საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაშია ნათქვამი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების გაგრძელებას ევროპის 6 ქვეყანა შეუერთდა. საუბარია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებზე – მონტენეგროსა და ალბანეთზე, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრებზე – ისლანდიაზე, ლიხტენშტეინსა და ნორვეგიაზე. სანქციებს ასევე შეუერთდა უკრაინა.
მიმდინარე წლის 22 ივნისს რუსეთის მიმართ არსებული სანქციები 2016 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდა. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მინსკის შეთანხმების არასრული შესრულების გამო.
საუბარია სანქციებზე, რომლებიც რუსეთს 2014 წლის ივლისში ერთი წლის ვადით დააკისრეს. სანქციები ეხება რუსული ეკონომიკის ფინანსურ და ენერგეტიკულ სფეროებს. ისინი ზღუდავენ მთელი რიგი რუსული ბანკების ხელმისაწვდომობას დასავლეთის დაფინანსებაზე, რუსული ენერგეტიკული კომპანიებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის მიწოდებასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და იარაღის გაყიდვას.
მარტში ევროკავშირმა ნახევარი წლით, 2015 წლის სექტემბრამდე გააგრძელა პერსონალური სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს იმ ადამიანების, კომპანიებისა და ორგანიზაციების შესვლისა და მათი აქტივების დაყადაღებას, რომლებიც, როგორც ევროპაში მიიჩნევენ, უკრაინაში არსებულ დესტაბილიზაციასთან არიან კავშირში.
ივნისის დასაწყისში ბავარიის სამიტზე G7–ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ მინსკის ხელშეკრულებათა სრული რეალიზაციის შემდეგ მოიხსნებოდა. ამასთან „დიდი შვიდიანი“ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში სანქციები გაამკაცროს.
მინსკის შეთანხმების მიზანია უკრაინის კონფლიქტის დეესკალაცია.
საქართველოს აღნიშნულ პოზიციაზე კომენტარს აკეთებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანი დმიტრი პესკოვი. მისი თქმით, რუსეთმა შესაძლოა უპასუხოს იმ ქვეყნების სანქციებს, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში, თუმცა შემზღუდავ ზომებს შეუერთნენ.
„რა თქმა უნდა, შესაძლოა ამას მოჰყვეს საპასუხო ზომები... ორმხრივობის პრინციპი ფუძემდებლურია,“– განაცხადა პესკოვმა.
აღნიშნულ საკითხზე განმარტებას აკეთებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.
მისი თქმით, ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებზე საქართველო თავის დროზეც, ერთი წლის წინათ იყო მიერთებული სხვა ქვეყნებთან ერთად.
„შესაბამისად, ეს სანქციები ევროპულმა საბჭომ დაახლოებით თვენახევრის წინ გადაავადა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ სანქციებს", - უთხრა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ ბაქრაძემ.
როგორც ბაქრაძე ამბობს, სანქციებში ბევრი ეკონომიკური და ბევრი ტექნიკური საკითხია გათვალისწინებული.
„მაგალითად, იგი ყირიმში ნაწარმოებ პროდუქციას უკავშირდება. როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, საქართველო მაშინვე შეუერთდა მას. ახლა უბრალოდ მისი ვადა გახანგრძლივება", - აცხადებს ბაქრაძე.
http://www.commersant.ge/index.php?m=5&new...=25420&cat_id=5