ყურძენზე დაბალი ფასის გამო სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაში 200–მდე მევენახე მონაწილეობდა. „ივანიშვილი ხომ გვპირდებოდა 1 ლარი ცოტააო, ახლა კმაყოფილია? 35 თეთრს რომ იძლევიან ქარხნები და თან მიღება ჯერ არ დაუწყიათ, არადა ყურძენი ვაზზე ლპება. ეს მთავრობაა?“; „რუსეთსა და უკრაინაში თუ პრობლემებია და ექსპორტი შემცირდა, ჩვენ ხომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ. ევროპის ბაზრებს რატომ არ ითვისებენ, რას აკეთებს მთავრობა?“, – აცხადებდნენ მევენახეები.
ვაქირში მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, 30–მდე პოლიციელი.
აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნებიდან“ სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი, სიღნაღის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი შეხვდნენ.
გელა გელაშვილის განცხადებით, ისინი კერძო კომპანიების მუშაობაში ვერ ჩაერევიან.
„ყველაზე მთავარი პრობლემა რაც გვაქვს, არ არის გახსნილი ქარხნები, მომზადებული არ არიან იმისთვის, რომ მიიღონ. ამიტომ ჩემი თხოვნაა, რომ ხვალ, მაქსიმუმ ზეგ ყურძენი მიიღონ იმიტომ, რომ შაქრიანობა უკვე საკმარის კონდიციაზეა, მოსავლის მიღება უნდა დაცვიწყოთ. ეს არის პირველი და სასწრაფო. პრეტენზიები ფასებზეც არის, მაგრამ იმ 70 თეთრსაც ვერ აიღებენ, თუ გაუფუჭდათ. ამიტომ, ეს კომპანიები სასწრაფოდ უნდა ჩამოვიდნენ“, – აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა.
რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, კახეთში რთველი ჯერ არ დაწყებულა.
„რთველი ჯერ არ დაწყებულა, 50-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული შტაბში. ამ კვირაში 70-მდე გაიზრდება, ასე ველოდებით. 10-15 სექტემბრის პერიოდში აპირებენ ყურძნის მიღებას. უკმაყოფილება მესმის, ხალხი ნერვიულობს, მაგრამ მყიდველი და გამყიდველი უნდა შეთანხმდნენ, ფასზე თავად უნდა მოილაპარაკონ. თუ ვერ შედგა მოლაპარაკება, მაშინ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებს, მაგრამ იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე კერძო კომპანია“, – განაცხადა რთველის შტაბის ხელმძღვანელმა.
ბოლო დღეებში რეგიონში უხვი ნალექის გამო ბევრ სოფელში ყურძენმა ლპობა დაიწყო. ღვინის ქარხნების მიერ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი უკვე დადგენილია. როგორც ღვინის კომპანიების დირექტორების უმრავლესობა აცხადებს, სუბსიდიის ჩათვლით, რქაწითელი და მწვანე – 70 თეთრი ეღირება, ხოლო საფერავი – 85 თეთრი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ალაზნისპირა სოფლებში, სადაც ყურძენი ყველაზე ადრე იწევა, ღვინის კომპანიები მევენახეებს 1 კილოგრამ საფერავში სუბსიდიის ჩათვლით 65 თეთრს სთავაზობენ.
"სანამ ჩვენ თავად არ დავწურამთ, სულ იქნება ეს დედაარღნიანობა, სულ"
ღარიბაბაევის ჰომელანდი ქიზიყი