სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ზვიად სიჭინავა მხარს ლევან კობიაშვილს დაუჭერს
„პრაიმტაიმის“ წინა ნომერში გასულმა ინტერვიუმ ვიცე-პრემიერ კახი კალაძესთან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში უნდა ჩაერიოს, რასაც არაერთგვაროვანი განმარტებები მოჰყვა. მოგვიანებით, სპორტის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც 5 წელიწადში ფეხბურთის განვითარებაში 220-250 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ განცხადების შემდეგ, სფფ-ს პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა „პრაიმტაიმთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ზვიად სიჭინავა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფოს კანდიდატს დაუჭერს მხარს. ეს კანდიდატი ყველასთვის კარგად ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილია.
– ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა ჩაერიოს, მისი განცხადება მისაღებია თქვენთვის?
– როგორც კალაძის განმარტებას მოვუსმინე, მან ფინანსური ჩარევა იგულისხმა და, რა თქმა უნდა, ამას მივესალმები. თუ ფინანსური ჩარევა იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რაც უფრო მეტს დააფინანსებს კლუბებს, ამას რა სჯობს. სხვა კომენტარი რა უნდა გავაკეთო. ვიმეორებ მის სიტყვებს, რომ ჩარევა იქნება ფინანსური.
– მანამდე თქვენი შეფასება უფრო მკაცრი იყო, პარალელი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაავლეთ…
– პარალელი გავავლე მანამდე, სანამ იქნებოდა განმარტება. მეც, ისევე როგორც 90%-მა, ვიფიქრე, რომ საუბარი იყო ჩარევაზე, დაბარებებზე და ა.შ. შემდეგ ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ფინანსური ჩარევა იგულისხმა. პირველი რეაქცია პარალელის გავლება იყო, როდესაც არ ვიცოდით მისი განცხადების აზრი.
– კალაძემ 40 მილიონი ახსენა, რომელსაც სახელმწიფო ყოველწლიურად ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. მაშინ თქვენთვის გაუგებარი იყო, რა 40 მილიონზე იყო საუბარი. ახლა გაარკვიეთ?
– ეს ის 40 მილიონია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ იხარჯება სკოლებში, აიპ-ებსა და საფეხბურთო კლუბებში. ამ თანხას განკარგავს ადგილობრივი ხელისუფლება. ჩვენ ამ ფულთან არასდროს არანაირი კავშირი არ გვქონია, არ გვაქვს და იმედია, ფედერაციას არც არასდროს ექნება ამასთან შეხება.
– სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ მუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც, 5 წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში 220-250 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს თანხა ხომ იმაზე ნაკლები გამოდის 5 წელიწადში, რასაც ახლა ხარჯავს სახელმწიფო?
– მგონია, რომ არასწორად გაიგეთ მინისტრის ნათქვამი. როგორ შეიძლება 5-წლიანი პროგრამა იყოს.
– მინისტრმა გარკვევით თქვა, რომ ეს თანხა 5 წლის განმავლობაში დაიხარჯება…
– არასწორი ინფორმაციაა. თუ 220 ან 250 მილიონი დაიხარჯება 5 წელზე, ეს 15 მილიონით ნაკლებია იმ თანხაზე, რაც ახლა იხარჯება. როგორ შეიძლება ასეთი პროგრამის გაკეთება. ეს არის ჟურნალისტის შეცდომა, რომელიც ამას იწერდა. რაც გავიგე მინისტრის სიტყვებიდან მე, ზვიად სიჭინავა, მხარს ვუჭერ იმ 250 მილიონ ლარს, რომელიც მომავალ წელს ჩაიდება ქართულ ფეხბურთში 2016 წელს. ახალი პრეზიდენტი მოდის და ორივე ხელით მხარს ვუჭერ იმ კანდიდატს, რომელსაც სახელმწიფო წარადგენს.
– ანუ ლევან კობიაშვილს უჭერთ მხარს?
– მე მხარს ვუჭერ იმ კანდიდატს, რომელსაც სახელმწიფო წარადგენს. თუ სახელმწიფო 220 მილიონის ჩადებას აპირებს ქართულ ფეხბურთში, მტერი უნდა ვიყო, რომ ამას არ დავეთანხმო.
http://primetimenews.ge/%E1%83%A1%E1%83%A4...%94%E1%83%95-2/სრულად
This post has been edited by magda_gijmaji on 10 Aug 2015, 14:00