ინფორმაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შემოსვლის მსურველი პირებისათვის
ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი მიგრაციული კანონმდებლობის შესახებ
ინფორმაცია აზერბაიჯანში ავტომანქანით შემოსვლის მსურველთათვის
- 2014 წლის 1 აპრილიდან, აზერბაიჯანში მოქმედებს სტანდარტი „ევრო-4," რაც გულისხმობს გარკვეულ შეზღუდვებს უცხო ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) დარეგისტრირებული ავტომანქანების აზერბაიჯანში შემოყვანისას. კერძოდ, ევროკავშირში 2005 წლამდე, აშშ-ში 2004 წლამდე, კორეაში 2006 წლამდე, იაპონიასა და ჩინეთში 2011 წლამდე წარმოებული მსუბუქი ავტომობილით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დროებით შემოსვლისას, მფლობელს მოუწევს გარკვეული თანხის (დეპოზიტის) დატოვება საზღვარზე, რომელიც საქართველოში დაბრუნებისას საზღვარზევე დაუბრუნდება სრული მოცულობით. ამასთან ერთად, სავალდებულოა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის საგარანტიო წერილი, რომლითაც ის საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას ავტომანქანის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. სადეპოზიტო თანხის ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მანქანის დათვალიერება-შეფასებისა და მისი სავარაუდო ღირებულებიდან გამომდინარე. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო (სატვირთო ავტობილი, მიკროავტობუსი) საშუალებებს.
- მსუბუქი ავტომობილების ქვეყანაში ყოფნის ერთჯერადი ვადა, აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრება საბაჟო სამსახურის შეხედულებისამებრ, მაქსიმუმ 30 დღემდე ვადით.
- საზღვრის გადმოლახვისას სავალდებულოა ავტომანქანების დაზღვევა, ე.წ. „მესამე პირის დაზღვევა." აღნიშნული დაზღვევა არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზღვევას, არამედ, აზღვევს ამ ავტომობილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაზიანებულ სხვა ავტომანქანებს. დაზღვევის თანხის ოდენობის გამოსათვლელი „კალკულატორი" შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
http://isb.az/index.php?option=com_content...emid=53&lang=ru შეზღუდვები და აკრძალვები
- აზერბაიჯანში აკრძალულია დაბურულმინიანი, ასევე მარჯვენასაჭიანი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.
- აკრძალულია ქვეყანაში სხვადასხვა სახის ცივი იარაღის შემოტანა, როგორებიცაა დანა, კასტეტი, ხელკეტი (მათ შორის გასაშლელი) და მსგავსი საგნები. ჩამოთვლილი ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია დადგეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
- ე.წ. „მთიან ყარაბაღში" სომხეთის მხრიდან შესვლის შემთხვევაში, მოქალაქე აღმოჩნდება ე.წ. „შავ სიაში" და აეკრძალება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლა.
http://ganja.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1481