http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=27220&cat_id=7ევროპაში თამბაქოს მოხმარებით საქართველო მეორეა
ევროპაში სიგარეტის მოხმარების მასშტაბებით საქართველო მეორე ადგილზეა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება. თუმცა ქვეყანა იმ სახელმწიფოთა შორისაა, რომლებმაც თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის მხრივ წარმატებას მიაღწიეს.
ასეთ დასკვნამდე მივიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელმაც ევროპელების ჯანმრთელობის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. ყველაზე „მწეველი“ ქვეყნების სიაში საქართველოს საბერძნეთი მოსდევს, ხოლო მწეველთა ყველაზე მცირე რაოდენობა დანიასა და ისლანდიაში ფიქსირდება.
ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 30% მწეველია. მოხსენების ავტორთა შეფასებით, ეს მაჩვენებელი ადასტურებს თამბაქოს საერთო მოხმარების შემცირების ტენდენციას, რასაც სპეციალისტები ნაწილობრივ მოწევაზე აკრძალვით, თამბაქოზე ფასების ზრდითა და კოლოფებზე შესაბამისი გაფრთხილების დატანებით ხსნიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე აფიქსირებს ევროპაში მოწევის შედეგად გარდაცვალების სტატისტიკის შემცირებასაც.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ევროპაში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა შეშფოთებაა გამოთქმული ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების არსებული მასშტაბების გამო.
სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთერთ მნიშვნელოვან განსსაზღვრელ ფაქტორად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებას ასახელებენ და აცხადებენ, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით ყველაზე დიდი პროგრესი აღინიშნება ბელორუსში, საქართველოში, ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში. მოხსენების ავტორთა თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელმისაწვდომობის კონტროლი და საფასო პოლიტიკა.
მოხსენების თანახმად, ევროპა გეგმაზომიერდ მიდის იქითკენ, რომ ნაადრევი გარდაცვალების მაჩვენებელი ყოველწლიურად 1,5%–ით შეამციროს 2020 წლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ სტაბილურად მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა სიცოცხლეც ნაადრევად სრულდება კიბოს, დიაბეტის, სასუნთქი ორგანოების ქრონიკული დაავადებების გამო,
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია სიკვდილიანობის შემცირება ისეთი მიზეზებით, როგორიცაა საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევები და თვითმკვლელობები. ამ მხრივ დადებითი ტენდენციები აღინიშნება ლატვიაში, რუსეთში, უკრაინასა და ესტონეთში.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში, სხვა რეგიონებთან შედარებით, თვითმკვლელობების უფრო მაღალი მაჩვენებელია. სუიციდის სიხშირით ევროპაში ლიდერებად ლიტვა და ბელორუსი ითვლება.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში საქართველოში ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასების 13,1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
თამბაქო ბოლო პერიოდში კიდევ 20 თეთრით გაძვირდა. როგორც სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, სიგარეტზე ფასი შემომტანმა კომპანიებმა გაზარდეს. შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ყველა სახის ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთმა - 0,15 ლარით, ხოლო უფილტრო თამბაქოზე 0,05 ლარით მოიმატა, 2015 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. 1 ივლისიდან კი საქართველოში ადვალური ტიპის გადასახადი შემოვიდა, რაც დამატებით თითო კოლოფი სიგარეტის ღირებულების 5%-ით დაბეგვრას გულისხმობს. საბოლოო ჯამში, 2 ლარიანი სიგარეტი ახალი გადასახადების გამოისობით დამატებით კიდევ 20 თეთრით გაძვირდა.
პირველი მარტიდან გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებიც, რასაც აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირებენ.
ამასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის შეზღუდვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გვებრძვიან..
This post has been edited by SIDCFC on 28 Sep 2015, 14:02