"სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა" ავტოგასამართ სადგურებზე დაცვის სამსახურის თანამშრომლები გაათავისუფლა
"სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა" კომპანიის კუთვნილ ავტოგასამართ სადგურებზე დაცვის სამსახურის თანამშრომლები გაათავისუფლა. კომპანიის კორპორატიული ბიზნესის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ზუბიტაშვილი "კომერსანტთან" განმარტავს, რომ „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიამ" ხელშეკრულება კონტრაქტორ ორგანიზაცია „სოკარ ჯორჯია სექურითის" გაუუქმა, სადაც რამდენიმე ასეული თანამშრომელი მუშაობდა.
ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად კი უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის დასტაბილურება სახელდება.ამასთან, ზუბიტაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოს მიერ „სოკარის“ დაჯარიმებას უკავშირდება.
„სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს" ჰყავდა კონტრაქტორი კომპანია „სოკარ ჯორჯია სექურითი", რომელიც ავტოგასამართ სადგურებზე დაცვის თანამშრომლების მიერ უსაფრთოების დაცვას უზრუნველყოფდა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვხედავდით, რომ ეს მომსახურება იყო ზედმეტი. აქედან გამომდინარე, საკითხი დღის წესრიგში მანამდე დადგა, ვიდრე კონკურენციის სააგენტო თავის დასკვნას გამოაქვეყნებდა" - განმარტავს ზუბიტაშვილი.
მისივე განცხადებით, ყველა კომერციული ორგანიზაცია და კომპანია, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, ხარჯების ოპტიმიზაციაზე მუდმივად ზრუნავს.
„აქედან გამომდინარე, „სოკარმა" ამ კომპანიას გაუუქმა ხელშეკრულება, თუმცა მის თანამშრომლებს შესთავაზა დასაქმება ავტოგასამართ სადგურებზე მოლარე-ოპერატორისა და სმენის უფროსების პოზიციებზე იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულო ყოფილიყო ეს პროცესები იმ ადამიანებისთვის და კომპანიისთვის. დაინტერესება არის დიდი და ისინი ჩვენთან საქმდებიან" - აცხადებს ირაკლი ზუბიტაშვილი.
ზუბიტაშვილი ამბობს იმასაც, რომ კომპანიას თანამშრომლები არ დაუთხოვია და მან ხელშეკრულება მხოლოდ კომპანიას გაუუქმა.
„ეს ყველაფერი შრომის კოდექსის გათვალისწინებით მოხდა" - განმარტავს ზუბიტაშვილი.
„სოკარის“ მიერ თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ გაავრცელა. „აფბას" ცნობით, კომპანია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიამ" სამსახურიდან 400-ზე მეტი თანამშრომელი დაითხოვა. მათივე ცნობით, როგორც კომპანიამ გათავისუფლებულ თანაშრომლებს განუცხადა, ისინი სამსახურიდან კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გამო იმ მიზეზით გათავისუფლდნენ, რომ კომპანიას მათი ანაზღაურებისათვის საკმარისი ფინანსური რესურსი აღარ გააჩნდა.
რიავიცი აბა!? .......