ფირცხალავა: 1000-მდე კაცმა „მომიკითხა“ ოჯახის წევრები და ყველა კეთილის მსურველი
11:59 / 30.07.2015
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა სასამართლოს სთხოვს, უშუამდგომლოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, რათა ის კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნონ.
როგორც დღევანდელ პროცესზე ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, პატიმრები გლდანის მე-8 დაწესებულებაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
„წინა სასამართლოზე, აქედანაც რომ გავედი, წამიყვანეს გლდანის ციხეში. შემიყვანეს პატარა ოთახში. როცა ციხემ დაიძინა, ღამით 2 საათზე საკანში გამიყვანეს. მომიტანეს ნივთები. მეორე დღეს ადვოკატი იყო შემოსული, იძულებული გახდნენ, რომ გამოვეყვანე ეზოში. პატიმრის კორპუსი უნდა გამევლო, ატყდა ერთი ამბავი. დაახლოებით, 1000-მდე კაცმა „მომიკითხა“ ოჯახის წევრები, ყველა კეთილის მსურველი, მე ხმა არ გამიცია, იმიტომ რომ ვიცი, რა შედეგები მოყვებოდა ამას. უკან რომ დავბრუნებულიყავი, მითხრეს, კეპი დაიხურეო. უკან გზაზეც იგივე მოხდა. წუხელ კი ღამის 4 საათზე გამაღვიძეს, სასამართლოში უნდა წავიდეთო. საათი გეშლებათ-თქო, ვუთხარი. ჩაალაგე ნივთები, არ გვეშლებაო. ისევ იმ ავადსახსენებელ ოთახში ველოდებოდი ბადრაგს. მიუხედავად იმისა, რომ ეს 2 დღე არ მიჭამია, არ მძინებია, მაინც მოვედი. მინდა გთხოვოთ თქვენ, ჩაერთოთ ამ სიტუაციაში. სადაც უნდათ იქ ჩამსვან, მე პრობლემა არ მაქვს. იმისთვის არ ვემსახურე 18 წელი საქართველოს, რომ ყველა გასვლა-გამოსვლაზე შეურაცხყოფა მომაყენონ“, - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
მისი თქმით, თუ მომდევნო სხდომაზე სასამართლოში მას მატროსოვის ციხიდან არ მოიყვანენ, ის უარს აცხადებს სასამართლო სხდომებზე გამოცხადებაზე და ასევე უარს ამბობს ადვოკატის მომსახურებაზე.
ამასთან, ბრალდებულის განცხადებით, მას ამ ხნის განმავლობაში სიტყვიერი შენიშვნაც კი არ აქვს მიღებული და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამაზე ფირცხალავას უპასუხა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
მოსამართლის თქმით, პატიმრის განთავსების საკითხს წყვეტს პენიტენციური სისტემა. სასამართლო ამ პროცესში არ ერევა, მაგრამ როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ის საჭიროდ თვლის, მიმართოს სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომ ვალდებულია, ყველა ბრალდებულის უსაფრთხოება დაიცვას.
„პატიმრის განთავსების საკითხს პენიტენციური სისტემა წყვეტს. სასამართლო არ ერევა. მე საჭიროდ ვთვლი, მივმართო სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომ ის ვალდებულია, ყველა ბრალდებულის უსაფრთხოება დაიცვას. მივმართავ, ყურად იღოს თქვენი განცხადება, უზრუნველყოს თქვენთვის სათანადო პირობების შექმნა“, - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
ამასთან, დღეს განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა ბრალდებულმა გიორგი ცააძემ. მისი თქმით, როდესაც მან წინა სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ ის ზის სპეცრაზმელების გვერდით საკანში და გაიგო თუ როგორ აგინებდნენ სპეცრაზმელები პროკურორს, გადაიყვანეს პატარა ოთახში, სადაც გავლის საშუალებაც კი არ ეძლევა.
ცააძის თქმით, თუ მასაც არ დააბრუნებენ თავის საკანში, ისიც უარს იტყვის სასამართლო სხდომაზე დასწრებასა და ადვოკატის მომსახურებაზე.
ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა საქმეზე კიდევ ერთმა ბრალდებულმა ლევან ბეროძემ და უარი განაცხადა სასამართლო სხდომებზე დასწრებაზე.
მისი თქმით, ყველა სხდომაზე მოსვლას მტკივნეულად განიცდის.
„ვეღარ ვუძლებ. ექვსი თვე ვარ გამოკეტილი მარტო სულ ჩემთვის. უარს ვაცხადებ სასამართლოში სიარულზე. თქვენს განაჩენს ციხეში დაველოდები. ყველა მოსვლას სასამართლოში, მტკივნეულად განვიცდი“, - განაცხადა ბრალდებულმა ლევან ბეროძემ.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა, კახა ნაკანი, ლევან ბეროძე, გიორგი ცააძე და გრიგოლ კვინიკაძე არიან ბრალდებულები.
დაკავებულებს ბრალად ე.წ. კორტების საქმეზე განზრახ მკვლელობა, მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და განზრახ უკანონოდ დაკავება ედებათ. ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმე გაიყო.
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე ერთად განხილება, დანარჩენი 7 რიგითი სპეცრაზმელის საქმე კი - ცალკე.
http://www.info9.ge/samarthali/126007-firc...html?lang=ka-GE