინდუსტრიალიზებული და განადგურებული ეკონომიკა ისეთი პროპორციით იყენებს ელექტროენერგიას, რომლის მსგავსი პროპორცია მსოფლიოში არ არის, მათ შორის არც აფრიკის ქვეყნებში. ვითარებაში, როცა ქვეყანას ძალიან უჭირს და ეკონომიკური მდგომარეობა საკმარისად დაძაბულია, ტყუილი ძალიან მძიმე მოსასმენია.
- ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ყველამ ვიცოდით, რომ საქართველოში მთის მდინარეების სიმრავლის გამო მცირე, დიდი და საშუალო ზომის უამრავი ჰესის მშენებლობა იყო შესაძლებელი და საქართველოს შეეძლო იმაზე გაცილებით მეტი ელექტროენერგიის გაყიდვა, ვიდრე მოიხმარდა. საბჭოთა წარსული კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ გაუგებარია ქართველი ბიზნესმენები რატომ არ კიდებენ ხელს ჰესების მშენებლობას? არავის არ ვერჩი, მაგრამ გაუგებარია ჩვენთან ჰესები მარტო ჩინელებმა, რუსებმა, ან სხვამ რატომ უნდა ააშენოს...
- საქმე ისაა, რომ ენერგეტიკა, როგორც იტყვიან, "ტორდადებული" სფეროა. იმ ქვეყანაში, სადაც კვაზი საბაზრო ეკონომიკაა, იქ სადაც ხელისუფლებაში ყოფნა ბიზნესების გადალაგებისა და ბიზნესში საკუთარი ინტერსების დალაგების უნიკალური საშუალებაა, სადაც პოლიტიკაა საუკეთესო ბიზნესი, იქ თავისუფალი მეწარმეობა ვერ განვითარდება და არც ვითარდება. ჩვენთან თავისუფალი მეწარმეს რომელიმე სფეროში შესვლა ასე იოლად არ შეუძლია. ის მიზეზები, რის გამოც ქვეყანა ასეა, ძალიან ფუნდამენტური პრობლემებითაა გამოწვეული. მათ შორის არის მართვის სფეროში არსებული პრობლემები – ჩვენი საბაზრო ეკონომიკის, რომელიც საბჭოთა ეკონომიკის ნაზავია, მართვა არ არის წასული ძალიან შორს საბჭოთა სისტემისგან და გარდა ამისა, რეალურ ეკონომიკაში საბაზრო ეკონომიკის ფრაზეოლოგია მხოლოდ საჯარო მსჯელობისას გამოიყენება.
- ამას წინათ კონკურენციის სააგენტომ 5 მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანია სერიოზული თანხებით დააჯარიმა. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ ბაზარი არავის მხრიდან არ იყოს მონოპოლიზებული. საუბარია იმაზე, რომ კვლევის ანალოგიურ ანგარიშს კონკურენციის სააგენტო სხვა სფეროებში არსებულ ვითარებაზეც გამოაქვეყნებს. არჩევნებამდე "ქართული ოცნება" მონოპოლიების წინააღმდეგ საკმაოდ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდა. მალე სამი წელი გახდება, რაც მმართველი გუნდი ხელისუფლებაშია. თქვენი აზრით, რამდენად წარმატებულია ხელისუფლების ბრძოლა მონოპოლიების წინააღმდეგ - თუ ენერგეტიკაში არა, სხვა სფეროებში მაინც?
- თამაშის წესებს ან აწესებ მთლიანობაში - ეკონომიკაში, საშინაო პოლიტიკაში, ანუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ან თამაშიც წესები შერჩევითია და გვაქვს ის სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. მონოპოლიებისა და ოლიგოპოლიური ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგი ჯერჯერობით ნულოვანია. ერთადერი დადებითი გამოვლენა არის მიძინებული კონკურენციის სააგენტოს დასკვნა კარტელური გარიგებების შესახებ ნავთობის რეალიზატორთა სფეროში. ეს ამბავი დიდი ხანია ცნობილი იყო, ამის თაობაზე მეც არაერთხელ მისაუბრია.
საქმე ისაა, რომ ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. რამდენად წარმატებით დასრულდება იგი, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ახლა მთავრობა საკმაოდ რთულ ვითარებაშია, თუ მან სასამართლოში წააგო პროცესი, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მას არ ყოფნის სერიოზული მონდომება და არა აქვს სერიოზული პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ ბიზნესს მიანიშნოს - მთავრობა არ ხუმრობს, ყველასთვის თამაშის ერთიანი წესები იქნება და აქ ოლიგოპოლიური ჯგუფები მთავრობასა და მოსახლეობას ვერ შესთავაზებენ იმ ფასებს, რომლითაც მათ მოსახლეობის ძარცვის საშუალება ექნებათ.
თუ ეს მოხდა, მთავრობა სწორად და საფუძვლინად დადგა თავის პოზიციაზე და გააგრძელა ეს ხაზი, მაშინ ჩვენ უნდა მივხდეთ იმას, რომ ამ თვალსაზრისით მთავრობას მართლაც სერიოზული რამ აქვს ჩაფიქრებული და ჩვენ ამას მხოლოდ უნდა მივესალმოთ. მოკლედ, ეს გადაწყვეტილება ბეწვის ხიდზე ჰკიდია. როგორც ვთქვი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, მთავრობა სასამართლოში ამ პროცესს წააგებს თუ მოიგებს.
- მალე მსოფლიო ბაზარზე ირანი თავის ნავთობსა და გაზს შეიტანს. ბევრი საუბარი მოგვისმენია საქართველოს გავლით ირანული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებაზე. თეირანი მზდაა ევროპას მიაწოდოს თავისი ნავთობი და გაზი. თქვენი ინფორმაციით, ამ თვალსაზრისით თუ იდგმება ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები და დღეს რეალურად რაზე შეიძლება იყოს მსჯელობა?
- არ ვიცი ამ საკითხზე ხელისუფლებაში რას ფიქრობენ. ირანისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა ნამდვილად მისასალმებელი საქმეა, რაც შეეხება ირანისა და კასპიის ნავთობის ევროპისკენ ტრანზიტს, ეს ისე არ მოხდება, როგორც საქართველოში ე.წ. პოლიტიკოსები, ანუ ვაიპოლიტიკოსები ფიქრობენ. კონფრონტაციულ რეჟიმში არც ერთი მსოფლიო დონის პროექტი ვერ განხორციელდება, რადგან დაპირისპირება მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებს შორის კასპიისა და ირანის ნავთობის ევროპაში მარშუტებსა და სწორედ ამ ენერგორესურსებზე კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზეა დამოკიდებული. ჯერ ეს თემები არც შეთანხმებული და არც დაბალანსებული არ არის. ამიტომ, საქართველო ვერანაირ პროექტში ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუ მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები არ შეთანხმდენიან და ინტერესთა ბალანსი არ შედგება.
- მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, პოლიტიკურ პროცესს არ ეტყობა, რომ საზაფხულო არდადეგები კარგა ხანია დაწყებულია. საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა ბევრია, მაგრამ თქვენ რაზე გაამახვილებდით ყურადღებას?
- ყველაზე საშინელი რაც არის, ეს გახლავთ ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან არასერიოზული შეფასებები და დემაგოგიური განცხადებები იმ მცოცავ ანექსიაზე რომელსაც რუსეთი ახორციელებს და რომელიც ყველაზე საშიშია. ეს იმაზე უფრო საშიში პროცესია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. რაც ხდება, შეუსაბამო პოლიტიკაა, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად არ ვმუშაობთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე. საქართველოს უსაფრთხოება გამორიცხულია თუ რუსეთიდან საფრთხე შენარჩუნებული იქნება. შესაძლოა ეს საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის მომაკვდინებელი საფრთხე იყოს, რადგან ძირითად მოთამაშებს შორის შეუთანხმებლობა, უდიდესი კონკურენცია და გეოსტრატეგიული პარადიგმების დაპირისპირებას უკავშირდება.
ამ თემაზე, ჰარი-ჰარალე, კომკავშირული განცხადებები, რასაც ჩვენ ჩვენივე ვაიპოლიტიკოსებიდან ვისმენთ, ქვეყანას გაცილებით უფრო დიდი საშიშროებისაკენ მიაქანებს. ყოველი გადმოწეული მეტრი ძალიან მძიმედ დასაბრუნებელი იქნება და დღეის მდგომარეობით საქართველოს არანაირი შანსი არ გააჩნია. თუ მომავალში გაჩნდება და ასეთი პოლიტიკა იქნა, მაშინ ფასიც არანორმალურად დიდი იქნება გადასახდელი, რომელიც საერთოდ შეზღუდავს ქართული პოლიტიკის თავისუფლების ხარისხს.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
http://www.interpressnews.ge/ge/interviu/3...sad-khdeba.html This post has been edited by anthropod on 27 Jul 2015, 09:56