ვეფხისტყაოსნის არაერთი ინტერპრეტაციაა ცნობილი. ძირითადად, მას უკავშირებდნენ ავტორის მიერ ბავშვობიდანვე თამარის სიყვარულს. ზოგიერთი ხაზს უსვამს ამ ნაწარმოების ღვთიურ წარმოშობაზეც. მაგალითად, ბავშვობაში მასწავლებლებისგან არაერთხელ მსმენია, რომ თითქოსდა ვეფხისტყაოსანი გალექსილი სახარება ყოფილა. მავანი მიიჩნევს, რომ აქ აღწერილია საქართველოს ისტორია. ყველა მათგანში არის ლოგიკის მარცვალი, თუმცა ჯერ არავის უცდია ვეფხისტყაოსნის განმარტება ფსიქოანალიზის პრიზმაში, ისე, როგორც ამას, მაგალითად, ფროიდი ან იუნგი გააკეთებდა, რომელიმე მათგანს ამ უცნაურად შესანიშნავი ნაწარმოების არსებობის შესახებ მაინც რომ ჰქონოდა ინფორმაცია.
1) პირველი მიახლოება - მეორე სიყვარულიფროიდი ოიდიპოსის მითს ძალიან უცნაურ ინტერპრეტაციას უკეთებს. შეიძლება ითქვას, რომ ის მას იყენებს მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ, რომლის პირდაპირი აღქმაც ადამიანის სათუთი და განპირობებული ცნობიერებისთვის დამანგრეველად საშიშია. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ფროიდის მიხედვით ახალშობილი დედასთან ურთიერთობისას (ძუძუს წოვის ან დედის მხრიდან ალერსის მიღების დროს) განიცდის პირველყოფილ სიამოვნებას. ხოლო მას შემდეგ, რაც მას უყალიბდება ლიბიდო, ამ უკანასკნელის არაცნობიერი ლტოლვა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა იპოვოს ისეთი სუბიექტი, რომელზეც მოახდენს პირველყოფილი სიამოვნების პროექციას ანუ მიიღებს იმგვარ ან მსგავს სიამოვნებას, როგორსაც იღებდა დედისგან. ამ ყველაფერს კი აკეთებს სექსის მეშვეობით. ასევე საინტერესო ინტერპრეტაციას იძლევა იუნგი. იგი ადამიანის არაცნობიერს ყოფს ორ საწყისად, ანიმად (ქალური საწყისი) და ანიმუსად (მამაკაცური საწყისი). იუნგის თქმით, ადამიანებს სწორედ ისეთი ადამიანები უყვარდებათ, რომლებზეც წარმატებით ახდენენ თავიანთი სქესის საპირისპირო საწყისის პროექციას. ფროიდი იმასაც ამბობდა, რომ როდესაც ბავშვს პირველად შეუყვარდება ანუ პირველად გაუჩნდება სექსუალური ლტოლვა, შეიძლება იმის თქმა, რომ ის უკვე გაიზარდა.
რა შუაშია ეს ვეფხისტყაოსანთან?
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ტარიელი არის განადგურებული, რადგან მას უყვარს ნესტანი, მაგრამ ვერ ახერხებს მის დაუფლებას, რადგან მას ის მოსტაცეს. ეს არის სწორედ იმ მომენტის აღწერა, როდესაც ადამიანს პირველად უყვარდება სხვა ადამიანი და ამ დროს მისი ლიბიდო შესაბამის სუბიექტზე უნდა პროეცირდეს, რომლის ბუნებრივი დასასრული არის სექსი, ანუ ანიმას შეცნობა. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პროექცია ან მისი ლოგიკურად დასრულება ვერ ხერხდება? ეს იწვევს ფსიქიკის სრულ მოშლას, ხოლო ადამიანი კი ხდება „შლეგი“. მაგრამ მთავარი კითხვა არის შემდეგი - რატომ არ ეძლევა დამკვირვებელს ანიმას შეცნობის საშუალება?
მაგრამ ყველაფერი აქ არ მთავრდება. ტარიელის ცხოვრებაში ჩნდება ავთანდილი, ხოლო შემდგომ, ფრიდონი. სწორედ ეს ორი პიროვნება შეასრულებს მის გადარჩენაში განსაკუთრებულ როლს. რუსთაველის გენიაც სწორედ ამაშია. ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი სინამდვილეში ერთი და იგივე ადამიანია სამ სხვადასხვა მდგომარეობაში. ამასთან, ეს ადამიანი არც ერთი პერსონაჟი არაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახეზე გვაქვს ავტორის არაცნობიერის პროექცია ან კოლექტიურ არაცნობიერში არსებული მითოსის ახლებური შეცნობა ავტორის მიერ. სწორედ ამიტომ, ამ გარე პირს დავარქვათ დამკვირვებელი.
ამრიგად, ავთანდილი არის მდგომარეობა „ბავშვის“ უკანასკნელი პერიოდი (გარდამავალი ჭაბუკობაში). ფრიდონი არის მდგომარეობა „ჭაბუკის“ საწყისი პერიოდი, როდესაც სულ ახალი გაჩენილია ლიბიდო. ხოლო ტარიელი კი ნესტანის შეცნობამდე არის წარსულით განპირობებული და მომავალს მოწყვეტილი აწმყო, ხოლო ნესტანის შეცნობის შემდგომ კი წარსულისგან გათავისუფლებული აწმყო, რომელიც თავად ქმნის მომავალს.
რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება ანიმას პროექცია? ამ დროს ადამიანი ბრუნდება ბავშვობაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრუნდება დედას, ხოლო ლიბიდო კი თითქოს კვდება.
ავთანდილი მიდის ტარიელის მოსაძებნად და დასახმარებლად, რადგან იცის, რომ ამ მისიის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ის დასაჩუქრდება თინათინის (პირველყოფილი სიამოვნების) შეცნობით. თუმცა პოემა ორაზროვან ინტერპრეტაციას შეიცავს. სანამ ავთანდილი წავა, თინათინი მას „მარგალიტ ობოლს“ ჩააბარებს. საინტერესოა, რომ სპარსულ ლიტერატურაში ობოლი მარგალიტი ყოველთვის ასოცირდებოდა უმანკოებასთან (ქალიშვილობასთან). ობოლი მარგალიტის ჩაბარებით თინათინმა სავარაუდოდ ნება დართო ავთანდილს მასთან სექსი ჰქონოდა. თუმცა ეს მომენტი სიმბოლისტური დატვირთვით უნდა გავიგოთ. ამაში კი დაგვეხმარება სიტყვები: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“. თინათინი არის მეფის მემკვიდრე, მომავალი მეფე, შესაბამისად, ნებისმიერი თანამემამულის, მათ შორის ავთანდილის, მბრძანებელი, პატრონი და მშობელი. მაგრამ ამავდროულად, თინათინი არის ავთანდილის იდეალი. შესაძლოა ეს მიუთითებდეს სწორედ იმაზე, რომ დამკვირვებელს ბავშვობისას ჰყავდა საოცნებო იდეალი, ანუ წარმოსახვითი მომავალი შეყვარებული ქალი, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისეთივე სრულყოფილი, როგორც დედა. ავთანდილი მიდის, რათა აპოვნინოს ტარიელს, ანუ საკუთარ თავს, ის ქალი (ნესტანი), რომელზეც მოხდება პირველყოფილი სიამოვნების სრულყოფილი პროექცია.
ეს იმიტომ ხდება, რომ ტარიელი ვერ ეუფლება მის ნამდვილ სიყვარულს, ნესტანს, ამიტომ ჯერ-ჯერობით სახეზე გვაქვს მეორე სიყვარული, რომელიც ვერ იკავებს-რა პირველ ადგილს, დამკვირვებელს აიძულებს დაბრუნდეს ბავშვობაში და მოახდინოს სრული რეფლექსია.
2) მეორე მიახლოება - ანიმუსის შეცნობა და ლიბიდოს გამთლიანებაჩვენ ვიცით, რომ ავთანდილი ტარიელის საძებნელად მიდის, მაგრამ სინამდვილეში ტარიელმა იპოვნა ავთანდილი, როდესაც სულ თავიდან, ნადირობის დროს, ნახეს იგი „მტირალი წყლისა პირსა“. სწორედ ეს არის ის მეტაფორა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დამკვირვებელი აიძულებს თავის დათრგუნულ ცნობიერებას, თვალი გაუსწოროს ბავშვობას და რეფლექსიის მეშვეობით შეძლოს დარღვეული „სამყაროს“ აღდგენა.
რუსთაველის გენიალურობა კიდევ ერთხელ დასტურდება ასმათის შუამდგომლობით, ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრის ეპიზოდის აღწერისას. აქ უამრავი მეტაფორაა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სექსუალური აღგზნების არსებობაზე. ესენია: ცრემლები, ჩახუტება, ყელზე კოცნა, მოხვევა და ა. შ. სავარაუდოდ, ეს პასაჟი მიუთითებს ბავშვში ლიბიდოს გაღვიძებაზე. რეალურ ცხოვრებაში, ეს ასოცირდება პირველ მასტურბაციასთან ანუ საკუთარ თავთან პირველ სექსუალურ ურთიერთობასთან.
ეს პასაჟი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ანიმას შეცნობის გზა ანიმუსის შეცნობაზე გადის. ამრიგად, ნებისმიერი მამაკაცი, მანამ, სანამ ქალური საწყისის პროექციას გააკეთებს, ახორციელებს მამაკაცური საწყისის პროექციას და პირიქით. ეს ეტაპი აუცილებელია სრულყოფისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში საპირისპირო საწყისის შეცნობა ვერ მოხერხდება. რეალურ ცხოვრებაშიც ხშირია ამის მაგალითები. განსაკუთრებით, მოზარდებში, როდესაც ხშირია თავისივე სქესის წარმომადგენელთან სექსუალური ხასიათის თამაშები ბიჭების შემთხვევაში ერთმანეთზე შემოხტომა, გაუპატიურების სცენების ინსცენირება, კოლექტიური მასტურბაციისადმი მიდრეკილება. გოგოების შემთხვევაში გამძაფრებული ჩახუტება და კოცნა. საკითხის უკეთ გასაგებად კი საჭიროა ორიოდ სიტყვით ერთ დეტალზე შეჩერება.
როგორც აღვნიშნე, ფროიდის მიხედვით, უკვე მოზარდი ბავშვი და შემდეგ ჩამოყალიბებულიც, არაცნობიერად ეძებს ისეთივე სიამოვნების განცდას, როგორსაც ის განიცდიდა დედისგან ბავშვობაში. მაგრამ ფროიდის ამ იდეალურ მიგნებას აღმოაჩნდა ერთი ნაკლი. კერძოდ, ეს თეორია მუშაობდა ბიჭებზე, მაგრამ ვერ იხსნებოდა [ლოგიკურად] გოგოებზე. შემდგომში ფროიდის მოსწავლემ, იუნგმა წამოჭრა ანიმასა და ანიმუსის თეორიები. მაგრამ ეს თეორია ვერ ხსნიდა ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებს. ამ თეორიათა შეჯერებით გამოდის, რომ ადამიანს ორიენტაცია დაბადებით არ აქვს (ამით მოიხსნა ის დაბრკოლება, რაც ფროიდის თეორიას ჰქონდა გოგოების სახით) და ის ყალიბდება მოზარდობისას. ფორმულა შემდეგია: ჯერ ხდება თავისივე საწყისის პროექცია. ამის შემდეგ კი საპირისპირო საწყისის. როდესაც ეს უკანასკნელი ვერ ხერხდება ან პირველი პროექცია უფრო მძლავრია, მაშინ ყალიბდება ჰომოსექსუალური ორიენტაცია. საპირისპირო შემთხვევაში ჰეტეროსექსუალური. კომბინაციის დროს კი ბისექსუალური.
მაგრამ ტარიელს ეს პრობლემები არ ჰქონია. მას უწევს პირველ ეტაპზე დაბრუნება, რადგან ანიმუსი საერთოდ არ აქვს შეცნობილი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ ერთგვარი ანიმუსის შიშიც კი იმალებოდეს. ეს კი მიუთითებს იმ დროს გაბატონებულ ჰომოფობიაზე. ვეფხისტყაოსნის გენიალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ის აიძულებს დამკვირვებელს მოახდინოს თავისი პირველსაწყისის რეფლექსია. შეიძლება ითქვას, რომ ვეფხისტყაოსანი პირველი და ყველაზე დიდი ანტიჰომოფობიური ძეგლია ქართულ ლიტერატურაში.
ტარიელი დარწმუნებულია თავის სიყვარულში. მან იცის, რომ საბოლოოდ შეიცნობს ანიმას და ამისთვის მზადაა წავიდეს ყველანაირ რისკზე, რაც უპირველესად, ანიმუსის შეცნობის აუცილებლობის გაცნობიერებაში გამოიხატება. სწორედ ამ ეტაპზე შემოდის ფრიდონის პერსონაჟი. თუკი ავთანდილი შეცნობის აუცილებლობის აღიარებამდე მიიყვანს ტარიელს (გავიხსენოთ ავთანდილის გამამხნევებელი საუბარი, როცა ტარიელს მოკლულ ვეფხვთან იპოვის. ის მას ცხენზე დასვამს და აამოძრავებს), ფრიდონი უკვე წარმოადგენს ანიმუსის შეცნობის გვირგვინს. თუმცა პარალელურად, ტარიელი ებრძვის ხატაეთის მეფეს და ორჯერ ამარცხებს მას. ეს არის იმის დემონსტრაცია, რომ ანიმუსის შეცნობისას ტარიელი არ დაუშვებს მისდამი ლტოლვის რეალიზაციას. თუმცა ფაქტია, რომ სხვა პასაჟში მას უჩნდება ლტოლვა, როდესაც ნურადინი ტარიელს, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გადაარჩენს მას, უჯერებს და ტარიელს „მამა-შვილივით შეეტკბობა“ (სადაც ტარიელი მამაა ანუ დომინანტი, ხოლო ფრიდონი კი პასიური ჰომოსექსუალური ლტოლვა, რომელიც ნებდება დამკვირვებლის ნებისყოფას და ხდება ანიმუსის სრული რეფლექსია).
სწორედ ამ მომენტიდან ტარიელი ავთანდილი და ფრიდონი უკვე სრულყოფილები ანუ ერთნი არიან (სამი გმირი მნათობი). უკვე სახეზეა გამთლიანებული ლიბიდო, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს ორიენტაციული იდენტობა და მზადაა, შეიცნოს ანიმა. სწორედ ამიტომ, ისინი ერთად მიემართებიან ნესტანის გამოსახსნელად. ეს მომენტი მიუთითებს იმაზე, რომ დამკვირვებელი უკვე ჩამოყალიბებულია საკუთარ თავში და მზადაა გადადგას რეალური ნაბიჯები, სხვა სიტყვებით, მზად არის სექსისთვის.
3) მესამე მიახლოება - ანიმას შეცნობა და ლიბიდოს გათავისუფლებამას შემდეგ, რაც დამკვირვებელი წარმატებით შეიცნობს მის ბუნებრივ პირველსაწყისს, ამ შემთხვევაში, ანიმუსს, მას უკვე აქვს იმის ფსიქოლოგიური მზაობა, რომ შეიცნოს ანიმა. თუმცა ეს ჯერ არ არის დასასრული. ამისთვის აუცილებელია დატყვევებული ლიბიდოს გათავისუფლება.
ქაჯებთან ბრძოლა შესაძლოა იყოს სექსის მეტაფორა. სწორედ საყვარელ ქალთან სექსის დროს დამკვირვებელს უკანასკნელად შეერკინებიან მასში არსებული „დემონები“, მაგრამ ლიბიდო უკვე გამთლიანებულია, რის გამოც ანიმას შეცნობა საბოლოოდ ხერხდება. ამის შედეგად კი ლიბიდო თავისუფლდება ანუ მატერიალიზდება კონკრეტულ მოქმედებაში, სექსში.
4) რა შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში?ტარიელმა საბოლოოდ შეიცნო ნესტანი. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დამკვირვებელმა წარმატებით მოახდინა ანიმას პროექცია და მისი განხორციელება სექსის სახით. თუ ჩავთვლით იმას, რომ დამკვირვებელი ამავდროულად ავტორიცაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან საბოლოოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი თავის საყვარელ ქალთან და, ამავდროულად, მეფესთან, თამართან.
თუმცა შესაძლოა ასეთი რამ სინამდვილეში არ მომხდარა. შესაძლოა, ვეფხისტყაოსანს სულაც არ ჰქონდა ბედნიერი დასასრული და ის იყო ტრაგედია ტრაგედიათა შორის. ხოლო ხალხმა კი შემდგომში ცვლილებები განახორციელა. თუ ეს უკანასკნელი ინტერპრეტაცია სწორია, მაშინ გამოდის, რომ ავტორს არ ჰქონია სექსი თამართან, რომელიც მისთვის ბოლომდე შეუცნობელ ქალად დარჩა. შესაძლოა, მან სხვა ქალი შეირთო ცოლად, რომელზეც ვერ მოახდინა ანიმას პროექცია და ვერ ჰპოვა ბედნიერება (ცნობიერისა და არაცნობიერის განვითარება) და ნაწარმოები მიუძღვნა თავის განუხორციელებელ ოცნებას.
ფაქტია, რომ ავტორმა თავისი ცხოვრება მონასტერში დაასრულა, სადაც მისი მცირე ფრესკა შემორჩა, რომელსაც თავზე შარავანდედი არასოდეს დაადგეს სავარაუდოდ იმიტომ, რომ ბოროტს ვერ სძლია კეთილმა, ვერც ნაწარმოებში და ვერც სინამდვილეში.
https://igeneris.wordpress.com/