დაფლეთილი წიგნები და გამოყვანილი მაგალითები მოსწავლეებისთვის - განათლების სამინისტროს ფაქტობრივი მტკიცებულებების საპასუხოდ არ სცალია
14 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაპირებისამებრ, უფასო სახელმძღვანელოები მიიღეს, თუმცა წიგნების ხარისხით მშობლები უკმაყოფილონი არიან. გარდა იმისა, რომ სახელმძღვანელოების უმრავლესობას ყდა აქვს დაზიანებული, გამოიკვეთა სხვა პრობლემებიც.
თბილისის ერთ-ერთი სკოლის მეორე კლასის მოსწავლის მშობელმა AMBEBI.GE-ს ქართულის სახელმძღვანელო უჩვენა, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. წიგნში რამდენიმე ფურცელი ამოხეულია, დაზიანებული აქვს ყდა და შიგნით გაკეთებულია წარწერები. მშობელი, რომლის სახელს და გვარს მისივე თხოვნით არ ვწერთ, და ასევე მისივე თხოვნით არ ვასახელებთ სკოლას, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მასწავლებელს უთხრა, რომ ასეთი წიგნით სწავლა მეორე კლასელი ბავშვისთვის შეუძლებელი იყო, განუმარტეს, რომ სკოლას ამ ეტაპისთვის სხვა წიგნები არ აქვს, თუმცა უახლოეს მომავალში სახელმძღვანელოს შეცვლას დაპირდნენ.
კიდევ ერთი მშობელი, რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდა, მეოთხე კლასელი ბიჭის დედაა. მათემატიკის სახელმძღვანელოში, რომელიც ბავშვს სკოლამ უფასოდ გადასცა, ყველა მაგალითი და ამოცანა ამოხსნილია. რაც მთავარია, დავალებები შესრულებულია კალმით. მშობელმა სკოლის ადმინისტრაციას პრობლემის მოგვარება სთხოვა. პედაგოგმა განუმარტა, რომ იგი წიგნს შუეცვლიდა, თუმცა გაირკვა, რომ იმ კონკრეტულ სკოლაში, რომელსაც მშობლის თხოვნით არ ვასახელებთ, არ აღმოჩნდა მეოთხე კლასის მათემატკის სახელმძღვანელო, რომელშიც დავალებები შესრულებული არ იყო.
სახელმძღვანელობით უკმაყოფილო არიან მაღალი კლასის მშობლებიც. ამბობენ, რომ რამდენიმე საგანში მათ ახალი სახელმძღვანელოების ყიდვა მოუწევთ.
პრესა ჯერ კიდევ სწავლის დაწყებამდე წერდა, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მცირე რაოდენობის ახალი სახელმძღვანელობის დაბეჭდვასთან დაკავშირებით მოსწავლეებს პრობლემებს შეუქმნიდა. თუმცა უწყებაში აცხდებდნენ, რომ საკმარისი რაოდენობის ვარგისი სახელმძღვანელოები ჰქონდათ. ფაქტია, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები აღმოჩნდნენ.
საქართველოს საჯარო სკოლებში წელს 496 978 მოსწავლე მივიდა და მათთვის განათლების სამინისტრომ მხოლოდ 41 844 ახალი სახელმძღვანელო დაბეჭდა. ეს ნიშნავს, იმას, რომ მოსწავლეთა 90%-ს ყველა საგანში ძველი, მეორადი და ზოგ შემთხვევაში დაზიანებული სახელმძღვანელოები გადაეცათ.
AMBEBI.GE საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის თავმჯდომარეს, მარიამ რამინაშვილს ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ გაუმართლებელი იყო განათლების სამინისტროს მხრიდან წიგნების ბეჭდვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების შემცირება.
"პირველი განცხადება განათლების მინისტრმა აპრილის თვეში გააკეთა. როგორც გვახსოვს, მარტში უკვე დაისვა ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხი, ანუ როდესაც სამინისტროს დააწვა პრობლემა, თუ რომელი მუხლიდან შეიძლებოდა მათ თანხები შეეკვეცათ, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო სახელმძღვანელობისთვის გამოყოფილი თანხა. პირველი ვარიანტით, ანუ ახალ ბიუჯეტში, რომელიც იანვარში დამტკიცდა, სამინისტრო მიიჩნევდა, რომ მას სახელმძღვანელობისთვის 15 მილიონ 800 ათასი ლარი სჭირდებოდა, მეორე ვარიანტით უკვე სეკვესტრირებულ ბიუჯეტში ეს თანხა 12 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ივლისის თვეში სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა მილიონ 200 ათას ლარზე, რომელიც 47 ათასი წიგნის და რვეულების ბეჭდვას მოხმარდა, ანუ ეს ნიშნავდა იმას, რომ 15 ბავშვიდან ერთს შეხვდებოდა 1 ახალი წიგნი. დანარჩენ ქსელში არსებობს შარშანდელი და შარშანწინდელი გამოყენების სახელმძღვანელოები, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი აუცილებლად პრობლემური იქნება და აუცილებლად დაუდგებათ მშობლებს იმის აუცილებლობა, რომ პირადად შეიძინონ წიგნები", - აცხადებს რამინაშვილი.
მისივე თქმით,
სკოლების უმრავლესობა წიგნების სრულად გაცემაზე უარს აცხადებს იმ მიზეზით, რომ არ აქვთ სახელმძღვანელოების სათანადო რაოდენობა. "გუშინდელი დღიდან დაიწყეს გაცემა და სრულად ჯერ კიდევ არ გაცემულა წიგნები, რადგან სახელმწიფოს მშობლების ხმაურის ეშინია. ყველა სკოლაში არის იდენტური სიტუაცია და არ იარსებებს მოსწვალე, რომელსაც მინიმუმ 3-4 სახელმძღვანელო არ ექნება შესაძენი".
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ვთხოვეთ, სადაც გვითხრეს, რომ დაგვესახელებინა მშობლები და სკოლები, რომლებმაც დაზიანებული წიგნები გასცეს და ახლავე გამოაცლევინებდნენ. თხოვნამ, რომ უფასო სახელლმძღვანელობთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება გაეკეთებინათ, პრესსამსახურის თანამშრომლის გაღიზიანება გამოიწვია და განაცხადა, რომ ახლა არ სცალია, "ვაცადოთ და მოგვიანებით გაგვირკვევს."
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/141827-da...d-ar-scalia.htm