ტურისტებს რომ ტავი გავანებოთ, შენ მოგწონს პატრულის პასიურიბა გზებზე?
ეს კომერსანტის სტატია
http://commersant.ge/?m=5&news_id=25436რატომ პასიურობს საპატრულო პოლიცია გზებზე კანონდარღვევის ფაქტების მიმართ.
გადაჭარბებული სიჩქარის მიზეზით მომხდარი არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, კანონდამრღვევი მძღოლების მიმართ სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებას არ ჩქარობს.
ბოლო თვეების განმავლობაში „კომერსანტმა“ არაერთი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ავტომობილებისა და მოტოციკლების გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის პრობლემას ეხებოდა.
თუმცა ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გზებზე ამ პრობლემაზე რეაგირების ნიშნები არ ჩანს და კანონდამრღვევი მძღოლები ავტომაგისტრალებსა თუ ქალაქის გზებზე სულ უფრო თავისუფლად და დაუსჯელად გრძნობენ თავს. სამართალდამცველთა რეაგირებას ძირითადად მხოლოდ საგზაო შემთხვევების შემდეგ ვხედავთ. პრევენციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს.
რამდენიმე დღის წინ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის დაჯახების შედეგად მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში 15 წლის ბიჭი დაიღუპა.
ეს შემთხვევა კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანია იმისა, რომ ეს სფერო მეტ კონტროლსა და პრევენციას საჭიროებს. „კომერსანტთან“ საუბარში მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი პერიოდულად უკავშირდებიან საპატრულო პოლიციას, მაგრამ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობასთან ბრძოლაში ეს მეთოდი არაეფექტურია – საპატრულო პოლიცია მართალია რეაგირებას ახდენს ასეთ ზარებზე, თუმცა ადგილზე მისულს კანონდამრღვევი მძღოლი არ ხვდება.
შესაბამისად, პრობლემის მოსაგვარებლად და ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად ერთადერთი გზა რჩება – გზებზე ინტენსიური პატრულირება ყველა უბნის მაქსიმალური მოცვის პრინციპით, რაც წინა წლებში ხდებოდა.
ამ თვალსაზრისით ერთერთ სარისკო ზონად „კომერსანტთან“ საუბარში მოქალაქეები წყნეთის გზას ასახელებენ, სადაც, როგორც ამბობენ, თითქმის ყოველდღე, მძღოლები, არცთუ იშვიათად ნასვამ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ და მრავალ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, საფრთხეს უქმნიან.
„წლების წინ, პატრული წყნეთის გზაზე, განსაკუთრებით კი ზაფხულის სეზონზე ინტენსიურად მოძრაობდა. მძღოლებიც ასეთ ვითარებაში სიჩქარის გადაჭარბებას ვერ ბედავდნენ. წლებია წყნეთიდან თბილისში ყოველდღე დავდივართ და ასეთი განუკითხაობა არ გვახსოვს. 2013 წლიდან ამ მხრივ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ამბობენ, ვპატრულირებთო, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ და თუ შეუმჩნევლად პატრულირებენ, ვერ გეტყვით,“ – აცხადებენ წყნეთის მცხოვრებლები.
ავტოექსპერტი დავით მესხიშვილი დარწმუნებულია, რომ ავტოავარიების რაოდენობის გაზრდა ჯარიმების შემსუბუქებასა და ადმინისტრირების შესუსტებას უკავშირდება.
„ავტომობილების მაღალი სიჩქარით გადაადგილება ხშირად დაუსჯელი რჩება. მძღოლების თვითნებობას საპატრულო პოლიცია უყურადღებოდ ტოვებს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანებს. რატომღაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ სფეროში კანონდარღვევებისადმი ლოიალური უნდა იყოს. ეს კი უკვე იქამდე მიდის, რომ პოლიცია თავად არღვევს კანონს. ეს ავტოავარიების სტატისტიკაშიც გამოიხატება,“ –აცხადებს მესხიშვილი.
მისი თქმით, სიჩქარის გადაჭარბებისა და ღერძულა ხაზის გადაკვეთის მიზეზით მომხდარი ავტოავარიების რიცხვი წინა წლებთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი. მესხიშვილი ამბობს, რომ არ მიესალმება კონტროლის ისეთ ფორმებს, როგორიცაა რესტორანში პოლიციის შესვლა და იქ მყოფი ადამიანების მანქანებზე დადევნება, მაგრამ არსებობს ცივილური მეთოდები – ვიდეოკამერები, რომლებიც მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული კანონდარღვების პრევენციისთვის.
რამდენად ინტენსიურია პატრულირება ქვეყნისა და დედაქალაქის მასშტაბით და აპირებს თუ არა საპატრულო პოლიცია პრობლემაზე რეაგირებას? ამ შეკითხვებით „კომერსანტმა“ საპატრულო პოლიციას უკვე მიმართა, სადაც პასუხის გაცემას უახლოეს პერიოდში დაგვპირდნენ.