ემპერათბილისი. კუკიის ძველი სასაფლაო. ნელა მივუყვები საფლავების რიგს და უცებ, ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა მოკრძალებულმა, მიტოვებულმა სასაფლაომ და პატარა დაფამ წარწერით: "აქ განისვენებს დაგნი პშიბიშევსკაია".
მყისიერად მეხსიერებაში ამომიტივტივდა სახელი - დაგნი, რომელიც ნორვეგიულად ,,ცისკრის ვარსკვლავს" ნიშნავს. გამახსენდა ამ ულამაზესი ქალის საოცარი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება და ასევე უცნაური გარდაცვალება . . .
. . . თბილისი. 1901 წლის 26 მაისი. გაზეთ ,,ტიფლისკი ვესტნიკში" ასეთი განცხადება გამოქვეყნდა: ,,მცირეწლოვანი ვაჟიშვილი გიწვევთ უდროოდ გარდაცვლილი დედის, დაგნი პშიბიშევსკაიას გასვენებაზე, რომელიც შედგება დღეს, 26 მაისს, 4 საათზე, მიხეილის საავადმყოფიდან. დაკრძალვა რომაულ-კათოლიკურ სასაფლაოზე (კუკია)".
ვინ იყო ეს პატარა ბიჭი ან რატომ იწვევდა ბავშვი ხალხს დედის დაკრძალვაზე?
1901 წლის 26 მაისს თბილისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. გაზეთი ,,კავკაზი" წერდა: ,,გრანდ-ოტელის" ნომრებში დიდი ხანია ბინადრობს ვარშავის გუბერნიის მემამულე ვლადისლავ ემერიკი. ერთი თვის წინ, ემერიკი სამშობლოში გაემგზავრა და ორ კვირაში დაბრუნდა. თან ახლდა მანდილოსანი და მისის 5 წლის ვაჟი. ემერიკმა მანდილოსანი დად გაასაღა და ისე ჩაასახლა თავის მეზობელ ოთახში, რომ მისი დოკუმენტები არ წარუდგენია. ქალბატონი გამოდგა დაგნი პშიბიშევსკა, პოლონელი მწერლის მეუღლე. იმ საბედისწერო 23 მაისს, ემერიკმა ბავშვი გამოიყვანა დედის ნომრიდან და ნაცნობს მიაბარა. თვითონ დაგნი პშიბიშევსკასთან დაბრუნდა და კარი ჩაკეტა. მალე ოთახიდან წყვილი გასროლა გაისმა. კარი შეამტვრიეს. პოლიციელებს თვალწინ წარმოუდგათ საზარელი სურათი: ლოგინზე სისხლის გუბეში იწვა მსხვერპლი - დაგნი პშიბიშევსკა, შუბლზე ნატყვიარი აჩნდა. ის ჩამული იყო, საწოლის ახლოს, ხალიჩაზე იწვა ემერიკი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა" . . .
აი, ასე დაიღუპა მე-20 საუკუნის დასაწყისში შორეულ თბილისში, ულამაზესი ნორვეგიელი ქალი, თავისი თაობის კერპი და არაერთი ნიჭიერი ხელოვანის მუზა, დაგნი იუველი.
ლამაზი, მშვენიერი და ნიჭიერი დაგნი ნორვეგიის ქალაქ კონსვინგერში დაიბადა. როგორც კი წამოიზარდა რომანტიკული გოგონა, სამშობლო მიატოვა და ბერლინში ჩავიდა. მას მუსიკის შესწავლა, პიანისტობა სურდა, თუმცა არც პოეტური ნიჭი აკლდა - შესანიშნავ თეთრ ლექსებს თხზავდა, რამდენიმე პიესაც დაწერა, ზოგი მათგანი ჩეხურ და პოლონურ ენებზე ითარგმნა, ერთ-ერთი კი პრაღის სცენაზეც დადგეს . . .
მაგრამ მაინც, დაგნი იუველი ცნობილი გახდა არა როგორც პიანისტი და პოეტი, არამედ როგორც დიდ ხელოვანთა შტაგონების წყარო. იგი ევროპული ბიჰემის სულად და გულდა იქცა.
ბერლინი. ღვინის სარდაფი ,,შავი გოჭი". აქ იყრიდნენ თავს ბომონდის ნიჭიერი წარმომადგენლები - მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები. ,,შავი გოჭის" ხშირი სტუამრი გახლდათ დაგნი იუველიც - არაორდინალური ქალიშვილი, რომლის გულის დაპყრობასაც ბევრი ცდილობდა, მაგრამ დაგნი თითქმის ყველასადმი გულგრილი იყო, თუმცა გარეგნულად ამას არ იმჩნევდა, მომაჯადოებელ ღიმილს უხვად აფრქვევდა და შემდგე მის ირგვლივ მოტრიალე მამაკაცებს ირონიულად შესცქეროდა.
,,შავ გოჭში" გაიცნო დაგნიმ შესანიშნავი მხატვარი ედვარდ მუნკი, რომლისთვისაც დაგნი საბედისწერო მუზად იქცა. მას უკვე აღარ შეეძლო არავის დახატვა - ყველა ქალში მხოლოდ დაგნის ხედავდა და ყველა ტილოზე, ნებისმიერი ქალის პორტრეტს დაგნის ამსგავსებდა.
,,შავ გოჭში" ედვარდ მუნკმა, უკვე პოლპულარულმა და სკანდალურმა მხატვარმა, დაგნის შვედი მწერალი ავგუსტ სტრინდბერგი გააცნო, სტრინბერგმა კი - ცნობილი პოლონელი მწერალი-სიმბოლისტი სტანისლავ პტიბიშევსკი. სტრინბერგს დაგნი პირველი დანახვისთანავე უგონოდ შეუყვარდა, ცოლობაც თხოვა, მაგრამ ქალიშვილის უარი მიიღო და უპასუხო სიყვარული სიძულვილად ექცა. დაგნის მისი ეშინოდა და ცოლობაზე არ დასთანხმდა - არა იმიტომ, რომ მისი გული უკვე ედვარდს ეკუთვნოდა. სტრინბერგი ჯიბის პისტოლეტს ატარებდა და არაერთხელ დამუქრებია მას კი არა . . . მუნკს. მუნკმა სტრინბერგის საოცარი პორტრეტი შექმნა, სადაც მის მამაკაცურ გარეგნობას რბილი, ქალური სხეულის მოხაზულობა დაურთო. სტრინბერგი ამან სასტიკად აღაშფოთა, მხატვარმა გაბედა და შეაღწია იმ დაფარულ სამყაროში, სადაც მწერალი არავის უშვებდა. უკანასკნელ სიანსზე მან ამოიღო პისტოლეტი, მხატვარს დაუმიზნა და ყრუდ უთხრა: ,,აბა, ჭკუით, არაფერი მიქარო! . ." აი, ასე, შემართული პისტოლეტის ქვეშ დაამთავრა ედვარდმა სტრინბერგის პორტრეტის ხატვა.
. . . ეს ნამდვილი უსამართლობა იყო. დაგნის ისევე იზიდავდა ედვარდი, როგორც სტრინბერგს თავად დაგნი. ედვარდი? . . რა თქმა უნდა, არც ის იყო ქალის მიმართ გულგრილი, ის ხომ დაგნის ეთაყვანებოდა და მის სახებას ყველა ქალში ეძებდა . . . ის ხომ მისთვის ხან საწოლზე მიყუჟული პატარა გოგონა იყო, ხან კი ვამპირი, მსხვერპლის სისხლს რომ სვამდა, ხან ფანჯარასთან მდგომი მშვენიერი, ნაზი ქალიშვილი. მხატვარი ოსტატურად ნიღბავდა დაგნის ხატებას და ქალი მუდამ მასთან იყო, მის ოცნებებში. ბოლოს და ბოლოს მუნკი ვეღარ გაუმკლავდა გრძნობებს და დაგნი თავის სახელოსნოში მიიწვია . . .
პირდაღებულ იატაკიდან და ჩამოფხავებულკედლებიან უსახურ სახელოსნოში სუფრა იყო გაშლილი. ედვარდი ამჯერად თავის თავს არ გავდა - კაკაოსფერი კოსტუმი, გახამებული პერანგი, ჰალსტუხი. დაგნი მურს თვასლ არ აშორებდა და გონება დაებინდა. შამპანურის ბოთლიდან ამოტყორცნილმა საცობმა გამოაფხიზლა. ედვარდმა სასმისები შეავსო. ,,თქვენ გაგიმარჯოთ! - თქვა და თვალები დაებინდა. დაგნიმ სულმოუთქმელად დაცალა სასმისი. მუნკმა მაშინვე კვლავ დაუსხა . . . ჩვენ გაგვიმარჯოს, - ამის თქმაღა მოასწრო ქალმა.
როდესაც შამპანურის ბოთლი დაიცალა, ედვარდმა დაგნი პატარა სააბაზანოში შეიყვანა. დიდი ფანჯრიდან მზის სხივები შემოდიოდა . . . ,,გთხოვთ, გაიხადეთ!" - უცნაურად მოგუდული ხმით წაიჩურჩულა ედვარდმა და სააბაზანოდან გავიდა. დაგნი ბედნიერი იყო, როგორც იქნა, მუნკმა მასში ნამდვილი ქალი დაინახა და არა მის მიერ შექმნილი ჰაეროვანი ასრება. მან მორჩილად გაიხადა სამოსი. ედვარდი შემოვიდა, ყურადღებით შეათვალიერა შიშველი დაგნი.
- ახლავე ნახშირს მოვიტან და ესკიზს გავაკეთებ!
დაგნიმ ვერაფერი უპასუხა. თვალები დახუჭა და გაიტრუნა. არ უნდოდა, მხატვარს მისი აჩქარებული გულისცემა გაეგონა . . . მუყაოზე ნახშირის სრიალის ხმა ისმოდა მხოლოდ.
- კრანახის ქალები ულამაზესები არიან, - თქვა ედვარდმა, - მაგრამ შენ კრანახის ქალებზე უკეთესი ხარ. არ გაინძრე, ახლავე საღებავებს დავამატებ.
დაგნი დაიღალა, მაგრამ არ განძრეულა, არ უნდოდა, მუნკისთვის ხელი შეეშალა. ნეტა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მოულოდნელი სეანსი? როგორც ჩანს, ამ უჩვეულო კაცს ვნება მაშინ ეძალება, როდესაც ხატავს. რას ვიზამ, უნდა მოვითმინო. ამ ფიქრში იყო, როდესაც ედვარდის ხმა მოესმა:
- დიდი მადლობა, დაგნი, რომ მოხვედი . . ამას არასოდეს დავივიწყებ . . . და საქმიანად დაამატა: შეგიძლია ჩაიცვა.
დაგნი ისე გააოგნა და დათრგუნა ამ უჩვეულო პაემანმა, რომ სტრინდბერგის მუდარას დაჰყვა. მას ხომ საკუთარი თავის რწმენა დაეკარგა და თავიდან უნდა ეწამა, რომ ქალი იყო. არც ქმართან გაუმართლა . . თაყვანისმცემლებისგან თავმობეზრებული სტრინდბერგის მარწუხებისგან თავდასაცავად, მოკრძალებულ, მშვიდ და კეთილ სტანისლავ პშიბიშევსკის გაჰყვა ცოლად და მას ქალ-ვაჟი - ზენონი და ივა გაუჩინა. მაშინ არ იცოდა, რომ სტანისლავი ფსიქიკურად დაავადებული იყო.
დაგნი მისი ცხოვრების სამი მამაკაცის მუზა გახდა და მათ აღმავლობაში ლომის წვლილი უდევს: ედვარდმა მისთვის ადრე მიუწვდომელი გრაფიკა ,,დაიმონა" და მეფედ იქცა; სტრინდბერგის უზარმაზარი ტალანტი ახალი ძალით აელვარდა, ხოლო ყველასათვის უცნობი პშიბიშევსკი ლიტერატურულ ოლიმპზე აფრინდა . . . დაგნიმ კი, მათი შემოქმედების მუზამ, ყველაფერი დაკარგა. რა თქმა უნდა, ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინა, რაც მწერლისთვის დიდი განძია, მაგრამ ჩვეულებრივი ქალისთვის მხოლოდ სატანჯველი და განცდაა.
. . . მასზე უიმედოდ შეყვარებული სტრინდბერგი მტრად ექცა, ქალის შემოქმედებას ღვარძლიანად აკრიტიკებდა და არც მისი სიკვდილის შემდეგ შეუკავებია თავი. ბოლოს და ბოლოს სტრინდბერგი ნერვიული სტრესის შედეგად საავადმყოფოში აღმოჩნდა. მეგობრებმა მის სამკურნალოდ ფული შეაგროვეს, კეთილმა სტანისლავმა კი, რომელმაც იცოდა ავგუსტის მისი ცოლისადმი დამოკიდებულება, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მათთან ცხოვრება შესთავაზა - მასზე საერთოდ არ ეჭვიანობდა. აი, ედვარდ მუნკზე კი ამას ვერ იტყოდა. გვიან გაიგო დაგნიმ, რომ მისმა ქმარმა მხატვარი დუელში გამოიწვია, გამოიწვია და ნასროლმა ტყვიამ მუნკს მარჯვენა ხელის მტევანი დაუზიანა. ესეც ასე, ახლა ხატე, თუ ბიჭი ხარ - ჩაიხითხითა პშიბიშევსკიმ და პისტოლეტი მოისროლა.
მუნკმა მაინც შეძლო მტკივანი ხელით ხატვა, მაგრამ საუბედუროდ, თავის სათაყვანებელ ქალს ვეღარ ხატავდა. მისი ოცნების ხატება იმ საბედისწერო ტყვიას თან გაჰყვა . . .
დაგნის და სტანისლავის ქორწინებას ბედნიერი არ ეთქმოდა . . ქმარი დაგნის ხშირად ღალატობდა. ზოგჯერ ავადმყოფობაც თავს ახსენებდა და მიუხედავად ამისა, რომ მათ ორი შვილი ჰყავდათ, დაგნიმ იგი მიატოვა, თუმცა მალევე უკან დაბრუნდა.
33 წლისა იყო დაგნი, როდესაც იგი ქმრის მეგობარს, ვლადისლავ ემერიკს შეუყვარდა. ემერიკს თბილიშში საწარმოები ჰქონდა და პშიბიშევსკების ოჯახი თავისთან მიიწვია. სტანისლავი უცნაურად მოიქცა - ცოლი და 5 წლის ვაჟი ზენონი მეგობარს გააყოლა და უთხრა, მე და ჩემი გოგონაც მალე ჩამოვალთო, მაგრამ სიტყვა გატეხა და მას მერე დაგნი აღარ
უნახავს.
1901 წლის 23 მაისს, თბილისში, ალექსანდრეს ბაღის წინ, ოტელში ტრაგედია დატრიალდა - ვლადისლავ ემერიკმა ჯერ დაგნი მოკლა და მერე თავი მოიკლა.
ემერიკმა რამდენიმე წერილი დატოვა, ორი მათგანი სტანისლავ და ზენონ პშიბიშევსკების სახელზე. არცერთ წერილში არ არის ნახსენები მკვლელობის მიზეზი.
სტანისლავ პშიბიშევსკის ცოლის დაღუპვის შემდეგ, მისდამი მიძღვნილ წერილში, ,,როდესაც მზე ჩადის", წერდა: ,,მისთვის სილამაზე, სიამაყე და გულწრფელობა ტრაგედია აღმოჩნდა. ის იყო ულამაზესი ყვავილი, რომელიც იშვიათად იფურჩქნება, მაგრამ განწირულია გასათელად".
უფ, ამდენი ამ ფორუმზე არ მიწერია
This post has been edited by Neo777 on 24 Jan 2010, 21:33