
მოტობურთი (ლათ. moto _ ამამოძრავებელი). ფეხბურთის მსგავსი სპორტულ-ტექნიკური თამაში მოტოციკლით.
მოტობურთის, ანუ მოტობოლის სამშობლოდ ითვლება საფრანგეთი, სადაც ამ სახეობას
XX საუკუნის 20-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. მალე მოტობურთის გუნდები გაჩნდა ინგლისში,
გერმანიაში, ბელგიასა და იტალიაში, მოგვიანებით კი ბულგარეთში, ესპანეთსა და სსრკ-ში. 1933 წელს
გაიმართა პირველი საერთაშორისო შეხვედრა.
ევროპაში მოტობურთის გავრცელების ახალი ეტაპი XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ეს სახეობა
განსაკუთრებით განვითარდა ყოფილ სსრკ-ში, სადაც ასეულობით გუნდი იყო. შეხვედრები ტარდებოდა
ცენტრალურ სტადიონებზე და გადაიცემოდა ტელევიზიით (რამდენიმე მატჩში კოსმონავტ იური გაგარინსაც უმსაჯია).
საქართველოში მოტობურთის აღმავლობა სწორედ აღნიშნულ პერიოდს ემთხვევა. ქართველი
მოტობურთელები რეგულარულად მონაწილეობდნენ საკავშირო შეჯიბრებებში. სსრკ-ის დაშლის შემდეგ
მოტობურთისადმი ინტერესმა მკვეთრად იკლო. ამჟამად სრულფასოვანი ეროვნული ჩემპიონატები
მხოლოდ გერმანიასა და საფრანგეთში ტარდება.
მოტობურთი ევროპის ფარგლებს არ გასცდენია და მსოფლიო ჩემპიონატიც არასდროს გამართულა.
ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად მიჩნეულია ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ყოველწლიურად ეწყობა
7 ქვეყნის საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, ჰოლანდიისა და ლიტვის ნაკრებების მონაწილეობით.მატჩი შედგება სამი 20-20-წუთიანი პერიოდისგან (საერთაშორისო შეხვედრებში - ოთხი პერიოდისგან).
თამაშობენ ფეხბურთის მოედნის ზომის სარბიელზე და კარიც ფეხბურთის კარის ზომისაა. მოედნის
საფარი ხრეშის ან ასფალტისაა. მოტოციკლების მანევრულობის გასაუმჯობესებლად ასფალტს ქვიშის
თხელი ფენით ფარავენ. ბურთი ფეხბურთისაზე გაცილებით დიდია (წონა დაახლოებით 1000 გ, დიამეტრი
დაახლოებით 500 მმ). თითოეულ გუნდში 5-5 წევრია მეკარე და 4 მოტოციკლიანი მინდვრის მოთამაშე.
ისინი ბურთს ატარებენ ფეხით მოტოციკლზე მიბრჯენით, ოღონდ ისე, რომ მიწას არ მოშორდეს. ბურთის
წართმევის მიზნით მეტოქეზე შეტევა ნებადართულია მხოლოდ ბურთის მხრიდან და პარალელური კურსით (წინიდან ან უკნიდან).
აკრძალულია ბურთიანი მოთამაშისთვის გზის გადაკეტვა, ბლოკირება, განზრახ დაჯახება, აგრეთვე მეკარის მოედნის
ხაზის გადაკვეთა. ამისთვის დაუყოვნებლივ ინიშნება საჯარიმო დარტყმა, რომელიც სრულდება საჯარიმო მოედნის
ხაზიდან (როგორც წესი, გამოქანებით). მეტოქე გუნდს შეუძლია ბურთიდან 9 მეტრის დაშორებით ცოცხალი კედლის
აღმართვა. საჯარიმო მოედნის ფარგლებში წესების განსაკუთრებით უხეში, წინასწარ განზრახული დარღვევისთვის
ინიშნება 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა (პენალტი). წესების დამრღვევ მოთამაშეს მსაჯმა შეიძლება უჩვენოს მწვანე
ბარათი და 2 წუთით გააძევოს მოედნიდან. ყვითელი ბარათი 5 წუთით გაძევებას ნიშნავს, ხოლო წითელი გაძევებას თამაშის ბოლომდე.
კუთხურის დარტყმა სრულდება პასით (ისევე როგორც ცენტრიდან დაწყება და გვერდითი ხაზიდან ბურთის
თამაშში შეყვანა, აუტი) საჯარიმო მოედნისა და პირითი ხაზის გადაკვეთის წერტილიდან. ბურთთან ორი მოთამაშე
დგება, რომელთაგან ერთი ბურთს გადასცემს, მეორე კი შეტევას იწყებს. შეტევისას ბურთმა ცენტრალური ხაზი
მხოლოდ პასით შეიძლება გადაკვეთოს ეს გამორიცხავს მეტოქის კარისკენ თავდამსხმელის მაღალი სიჩქარით გაჭრას.
http://www.sok.ge/ge/%E1%83%9B%E1%83%9D%E1...83%97%E1%83%98/