
2016 წლის 5 აგვისტოს, ბრაზილიაში, მარაკანას სტადიონზე, ,,რიო 2016'' ოლიმპიური ცეცხლის ანთებითა და ხუთრგოლიანი დროშის აფრიალებით დაიწყება. ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი აცხადებს, რომ ქვეყანა ოლიმპიური თამაშებისთვის უკვე მზადაა. რა პროექტები განხორციელდა სპეციალურად ამ დღისთვის, როგორ უმასპინძლებს მსოფლიოში მეხუთე უდიდესი სახელმწიფო სპორტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს და ბრაზილიაში ჩასულ სტუმრებს? ,,ვერსიისთვის'' ექსკლუზიურად, ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, თავის პოზიციას აფიქსირებს.
ჯერ კიდევ წელიწადი გვაშორებს ოლიმპიადას, თუმცა ბრაზილიის გული უკვე მძლავრად სცემს. ბრაზილიის დიდსულოვანი გული სიხარულით მიესალმება სხვადასხვა ხალხებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან და მზად არის, ენთუზიაზმითა და სამართლიანი ბრძოლით ჩაებას ამ შესანიშნავ სპორტულ ღონისძიებებში. ჩვენ უკვე ,,ფიფას'' მსოფლიო თასის დროს გავხდით ამის მოწმე. ეს ყველაფერი 2016 წლის 5 აგვისტოს კიდევ ერთხელ განმეორდება მარაკანას სტადიონზე, სადაც ოლიმპიური ცეცხლის ანთებითა და ხუთრგოლიანი დროშის აფრიალებით, კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს დიდ სიყვარულს სპორტისადმი.
შემთხვევითი არ არის, რომ ბრაზილიას ერგო პატივი, ყოფილიყო ოლიმპიური თამაშების პირველი სამხრეთამერიკული მასპინძელი ქვეყანა. ბრაზილია მსოფლიოში ცნობილია მისი შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი პეიზაჟით. ჩვენი ქვეყნის ისტორია მდიდარია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის გამოვლინების მაგალითებით, რომელიც ყოველივე ამის საერთაშორისო სიმბოლო გახდა. ჩვენ მართლაც სიხარულითა და სტუმართმოყვარეობით ვიღებთ სხვადასხვა ხალხსა და კულტურებს.
ჩვენმა ხალხმა: მუშებმა, ბიზნესმენებმა, სტუდენტებმა, მეცნიერებმა და ხელოვანებმა, კრეატიული, მეგობრული და სოლიდარული თვისებების წყალობით შეძლო, შემდგარიყო, როგორც ყველაზე ღია ერი მსოფლიოში. ჩვენ შევქმენით ყველაზე მშვიდობიანი კულტურა. ეს ღირებულებები და თავდაუზოგავი შრომა საფუძველია, რიოს ოლიმპიადა იყოს მსოფლიოში საუკეთესო სპორტული ზეიმი.
ჩვენ მივაღწიეთ ამას ფიფა-ს მსოფლიო თასის დროს და ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, ყოველივე ეს, რიო 2016 წლის ოლიმპიური თამაშების დროს გავიმეოროთ. ეს არის მთავარი გამოწვევა, რომლის დასაძლევადაც ოლიმპიადის გამართვამდე ბევრად ადრე დავიწყეთ მზადება და რაშიც ყოველდღიურად ვართ ჩართულები.
მზადება დაიწყო ინვესტიციების ჩადებით ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში _ სპორტსა და ჩვენს სპორტსმენებში. შემდეგ კი გაგრძელდა მასიური ინვესტიციების მოზიდვა სპორტული ინფრასტრუქტურის და რიოს ურბანული რესტრუქტურიზაციისთვის, რომელიც, უდავოდ, ყველაზე ლამაზი ბუნებისა და ლანდშაფტის მქონე ქალაქია ოლიმპიური თამაშების გასამართად ანტიკური საბერძნეთის შემდეგ. გასული წლის განმავლობაში დიდი საჯარო ინვესტიციები განვახორციელეთ, რათა სათანადო მატერიალური მხარდაჭერა ჰქონოდათ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და გუნდებს ისეთი პროგრამების სახით, როგორიცაა, ,,სპორტსმენის სტიპენდია'' და ,,ბრაზილიური მედლის გეგმა''. ჩვენმა წარმატებულმა სპორტსმენებმა თითოეულ შეჯიბრში გაუმჯობესებული შედეგები აჩვენეს. ისინი ჩვენი დიდი ვარსკვლავები და შთაგონების წყაროა. ბრაზილიის მიერ მიღწეული შედეგები ბოლო, პანამერიკულ თამაშებში, ჩვენი სპორტული ჟინის კარგი გამოვლინება იყო.
ხალხსა და ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციები, ოლიმპიური თამაშების ჭრილში, მომავალში საკმაოდ კარგ შედეგებს მოგვიტანს. სპორტული ინვესტიციების ჩადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ მართლაც ვცდილობთ სპორტული პრაქტიკის დანერგვას ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებში. ეს იქნება არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა, რომელიც რიო 2016 წლის თამაშების შედეგად დაგვრჩება. გვწამს, რომ განათლება და სპორტი ჩვენი საუკეთესო მოკავშირეა საზოგადოების ინტეგრაციისთვის. მათი მეშვეობით ვახდენთ ახალგაზრდების წახალისებას, რომ დასახული მიზნების მისაღწევად იბრძოლონ, განიცადონ სიხარული, ისწავლონ გუნდური მუშაობა და პატივისცემა კონკურენტების მიმართ. სპორტი შთაგვაგონებს კულტურის სფეროში თანამშრომლობას, ის პატივისცემის, ეთიკისა და დაუღალავი შრომის ფასად, გვასწავლის მივაღწიოთ დასახულ მიზნებს და აღვნიშნოთ მიღწეული წარმატებები. თუ გავაერთიანებთ ჩვენი ხალხის ღირსებას, სიხარულსა და სტუმართმოყვარეობას, რიოს 2016 წლის თამაშებიდან მივიღებთ ძალიან კარგ მემკვიდრეობას. ჩვენ, ასევე, გვაქვს რიო დე ჟანეიროს ურბანული მოდერნიზაციის შედეგად მიღებული მემკვიდრეობა _ ეს ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის ეროვნული სავიზიტო ბარათია.
რიო 2016 თამაშების ფარგლებში ფინანსური რესურსების ორი მესამედი ქალაქის ურბანული სამუშაოებისთვის გამოვიყენეთ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფართო სპექტრი ისევ მიმდინარეობს: ახალი მეტროს ხაზი, ტრამვაის ხაზი, რომელიც აკავშირებს რიოს მთელ ცენტრს, ასევე ავტობუსების ხაზი, რომელიც ღონისძიებისთვის განკუთვნილ ყველა ობიექტს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ ინვესტიციების მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესება, რათა, როგორც თამაშების მიმდინარეობისას, ასევე შემდგომ პერიოდში გამარტივდეს გადაადგილება მათთვის, ვინც მოშორებით ცხოვრობს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუდმივი მომხმარებელია.
ურბანული ტრანსფორმაცია ყველაფერი არ არის. მაგალითად, რიოს ნავსადგური გახდება დასვენებისა და კულტურის კერა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ათასობით ტურისტისთვის. მომავალში, ,,პორტო მარავილიაში'' განთავსდება ახალი ოფისი და საცხოვრებელი ნაგებობები. ჩვენ აღვადგენთ ჩვენი საოცარი ქალაქის სიკაშკაშეს, რომელიც უცვლელად განაგრძობს მსოფლიოს მოჯადოებას მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი გახდა.
რიო 2016 წლის თამაშებმა მძლავრად მოიზიდა ინვესტიციები ბრაზილიის კერძო სექტორიდან და ეს მხოლოდ სპონსორობაში ან სასტუმროების ახალი ქსელების მშენებლობასა თუ მოდერნიზებაში არ გამოიხატებოდა.
მაგალითად, ბარას ოლიმპიური პარკი, დიდწილად, კერძო ინვესტიციებით აშენდა, მათ შორის, პარკის ინფრასტრუქტურის ჩათვლით. ოლიმპიური ვილა, რომელიც მთელი მსოფლიოს სპორტსმენებს უმასპინძლებს, ასევე კერძო ინიციატივით შენდება.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, უკვე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ „რიო 2016 წლის თამაშები“ ერთ-ერთი ის ღონისძიებაა, რომელიც კერძო ინვესტიციების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს გვთავაზობს ბოლო 20 წლის განმავლობაში.
დეოდოროს სპორტული კომპლექსი, რომელიც რიოს ერთ-ერთი ღარიბი უბნის გულში მდებარეობს და ქალაქის ახალგაზრდობის უმეტესობაა კონცენტრირებული, რადიკალური სპორტის სივრცედ იქცევა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას სპორტულ თამაშებში. ეს ასევე იქნება საწვრთნელი მოედანი ჩვენი საუკეთესო სპორტსმენებისთვის. ბარას ოლიმპიური პარკი გახდება ბაზა მომავალი ოლიმპიური საწვრთნელი ცენტრისთვის, რომელიც მომავალში უმაღლესი დონის სპორტსმენებს მოამზადებს ქვეყნისთვის. ამასთანავე, ხელს შეუწყობს, გააძლიეროს სპორტული თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით, სამხრეთ ამერიკის მეზობელ ქვეყნებთან.
ძალისხმევას არ ვიშურებთ, გაიზარდოს ინვესტიციების დონე მთელ ბრაზილიაში. უკვე გვაქვს 12 საწვრთნელი და სპორტული მომზადების 261 ცენტრი. გარდა ამისა, აშენდა მძლეოსნობის 46 ოფიციალური ტრეკი. სპორტული მემკვიდრეობის ინვესტიცია რიოში და მთელ ქვეყანაში უკვე 1.2 მილიარდ დოლარს აღწევს.
ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ ხარჯების ეფექტურობას და ინსტალაციების მდგრადობას. „მომავლის არენა“, ხელბურთის სათამაშო მოედანი, რომელიც განთავსებულია ოლიმპიურ პარკში, ამის ნიმუში გახლავთ. სტადიონი დროებითი მოდულებით შენდება, რომელიც თამაშების შემდეგ ოთხ სხვადასხვა სკოლად გადაკეთდება.
ამ გრანდიოზული პროექტის რაც შეიძლება „რბილად“ განხორციელება, გარდა საორგანიზაციო კომიტეტისა და საჯარო ოლიმპიური ხელისუფლებისა, მუდმივ ყურადღებასა და ერთობლივ მუშაობას მოითხოვდა ფედერალური, სახელმწიფო და საქალაქო მთავრობის მხრიდანაც. ყველა ეს ორგანიზაცია საკუთარ მოვალეობებს პარალიმპური თამაშების ბოლომდე ინარჩუნებს, რომელიც 2016 წლის სექტემბერში ჩატარდება.
ასეთი კომპლექსური ღონისძიება მინიმალურ დეტალებში მოითხოვს მუდმივ ჩართულობას. უკვე დაიწყო რიოს ინფრასტრუქტურისა და ოლიმპიური პროექტის გამოცდა იმ პირველი ღონისძიებების სახით, რომელიც ქალაქში გამოჩნდა.
ბრაზილია სრულად მზადაა ოლიმპიური თამაშებისთვის. ღონისძიების ორგანიზებასთან ერთად, სიამაყით ვუჩვენებთ მსოფლიოს ჩვენს ბოლო მიღწევებს ძლიერი და კონსოლიდირებული დემოკრატიის სახით, რომელიც მიზნად ისახავს, შეამციროს სოციალური უთანასწორობა ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების საშუალებით.
ეს მთლიანად ქვეყნის კოლექტიური ძალისხმევაა. 15 ათას ოლიმპიურ და პარალიმპურ სპორტსმენს, ათასობით გულშემატკივარსა და მილიარდობით მაყურებელს უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, რომ მზად ვართ, მივიღოთ და გადავლახოთ უამრავი გამოწვევა. ბრაზილიის საზოგადოება ისევე კარგად მიიღებს სპორტსმენებსა და ტურისტებს, როგორც 2014 წლის ჩემპიონატის დროს, როდესაც მთელმა ქვეყანამ საზეიმო განწყობით, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მაღალი დონით მოაჯადოვა მთელი მსოფლიო.
იმ პერიოდში, ყველა, ვინც კი ტელევიზორში ადევნებდა თვალს აქაურ ზეიმს, ბრაზილიაში ყოფნას ნატრობდა, ამიტომ მხოლოდ ნატვრას ნუ დასჯერდებით _ ჩამოდით და ისიამოვნეთ ყველა იმ ბედნიერი წამით, რასაც ოლიმპიადა და ისეთი ქვეყანა, როგორიც ბრაზილიაა, ნებისმიერ დროს გთავაზობთ: მშვიდობა, სიყვარული, მხიარულება და დიდი, დიდი ბედნიერება! გელოდებით ყველას გაშლილი ხელით და მთელი გულით.
ჯერ-ჯერობით გვაქვს 5 ლიცენზია
ნინო სალუქვაძე-ტყვიის სროლა
სალომე ფაჟავა- მხატრული ტანვარჯიში
ქალების მშვილდოსანთა ნაკრები-ხათუნა ნარიმანიძე,ქრისტინე ესებუა,იულია ლობჟანიძე
ელიზბარ ოდიკაძე-ჭიდაობა
ალექსანდრე ამინაშვილი-ჭიდაობა
პ.ს მოდერ აპინე რა თემა 22 აგვისტომდე
This post has been edited by Malouda on 12 Sep 2015, 11:03