წაიკითხეთ დიდი, მაგრამ ძალიან საინტერესო და გულისამაჩუყებელი ინტერვიუ სლოვენიელ ფოტოგრაფთან...
ტიპს ისე უყვარს საქართველო და ისე იცნობს, ბევრი ქართველი რომ ვერ იცნობს...
იური ქეითი სლოვენიიდანაა. მასთან ინტერვიუს ჩაწერა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც საქართველოში გადაღებული მისი ფოტოები ვნახეთ. კადრებს ასე ლამაზად და ყურადღებით მხოლოდ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი თუ გადაიღებდა.
იმედი არც გაგვცრუებია. იურიმ სიხარულით გაგვიზიარა საქართველოში მოგზაურობისას მიღებული ემოციები. მის ნაწერში ჩანს, რომ ის მართლა მოხიბლულია ჩვენი ქვეყნით, ხალხით, კულტურითა და ღირსშესანიშნაობებით, პროფესიიდან გამომდინარე, არც ქართული სამზარეულო ავიწყდება.
მასთან საუბარმა დაგვარწმუნა, რომ უბრალო ევროპელმა ტურისტმაც კი შეიძლება უფრო მეტი იცოდეს ჩვენს სამშობლოზე, ვიდრე ბევრმა ქართველმა.
სტანდარტული ინტერვიუ არც გამოვიდა, ეს უფრო მისი ამბავია, ქართული ბუნების სილამაზით და ქართული მასპინძლობით შეზავებული.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ შემდეგი წლისთვის ბილეთები უკვე ნაყიდია და ის კიდევ ერთხელ დაბრუნდება საქართველოში.
-იური მოგვიყევი შენ შესახებ, საიდან ხარ, ფოტოგრაფია შენი ძირითადი პროფესიაა?
პირველ რიგში, მინდა გითხრა, რომ მე ვიცნობ ძალიან ბევრ ქართველს, რომელიც ჩემზე მეტად იმსახურებს სტატიაში მოხვედრას.
იმედს გაგიცრუებ და გეტყვი, რომ უბრალო მზარეული ვარ. სლოვენიის არმიის ენათა ცენტრში ვმსახურობ, რომელიც ნატოსა და სამშვიდობო პარტნიორობას ეკუთვნის (სლოვენია, ანუ ყოფილი იუგოსლავია, არა სლოვაკია, ანუ ყოფილი ჩეხოსლოვაკია- დამიზუსტა იურიმ). ფოტოგრაფია მხოლოდ ჩემი ჰობია.
მე არ შემიძლია ვიყო მხოლოდ „ოფიციალური მზარეული“. ადამიანები ტოვებენ საკუთარ ოჯახებს და მოდიან სლოვენიაში, სრულიად განსხვავებულ გარემოში - სამი თვით და ისინი ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ჩვენ.
ისინი თავიანთი კულტურული განსხვავებებით მამდიდრებენ ამ სულიერად ღარიბ და ცარიელ ევროპაში. მათ მოაქვთ ჩემთან გულისამაჩუყებელი ამბები საკუთარი ცხოვრებიდან და საკუთარი ქვეყნებიდან, რომლებიც გვაღვიძებს, რათა დავიწყოთ პოზიტიურად ფიქრი. მიუხედავად ამისა, ევროპა რჩება ცარიელი და ეგოისტი. შეიძლება ცოტა ხანი კიდევ მოქმედებს ადამიანებზე ეს ამბები, მაგრამ მეორე დღეს ისინი აგრძელებენ საკუთარ ეგოისტურ ცხოვრებას, მოთოკილი ემოციებით,
-რატომ საქართველო ?
რატომ საქართველო და ქართველები? მე არ გეტყვით სახელებს (მოდით ამ ამბავში ყველა სახელი საიდუმლოდ დავტოვოთ) მაგრამ ორმა საოცარმა ქართველმა, რომლებიც ჩემი დებივით არიან, აღმომაჩენინა საქართველო.
მათ მე დამპატიჟეს საქართველოში ერთმა-2009 წელს, მეორემ-2011-ში, ისინი სხვადასხვა დროს იყვნენ სტუდენტები ჩვენთან.
მე ასევე ვიცოდი საშინელი ამბავი 2008 წლის ომზე, რომელიც სამწუხაროდ პეკინის ოლიმპიადის ჩრდილქვეშ იყო მოქცეული და მსოფლიო არ იყო ფოკუსირებული მასზე.
ძალიან მიყვარს მოგზაურობა, თავიდან მხოლოდ ცენტრი და იქ თავმოყრილი განსხვავებული კულტურა იყო საკმარისი ჩემთვის. მე ვატარებდი ზაფხულის არდადეგებს სლოვენიაში,გარდა ამისა შეიძლება ერთი კვირა წავსულიყავი მთებში, და ეს მყოფნიდან ახალი ენერგიით დასამუხტად.
შემდეგ, ერთ ღამეში დადგა ფინანსური კრიზისი და ყველაფერი შეიცვალა.
ცუდმა დრომ ცუდი ადამიანები კიდევ უფრო უარესი გახადა -კარგები კი უკეთესები.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მაღალია შენი ხელფასი, მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, როგორ გადარჩები თვიდან-თვემდე და საშუალო ხელფასით გადარჩენა ადვილი არსადაა.
ქვეყანაში, სადაც საკვები სამჯერ მეტი ღირს ვიდრე საქართველოში, სადაც გადასახადები თითქმის ათჯერ მაღალია, მანქანის რეგისტრაცია 1400 ლარი ღირს, სამედიცინო დაზღვევა-900, ბინის ქირაობა კი წელიწადში-8500 დაგიჯდებათ, სადაც ბევრი მასწავლებელი და ექიმია უმუშევარი, რა თქმა უნდა რთულია ცხოვრება. დიახ, ევროკავშირის ქვეყნებსაც აქვთ ბნელი მხარეები.
მე მივხვდი რომ უკვე აღარ მომწონდა არდადეგები სლოვენიაში და უკვე თითქმის 40 წლის ასაკში გადავწყვიტე საქართველოში ჩამოსვულიყავი, პირველი მოგზაურობა ჩემი ორი ხელფასი დამიჯდა, მაგრამ არცერთ თეთრს არ ვნანობ.
სრულიად დამწყები მოგზაური საქართველოში 2012 წელს ჩამოვედი. ის სრულიად განსხვავებულია ყველა ევროპული ქვეყნისაგან. ვნახე თბილისი, მცხეთა, ჯვრის მონასტერი, ანანური, შიომღვიმე, ვარძია, საფარა, მწვანე მონასტერი და დავბრუნდი სახლში ჩემი ცხოვრების ახალ ეპიზოდამდე.
დროდადრო მახსენდებოდა რა საშინლად ცხელოდა თქვენთან. სიცხე და მზე ჩემი უდიდესი მტერია, ამიტომაც გადავწყვიტე რომ საქართველში მეტჯერ მოგზაურობას ვეღარ შევძლებდი. შემდეგ ზაფხულს ჩვეულებრივ დავრჩი სლოვენიაში, ვიყავი მთებში, მაგრამ ვიგრძენი რომ ენერგიით ვერ დავიმუხტე. გამახსენდა ის ძლიერი ემოციები და შთაბეჭდილებები, რაც საქართველოში განვიცადე, მსოფლიოს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მშენიერ და უსაფრთხო ქვეყანაში.
მივხვდი რომ მენატრებოდა საქართველო, ყველაზე თბილი მასპინძლობის ქვეყანა. ქვეყანა, სადაც ისევ ღირსეულ ადამიანად ვგრძნობ თავს, სადაც იუმორი არის სულის
თერაპია. შესანიშნავი სამზარეულოს ქვეყანა, რომელმაც მე, პროფესიონალი მზარეულიც კი გამაოცა და „ქუდი მომახდევინა“
აქ ყველა ინგერდიენტი ბუნებივია და გემრიელია, განსხვავებით ევროპული ქიმიური და პლასტმასის საკვებისაგან.
მომენატრა ქვეყანა, რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარდი.
როცა საქართველოში ვარ, ყელში თითქოს ბურთი მეჩხირება იმ სითბოსა და საოცარი მასპინძლობის გამო, რომელსაც არც კი ვიმსახურებ. ევროპაში ასე არაა, იქ ორმაგი სტანდარტებია. ტურისტებს მდიდარი ქვეყნებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, სხვებს კი არა. თქვენ კი ამდენი ომის შემდეგაც კი ახერხებთ გიყვარდეთ ცხოვრება უფრო მეტად, ვიდრე ეს ევროპელებს შეუძლიათ.
- და დაბრუნდით საქართველოში?
- და 2014 წელს დავბრუნდი საქართველოში, უკვე დიდი გეგმებით. ისევე როგორც საშუალო ადამიანმა ევროპიდან ბევრი არ ვიცოდი საქართველოზე.
საერთოდ, ძალიან ცოტამ იცის აქაური ღვინისა და ჩაის შესახებ, უმეტესობას სჯერა რომ საქართველოში მთავარი ენა რუსულია, მათ არც კი იციან რომ საკუთარი ენა გაქვთ (რომელიც ძაააალიან რთულია, მე ვფიქრობდი რომ კარგად ვითვისებდი ენებს, სანამ ქართულს არ გავეცანი). ევროპელების 40% მაინც ფიქრობს რომ საქართველოს დედაქალაქი მოსკოვი ან კიევია და ცოტას თუ გაუგია თბილისზე.
ჩემი მთავარი გეგმა იყო ყაზბეგი მენახა. ამიტომ ჩემს ქართველ „დებთან“ ერთად წავედი სტეფანწმინდაში. გერგეთის სამება ყველაზე ფანსასტიკური ადგილია, რომელიც აქამდე მინახავს ან გამიგია.
კიდევ 10 დღე უნდა გამეტარებინა საქართველოში და ამიტომ გადავწყვიტე ისევ მთებს ვწვეოდი, ეს იმიტომაც გავაკეთე რომ იქ არც ისე ცხელი კლიმატია, მაგრამ რადგან უკვე ერთხელ გადავრჩი სამცხე-ჯავახეთში, უკვე აღარაფრის მეშინოდა.
ორი დღის შემდეგ სვანეთში წავედი. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ ყველაფერს, ჯერ იყო დასავლეთ საქართველო, იმერეთი, სამეგრელო, მერე კი სამოთხის გზას დავადექით.
ავედით მესტიაში.
მეორე დღეს წავედით ლეგენდარული უშგულისაკენ,ის ხომ ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია.
გავჩერდით იფარსა და კალაში.
თქვენთან მართმადიდებელი ხალხი გაცილებით უფრო მორწმუნეა ვიდრე კათოლიკეები, მაგრამ დარწმუნებული ვარ ტოლერანტულებიც ხართ.
სვანეთში საოცარი ხედებია, ასე გგონია, ღრუბლებში გძინავს. გავიარეთ ბევრი ვიწრო და საშიში გზა. მზის ჩასვლა შხარასთან სუნთქვისშემკვრელად ლამაზია. ვესტუმრეთ ლამარიას ეკლესიასთან, რომელიც ყველაზე მაღალი სოფლის ყველაზე მაღალი წერტილია. აქედან შეგიძლია შხარას ეჩურჩულო.
შემდეგ დავბრუნდით მესტიაში, ვესტუმრეთ რეგიონულ მუზეუმს, რომლის სახურავიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება.
საბედნიეროდ, სვანებს არ დავიწყებიათ ჩვენი გამასპინძლება და უამრავ გემრიელ კერძს შორის იყო კუბდარიც, რომელიც უკვე ჩემი საყვარელი კერძია.
შემდეგ იყო ქორულდის ტბები, ასეთი ლამაზი მგონი არაფერი მინახავს, ეს არის არარეალურად წითელი შეფერილობის წყალი, გარშემორტყმული ულამაზესი მთების ჯაჭვით.
ამ ადგილის სილამაზე თითქოს დადასტურებაა იმისა, რომ ღმერთი არსებობს. ასევე გავჩერდით ლატალში და რამდენიმე თვის შემდეგ უკვე სლოვენიაში აღმოვაჩინე რომ ფილმი „სვანი“ სწორედ იქ ყოფილა გადაღებული.
ნელ-ნელა დავტოვეთ დაუჯერებელი და დაუვიწყარი სვანეთი, ბარჯაში კიდევ ერთხელ გავსინჯე კუბდარი, ნამდვილი სვანური მარილით შეზავებული, რომელიც სლოვენიაშიც წამოვიღე და მთელი წელია კერძებისთვის ვიყენებ.
რამდენიმე სიტყვა თუშეთზეც უნდა ვთქვა. რა თქმა უნდა სამდღინი ტური თუშეთისთვის საკმარისი არ იყო.
თუშეთი თითქოს სხვა სამყაროა. ლანდშაფტი შვეიცარიულ და ავსტრიულ ალპებს ჰგავს. პატარა სოფლები და ჩანჩქერები. ზამთრიდან შერჩენილი თოვლი. ეს პატარა სამყარო წელიწადის მხოლოდ რამდენიმე თვეს ცხოვრობს.
ომალო, კესელო, დოჭუ, დართლო ულამაზესია. ვნახე შენაქო და დიკლოც.
თუშეთიდან კახეთში დავბრუნდით, ვნახე ალავერდის ულამაზესი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი.
ამის შემდეგ რამდენიმე დღით დავბრუნდი თბილისში.
თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, ბევრ იმ ევროპულ ქალაქსაც ჯობს, სადაც ნამყოფი ვარ. საუკუნოვანი ისტორიაა მოაქცეული ამ პატარა ქალაქში.
ამ ქალაქს აქვს ქარიზმატული სული და ბავშვური გულუბრყვილობა. და ის ძალიან უსაფრთხოა სხვა ქალაქებთან შედარებით.
მე უბრალოდ მზარეული ვარ, ეს ნიშნავს რომ სოციალური იერარქიის ბოლოში ვარ და მე ვგრძნობდი პრივილეგირებულობას, სანამ საქართველოში ვიყავი. საქართველოში გატარებული დრო იყო არარეალური და დაუვიწყარი.
ვგიჟდები ქართველ ქალებზე, ისინი არიან ძალიან ლამაზი ჭკვიანი და ფემინური ქალები. განსხვავებთ ევროპისგან, სადაც ქალები მამაკაცებივით იქცევიან.
თქვენი ენა კი ძალიან რთულია.
როცა მოგვიანებით სახლში ვიდეოებს ვუყურებდი, რამდენიმე წამით შევნიშნე ტრაფარეტი, ძალიან გრძელი წარწერით. სამი დღე მოვანდომე-ფარცხანაყანევის სწორად წარმოთქმას, ასევე ძალიან გავწვალდი სანამ წავკისიწყლის გამოთქმას ვისწავლიდი.
ქართული სამზარეულო საოცარია, სუნელებისა და მწვანილების შეზავების ტექნიკა ნამდვილად მსოფლიოში საუკეთესო გაქვთ, თითოეულ სახლში საოცრად ამზადებენ სპეციალური კულინარიული განათლების გარეშეც კი.
შემდეგი წლის გეგმებია ხევსურეთი, უფლისციხე და გორი. ასევე ძალიან მინდა შავი ზღვის სუბტროპიკული სანაპიროც ვნახო. კახეთის დარჩენილი ნაწილი, მარტვილის კანიონი,რაბათი, გურია.ღმერთო, რამდენი კუთხეა სანახავი.
შემეძლო რამდენიმე კრიტიკული სიტყვაც მეთქვა საქართველოზე, მაგრამეს ჩემი საქმე არაა. უბრალოდ, ვისურვებდი უფრო განვითარდეს ტურისტულად და ტურიზმი იყო ქართველების ხელში. გარდა ამისა, არ მინდა რამე კრიტიკული ვთქვა, რადგან საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ძალიან მიყვარს.
თქვენთან იზრდება ახლი თაობა, თაობა რომელიც ინტუიტიურადაა ორიენტირებული ინტერნაციონალურ ურთიერთობებზე, ისინი შეძლებენ შეინარჩუნონ ტრადიციული ღირებულებებიც და შექმნან ახალიც, მთავარია ამის შანსი მიეცეთ.
დამიჯერეთ, მე არ მიყვარს საჯაროდ გამოსვლა, მაგრამ უნდა გამომეყენებინა ეს არაჩვეულებრივი შანსი, რომელიც მომეცა და დამენახებინა ჩემი შეხედულებები საქართველოზე და ქართველებზე.
ღმერთმა დალოცოს საქართველო!
http://presa.ge/new/?m=society&AID=37679
მიმაგრებული სურათი