საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, "თავისუფალი უნვიერსიტეტის" დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის ქვრივი, ნატალია ზოლოტოვა "ცოდნის ფონდში", ორ უნივერსიტეტსა და მათთან დაკავშირებულ სტრუქტურებში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს.
"მინდა, გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული შეშფოთება იმ მდგომარეობის გამო, რაც შექმნილია ჩემი მეუღლის მიერ დაარსებულ "ცოდნის ფონდში", ორ უნივერსიტეტსა და მათთან დაკავშირებულ სტრუქტურებში.
უნივერსიტეტებში სულ უფრო ღრმავდება კონფლიქტი, რაც გამოწვეულია ცოდნის ფონდის ხელმძღვანელობის მეთოდებისადმი უნდობლობით და შიშით ორი შესანიშნავი სასწავლო დაწესებულების მომავლის გამო, რომელთაც კახას სიცოცხლეში ბრწყინვალე რეპუტაცია და მაღალი რეიტინგი მოიპოვეს.
ცოდნის ფონდის ხელმძღვანელობის და მისი კუთვნილი ქონების მართვის უფლება გადაეცა თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერს ვახტანგ ლეჟავას მინდობილობის საფუძველზე, რომელიც გაიცა დაუსაბუთებლად. ასევე დაფარულად, განუხილველად და ყველასაგან შეუთანხმებლად, შეაქვთ ცვლილებები ფონდის წესდებაში, რომელიც თვით მისი დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის მიერაა დამტკიცებული. თამუნა კოვზირიძე გასცემს მინდობილობებს, თუმცა ირწმუნება, რომ სხვაგან მუშაობს და ფონდის საქმიანობასთან არავითარი შეხება აღარ აქვს. როგორც ცნობილია, ყოველგვარი მინდობილობა დროებითია, შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გაუქმდეს და გაიცეს კიდევ სხვა პირებზე. თუმცა, ამავდროულად, პასუხისმგებლობისგან მის გამცემ პირს არ ათავისუფლებს. ეს არის შეგნებული გზა პასუხისმგებლობისგან გაქცევისა, რომელსაც მმართველობისა და ხარჯების უკონტროლობისკენ მივყავართ.
გამჭვირვალობის აღდგენის მიზნით, მმართველობის და ხარჯების გაკონტროლების ყოველგვარი მცდელობა ბოიკოტირებულია, ან დიდ წინააღმდეგობებს აწყდება მათი მხრიდან, ვისაც მიეცათ დოკუმენტებით მანიპულირების საშუალება კახას გარდაცვალების შემდეგ. დღეის მდგომარეობით მათ გააჩნიათ ფონდისა და უნივერსიტეტების თანხებისა და ქონების უკონტროლო ხარჯვისა და განკარგვის უფლება, ცდილობენ ახალი კრედიტებისა და სესხების აღებას, რაც ზრდის ვალების დაგროვების საშიშროებას. მათ მიერ ჩაშლილ იქნა აუდიტის ჩატარების მცდელობა, რომელიც კომპანია Ernst & Young-ის თბილისის ფილიალს უნდა განეხორციელებინა. აუდიტორული შემოწმება მოგვცემდა ქონებისა და არსებული მდგომარეობის ზუსტად დაფიქსირების საშუალებას, რაც კახას წასვლის შემდეგ დარჩა, რითაც შევძლებდით ფონდის და უნივერსიტეტების ყველა რესურსის დაცვას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, ცოდნის ფონდმა ამ კომპანიასთან შეთანხმება არ გააფორმა და, ამდენად, აუდიტიც არ ჩატარდა, რის გარეშეც შეუძლებელია ქონების დაცვა, სრულყოფილი, ქმედითი სამეთვალყურეო და სამეურვეო საბჭოს შექმნა, სტაბილური ფინანსური უზრუნველყოფა.
ყოველგვარი საუბარი ვახტანგ ლეჟავასთან ფონდისა და უნივერსიტეტების მართვის გამჭვირვალე და სტაბილური სტრუქტურის შექმნის აუცილებლობაზე ერთ წერტილამდე მიდიოდა: ის კახას ოფიციალური და სრულუფლებიანი მემკვიდრის როლის მორგებას ცდილობდა. თუმცა, როცა მას სამომავლო პრობლემებზე ჩემი შიში გავუზიარე, მიპასუხა, რომ ძალიან დაკავებულია სხვა სამუშაოთი - კონსალტინგში და აქედან შეიძლება ნებისმიერ მომენტში წავიდეს. ერთპიროვნული ძალაუფლებისკენ სწრაფვა ნებისმიერ მომენტში პასუხისმგებლობისაგან გაქცევასთან ერთობლიობაში - დამეთანხმებით, ეს ძალიან საშიში კომბინაციაა ხელმძღვანელისთვის, რომლის წინაშეც უდიდესი მრავალწიანი გეგმები და ამოცანებია.
რამდენიმე დღის წინ მივიღე ვახტანგ ლეჟავასა და მისი სამი კოლეგის მიერ ხელმოწერილი წერილი. გამაოცა და უკიდურესად შემაშფოთა იმ ფაქტმა, რომ საერთოდ არ ესმით მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მდგომარეობისა და ფონდის იურიდიული სტატუსის მნიშვნელობა, ხელმძღვანელთა და, ასევე, ნდობით აღჭურვილ პირთა ვალდებულებები. უფრო მეტად კი მათი ქცევა მაშინებს, ვინც კახას სახელს ამოფარებულნი, მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებენ. ჩვენი ოჯახი, კოლეგები, ჩემი გარდაცვლილი მეუღლის მეგობრები და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში იზიარებს ამ შიშს და ეს მაძლევს იმის უფლებას, რომ აზრი ასე პირდაპირ გამოვხატო.
მე გამოვიყენებ ყველა იურიდიულ უფლებას, რომ უზრუნველვყო ცოდნის ფონდის გარანტირებული მომავალი საქართველოში. ფონდში შემავალი ყველა სახის ქონება იქ უნდა დარჩეს, არცერთი ლარი არ უნდა დაიკარგოს და მას პროფესიონალებმა და პასუხისმგებლობის მქონე მენეჯერებმა უნდა უხელმძღვანელონ. მხოლოდ ასე შეასრულებს ფონდი სამომავლოდ, უნივერსიტეტების სტაბილური დაფინანსების საიმედო ბაზის ფუნქციას. თუმცა, ჩემი აზრით, ადამიანები, განსაკუთრებით კი პედაგოგიური გუნდი, ყველაზე მნიშვნელოვანია. უზრუნველყოფილი მომავალი და მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა აუცილებელია როგორც პროფესორების, ასევე სტუდენტებისთვის.
ახლა მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ სიტუაციაზე გადავალ, რადგანაც ეს პირდაპირ კავშირშია ცოდნის ფონდის მომავალთან. მე როგორც კახას ქვრივი, გახლავართ მისი მემკვიდრე. 2015 წლის 16 მაისს მივიღე ოფიციალური დადასტურება მემკვიდრეობის უფლებაზე, ის სათანადო წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ აპოსტილით იყო დამოწმებული. 2015 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით ბევრი შეხვედრა მქონდა ჩემი მეუღლის ბიზნესის ცალკეული სტრუქტურების მენეჯერებთან. ეს ხდებოდა მემკვიდრეობის მართვის უფლების დადასტურების საფუძველზე, რაც, კანონის თანახმად, სამკვიდროს მიღებამდე გადმომეცა. ეს დოკუმენტიც, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ იყო აპოსტილირებული, შემოწმებული და მიღებული ყველა იმ სტრუქტურის მხრიდანაც, რომლებსაც კახას ბიზნესთან ჰქონდათ შეხება.
კანონით ეს უფლება ენიჭება მემკვიდრეს, რათა შეაჩეროს მფლობელის გარეშე დარჩენილი ქონების უკონტროლო ან არაკეთილსინდისიერი მართვა. ამ უფლებით იმისთვის ვსარგებლობდი, რომ იმ ყველაფრის დაუზიანებლად, რაც კახამ დატოვა, გავრკვეულიყავი ჩემს, როგორც მემკვიდრის ვალდებულებებსა და როლში. მაისის შუა რიცხვებში უნდა დაწყებულიყო რთული პროცესი ბიზნესის ახალ ფაზაში გადასვლისა, რომელიც ეხებოდა კახას მიერ დაარსებულ როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ სტრუქტურებს.
ანასტასია გონჩაროვამ ჩემს წინააღმდეგ ერთდროულად ორი სარჩელი შეიტანა: რუსეთში 6-თვიანი ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე და საქართველოში უკვე მას შემდეგ, რაც გადმომეცა სამკვიდრო მოწმობა. ამის შემდეგ მან დაიწყო ბრძოლა ჩემთვის აღნიშნული დოკუმენტით მონიჭებული უფლების შესაჩერებლად. მაშინათვე ცხადი გახდა, რომ მის ზურგს უკან იდგა ვიღაც მიზანმიმართული და გამოცდილი. მათ მოახერხეს სამკვიდრო მოწმობის მოქმედების დროებით შეჩერება, თუმცა, მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ რამოდენიმეჯერ უარი განაცხადა ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე.
ამჟამად, ეს გარემოებები ხელს მიშლის ვიმოქმედო როგორც კახას მემკვიდრემ და დავიწყო აქტივების ლეგიტიმური რესტრუქტურიზაციის პროცესი. საფრთხე ემუქრება კომერციული სტრუქტურების საქმიანობას, რომლებიც ცოდნის ფონდის დონორები იყვნენ. ევროპული ბანკები, რომლებთანაც კახა თანამშრომლობდა, უარს აცხადებენ გაუწიონ მომსახურება ბიზნესს, რომელსაც არ ჰყავს პასუხისმგებელი მესაკუთრე. ამ ყველაფერს ძალიან სავალალო შედეგები მოჰყვება.
დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ეს უზრუნველყოფის ღონისძიებები მოიხსნება და სარჩელებიც გამოხმობილ იქნება. სამწუხაროდ, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ანასტასიათი სხვები მანიპულირებენ ანგარების მიზნით, მათი ერთადერთი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდი ხნით "გაყინონ" მემკვიდრის უფლებები, რადგან ეს სიტუაცია პირადი სარგებლისთვის გამოიყენონ.
ვინც არ უნდა იდგეს ანასტასიას უკან, მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული თავიანთი მიზნები და შედეგები, რაც მოჰყვება ფონდის რეგისტრირებული მემკვიდრის არარსებობას. უკანასკნელი მინდობილობა ვახტანგ ლეჟავას 11 მაისს გადაეცა, 3 დღით ადრე, ვიდრე მემკვიდრეობის უფლება ძალაში შევიდოდა. ცხადია, რომ ყველა შემდგომი ნაბიჯი ანასტასიას მონაწილეობით, წინასწარ იყო დაგეგმილი. უკვე 8 თვეზე მეტია ფონდი და უნივერსიტეტების ქონება იმ ადამიანების ხელშია, რომელთაც კახას სიცოცხლეში მათი დამოუკიდებელი მართვის უფლება არ გააჩნდათ. ახლა მათ მართვის სადავეები უპყრიათ და ამას სრულიად უპასუხისმგებლოდ და უკონტროლოდ იყენებენ, თანაც ამ სიტუაციის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებას ცდილობენ.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ყოველგვარი ძალისხმევა, მიმართული მემკვიდრეობის გადაცემის პროცესის გაჭიანურებისკენ, მიუხედავად განცხადებული (წერილობითი თუ სხვა რაიმე ფორმით) კეთილშობილური მიზნებისა, უკეთეს შემთხვევაში უპასუხისმგებლო საქციელი, უარეს შემთხვევაში კი, უბრალოდ დანაშაულია. სასამართლო დავების წამოწყება ადვილია, მათი შეჩერება კი - ძალიან რთული; ისინი უსასრულოდ იჭიმება და როცა ცოდნის ფონდი და ორი საუკეთესო ქართული უნივერსიტეტი სავალალო, გაძარცვულ-გაკოტრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, პასუხისმგებლობა ამ გამოუსწორებელი შედეგებისათვის სასამართლო პროცესების ინიციატორებს დაეკისრებათ.
კახა უნივერსიტეტებს საქართველოს მომავლისთვის ქმნიდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ კახას მიერ დაარსებული და რეფორმირებული უნივერსიტეტები, უზრუნველვყოთ მათი სტაბილური განვითარება. ყველას, ვისაც იგივე სურვილი აქვს, ვთხოვ, დამეხმარეთ და მოდით, გავერთიანდეთ ამ მძიმე წუთებში",-ნათქვამია კახა ბენდუქიძის ქვრივის განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...amothqvams.htmlაქ რა ხდება ?!
* * *
კახა ბენდუქიძის და განცხადებას ავრცელებს
10:42 29-07-2015
კახა ბენდუქიძის და განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის და ნუნუ ბენდუქიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ანასტასია გონჩაროვასთან დაკავშირებით საუბრობს.
"ანასტასია გონჩაროვა ჩვენ ყველამ პირველად კახას გარადაცვალების შემდეგ გავიცანით. მახსოვს, ნატაშამ ის, პირდაპირი გაგებით, ხელჩაკიდებული რომ მოიყვანა ჩვენთან ოჯახში, დედის ბინაში, სადაც კახას ცხედარი ესვენა. საშინელი დღეები იყო, მაგრამ ჩვენ მას ძალიან თბილად შევხვდით. ეს იმის მიუხედავად, რომ კახას ანასტასიას შესახებ არც ოჯახში უთქვამს რამე, არც სახალხოდ, არასდროს დაუდასტურებია და დაუფიქსირებია მისი მამობა, ან რაიმე სურვილი და განზრახვა ამ ფაქტის დადასტურებისა; არასდროს აღუნიშნავს იგი თავის ანკეტებში, დოკუმენტებსა და დეკლარაციებში, არ უხსენებია არსად, მის მიერ მიცემულ ასობით ინტერვიუში. შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ კახამ არ იცოდა მამობის დადგენის და აღიარების იურიდიული, სანოტარო წესების, თუ სამედიცინო-ბიოლოგიური მეთოდების შესახებ თავის სიცოცხლეში, ან თუნდაც, რა გაეკეთებინათ მისი გარდაცვალების შემთხვევაში. თუმცაღა, მას თავის სიცოცხლეში და ანასტასიას დაბადებიდან 24 წლის განმავლობაში, ეს არ გაუკეთებია. როცა კახას ნებაზე საუბრობენ, ვთხოვ იმ ხალხს, რომ რეალობაც გაითვალისწინონ.
მიუხედავად იმისა, რომ ანასტასიას არ ვიცნობდით და არასდროს გვსმენია მის შესახებ, იგი სახლში წავიყვანეთ და მთელი ოჯახი გავაცანით. ვუთხარი, რომ ის აუცილებლად მიიღებდა თავის წილს, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ კახა, როგორც ის ამბობს, ზრუნავდა მასზე. მხოლოდ ერთი რამ ვთხოვე: არ შეეშალა ხელი კახას მეუღლისთვის ამ კანონიერ და ლეგიტიმურ პროცესში და არ მიემართა სასამართლოსათვის. ყველაფრის მოგვარება შეიძლება ოჯახურ წრეში, საჯარო განხილვების გარეშე. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ კახა მის მამობას აწი ვეღარასდროს შეძლებს, მისი მხოლოდ ხსოვნაღა ცოცხლობს, რაც ყველა ადამიანშია, ვისაც იგი ახსოვს. სასამართლოებით და სახალხო კინკლაობით ამ ხსოვნის შებღალვა არ შეიძლება.
სამწუხაროდ, მიუხედავად ჩემი დიდი ოჯახის კეთილგანწყობისა, ის უნდობლობით ეკიდებოდა ყველას, ყველაფერს, ცდილობდა ინფორმაცია მოეპოვებინა კახასა და მისი მემკვიდრეობის შესახებ, ახლობლებს შორის უთანხმოების კვალს ეძებდა. მერე ლონდონში გაემგზავრა და, კახასთან ყოველგვარი ნათესაური კავშირის დადასტურების გარეშე, პოლიციას მისი პირადი ნივთები, ექსპერტიზის პასუხები, მობილური ტელეფონი და დოკუმენტები მოსთხოვა, კომპიუტერი - საქმიანი და პირადი ინფორმაციით. ცხადია, ლონდონელმა ჩინოვნიკებმა მას არაფერი მისცეს, რადგან კანონის თანახმად, ამას მხოლოდ გარდაცვლილის ქვრივს გადასცემენ.
შემდეგ მან შეწყვიტა სატელეფონო ზარები, მოსვლა და საბოლოოდ, სასამართლოში უჩივლა ჩემი ძმის მეუღლეს - ნატაშას, რომელთანაც კახა, დედა, მთელი ჩვენი ოჯახი და მეგობრები 15 წელი სრულ ნდობასა და ურთიერთპატივისცემაში ვცხოვრობდით. თბილისში შეტანილ სარჩელში ის ნატაშასთვის მემკვიდრეობის ჩამორთმევას და ერთადერთ მემკვიდრედ თავის აღიარებას მოითხოვს. არც კი ვიცი, ამაზე რა კომენტარი გავაკეთო.
2004 წლიდან მოყოლებული კახამ 10 წელი იცხოვრა თბილისში, ჩვენ თვალწინ, დიღომში, სახლში, რომელიც ნატაშამ გადააკეთა და მოაწყო. მანამდე ისინი ხუთი წელი მოსკოვში ცხოვრობდნენ. იგი ჭკვიანი, წესიერი და ძალიან ინტელიგენტური, ღირსეული ადამიანია, ხელოვნებათმცოდნე, საერთაშორისო გამოფენების კურატორი, კახა მისით ამაყობდა. კახას გარემოცვაში, მისი საუკეთესო მეგობრების წრეში მოსკოვში და თბილისში ნატაშას დიდ პატივს სცემდნენ და მის მიმართ უაღრესად თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ. ჩემი და კახას ოჯახები დედასთან ერთად, მთელი სამეგობრო და ახლობლები ურთიერთპატივისცემაში და თანხმობაში ვცხოვრობდით. ანასტასია აქ არასდროს ყოფილა. იგი კახასთან ერთად არასდროს ცხოვრობდა. მისი თქმით, ის თბილისში ერთხელ იყო ჩამოსული 2 თუ 3 დღით. კახამ ის არავის არ გააცნო.
ახლა მან ჩვენს ოჯახს სასამართლო დავები, ბრალდებები, სკანდალები და შეურაცხყოფა მოუტანა. იგი მზად არის საჯაროდ განიხილოს კახას პირადი ცხოვრება და ცუდად ისაუბროს მის ახლობლებზე. უცნაურია, რომ იგი ამ ყველაფრიდან აშკარად იღებს სიამოვნებას, იმყოფება რა საზეიმო განწყობაზე, გამუდმებით იღიმის ფოტოკამერებში, გაუგებარი, გამარჯვებული, მოზეიმე სახით.
და მაინც, ვისი დამარცხება უნდა, რისთვის იბრძვის? გვარისთვის? არა, მან მითხრა, რომ ჩვენი გვარი არ სჭირდება. იგი ფულისთვის იბრძვის და ვერც ხვდება, რომ სინამდვილეში კახას ებრძვის, მის სიცოცხლეს, ოჯახს, მის მთავარ ცხოვრებისეულ პრინციპებს. კახა ისე ცხოვრობდა, როგორც მას მიაჩნდა სწორად და მუდამ თვითონ იღებდა გადაწყვეტილებებს. ის ლონდონში, სრულიად საღ გონებაზე მყოფი, აქტიურ სამუშაო პროცესში და საქმიანი შეხვედრების ვითარებაში გარდაიცვალა. მას ყოველთვის ჰქონდა საშუალება, ადვოკატებისთვის თავისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ეკარნახა. და კახას სიკვდილის შემდეგაც არავის აქვს უფლება, მის მიერ, თავის სიცოცხლეში მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლისა.
ყველასთვის, ვინც კი კახას იცნობდა, ნათელია, რომ ანასტასიას საქციელი მას საშინლად გააბრაზებდა და შეურაცხყოფდა - სარჩელი მისი მეუღლის წინააღმდეგ, მისი პირადი ცხოვრების სასამართლოებში განსჯა, ამ ცხოვრების გადასინჯვა და გადაწერა კახას ნების საწინააღმდეგოდ და საკუთარი თავის პიარი მისი სახელის გამოყენებით. ყოველივე ეს ხომ შეუძლებელი იქნებოდა კახას ცხოვრებაში, ეს უბრალოდ, მისი ხსოვნის დაცინვა და ფეხქვეშ გათელვაა.
იგი მის საქმეებში ერევა, მის სახელს წაღმა-უკუღმა ატრიალებს, კახას უნივერსიტეტში პროფესორებს თითს უქნევს, კითხულობს ლექციებს და აცხადებს, რომ მის ბიზნესს განავითარებს, მაშინ, როცა თავად რაიმე სპეციალობით მუშაობის 3-თვიანი სტაჟიც კი არ გააჩნია. ეს, პირდაპირ ვიტყვი, კახას პრინციპებისა და სტუდენტების დაცინვაა. იგი ხომ მთელი ცხოვრება ვერ იტანდა ხალხს, ვინც საკუთარ კეთილდღეობას ცნობილ სახელებსა და გვარებზე, სხვის ავტორიტეტზე იშენებს.
იგი უნდა დაფიქრდეს, საკუთრ თავში გაერკვეს, ასევე, ხალხთან ურთიერთობაშიც - მამამისთან, იმ კაცთან, რომლის გვარსაც - გონჩაროვას - ატარებს და ვინც ამდენი წელი ზრდიდა, ვისაც მთელი ცხოვრება მამას ეძახდა; მამის დედასთან, რომელიც მისი სიტყვებით, მისთვის კარგი ბებია იყო. წარმომიდგენია, რა მტკივნეულია ამ ხალხისთვის, რომ მან ყველას უცბად ხელი ჰკრა და ზურგი აქცია. დროა, იმაზეც დაფიქრდეს, რასაც კახა ყოველთვის და ყველგან ამბობდა: პირადი კარიერა საკუთარი შრომით უნდა შექმნა და არა სხვისი სახელით და სხვის უბედურებაზე; დროა მიხვდეს, რომ ცოცხალი ადამიანები ფულზე და ყოველგვარ ბრძოლებზე მნიშვნელოვანნი არიან.
თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს პირად ამბად დარჩებოდა და არასდროს ამ თემაზე სახალხოდ კომენტარს არ გავაკეთებდი, რომ არა კახას ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, თუ რამხელა, შესაძლოა გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ანასტასია და მისი "მოკავშირეები" ფონდს და უნივერსიტეტებს. იქ ახლა ძალიან ცუდი, საშიში სიტუაციაა. ეს არის ყველაზე მთავარი და ამისათვის სასწრაფოდ რაღაც უნდა ვიღონოთ, რომ ადამიანები და ფონდის ქონება დავიცვათ. ნატალიამ უნდა განახორციელოს ლეგიტიმური პროცედურა არსებული აქტივების აღრიცხვისა, რაც კახას გარდაცვალების შემდეგ დარჩა და შემდეგ მოხდეს ახალ პირობებზე გადასვლა.
რაც შეეხება ანასტასიას, მე მაინც მგონია, რომ ეს სხვების ცუდი გავლენაა, რაც თავგზას ურევს მას, და დიდი იმედი მაქვს რომ იგი გონს მოვა და დაფიქრდება. ნამდვილად დროა, რომ ის შეჩერდეს",-ნათქვამია ნუნუ ბენდუქიძის განცხადებაში.