მოლდოვის ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციები რეისიდან მოხსნა. აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც პროტესტს გამოთქვამს მოლდოვის ხელისუფლების მიმართ. უწყების ინფორმაციით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქ ტირასპოლში ოფიციალურ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ. უკან დაბრუნებისას კიშინიოვის აეროპორტში მათი რეისი გააჩერეს, დელეგაციის დეპორტირება მოახდინეს და მოლდოვაში 10 წლით შესვლა აუკრძალეს.
„მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს. შედეგად დელეგაციის წევრების დეპორტაცია მოახდინეს და მათ 10 წლით ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.
მოლდოვის ხელისუფლების განცხადებით, დეგელაციის წევრებმა ღონისძიებაში მონაწილეობით მოლდოვის სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობა შეურაცხყვეს.
აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტს უცხადებს მოლდოვის მხარეს და მის მქედებებს აფხაზეთის ოფიციალური პირების მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევს“, - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. შსს-ს განცხადებაში.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ახლო ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და მის იდენტურ პოლიტიკას აწარმოებს.
http://www.cp.ge/ge/statiacci.php?ID=43930