გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ ხარვეზებზე საუბრობს.
როგორც კაპანაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა, თავდაცვის სამინისტროში აგვისტოს ომის შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა, ხოლო რაც შეეხება ე.წ. ომის შესწავლის გაკვეთილებს, ეს დოკუმენტი მომზადებულია, გადაგზავნილია უშიშროების საბჭოში და ამ უწყების გადასაწყვეტია თუ რომელი ნაწილი გასაჯაროვდება დოკუმენტიდან. მისივე თქმით, სამხედროებმა სამომავლოდ გაითვალისწინეს როგორც ომის დროს დაშვებული შეცდომები, ასევე, წარმატებული მოქმედებები.
„შესაძლებელია ვისაუბროთ მართვისა და კონტროლის ხარვეზებზე, ასევე, უზრუნველყოფის ხარვეზებზე. იყო ხარვეზები, ზოგადად, დაგეგმარებაში და, ასევე, ხარვეზები იყო კომუნიკაციაში. ზოგადად, ყველა იმ საბრძოლო მიმართულებით, რომლითაც აითვლება, თუ რამდენად წარმატებული თუ წარუმატებელი იყო საბრძოლო მოქმედებები. ჩვენ ეს გავლილი გვაქვს და როგორც ხარვეზები, ასევე, სწორი და წარმატებული ნაბიჯები გათვალისწინებულია ამ დოკუმენტში“, - განაცხადა კაპანაძემ.
მისივე განმარტებით, 2008 წელს განხორციელბული საბრძოლო მოქმედებების შესწავლის მიზანი საომარ პერიოდში წარმატებული თუ წარუმატებელი ქმედებების განსაზღვრა იყო. კაპანაძის თქმით, თავდაცვითი უწყების ამოცანა არ იყო დამნაშავეების ძებნა, თუმცა, ამასთან, კაპანაძე არ გამორიცხავს, საქმე პასუხისმგებელ პირებამდე მივიდეს, რაც უკვე სხვა ორგანოების კომპეტენციაა.
„იმედთან“ საუბრისას კაპანაძემ დაადასტურა, რომ შესწავლის თანახმად, კოდორის ხეობა ქართულმა მხარემ უბრძოლველად დათმო.
„დიახ, ხეობა დათმეს უბრძოლველად. ძირითადი, რაც გამოიკვეთა იყო ის, რომ არ იყო კონკრეტულად განსაზღვრული მმართველობა, რაც ასე მნიშვნელოვანია საომარი მოქმედებებისთვის, განსაკუთრებით აღმასრულებელი სამხედროებისათვის. არ იყო კონკრეტულად, ვინ იყო ხელმძღვანელი კონკრეტულ ობიექტზე, კონკრეტული მიმართულებით, კონკრეტულ მომენტში. ასე, რომ ეს დიდი ხარვეზი იყო. სხვა დამატებითი დეტალებიც იყო იქ, მაგრამ ჩემი აზრით, ძირითადი ეს იყო“, - აღნიშნა კაპანაძემ.
მისივე თქმით, ისიც დასტურდება, რომ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ რამდენიმე ბრიგადის მეთაური გაათავისუფლეს, რაც საბრძოლო მოქმედებებისას დანაყოფს მნიშვნელოვან დაღს ასვამს.
„მე ვთვლი, რომ უშუალოდ იმ სამხედროებმა, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ საერთოდ დაგეგმარებაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ალბათ, მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინათ. ჩემი პოზიციიდან ამ მომენტში ვიღაცეების დადანაშაულება მართებული არ იქნება. ამისთვის არსებობს შესაბამისი დოკუმენტები და აქედან გამოვლინდება ყველა წარმატებული თუ წარუმატებელი მოქმედება“, - განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, სისტემური ხარვეზები იყო რეზერვისტების მომზადების, გადანაწილების და მათი მართვის მიმართულებითაც.
„ამჟამად დამუშავებულია ახალი კონცეფცია, რომელიც სამობილიზაციო სისტემის უფრო მოქნილ ვარიანტს გულისხმობს“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა.
http://pia.ge/show_news.php?id=47042&lang=geoროგორც მახსოვს,უამრავი სამხედრო ტექნიკა და იარაღი დატოვეს იქ.