©
http://reportiori.ge/?menuid=3&id=76658ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის" წევრებმა „რეპორტიორის" პრესკლუბში ორგანიზაციის პრეზენტაცია გამართეს. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ელენე ლორთქიფანიძე აცხადებს, ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფუძნებულია ქრისტიანულ-ეროვნულ მოტივებზე და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი აზროვნების ჩამოყალიბებას.
„ჩვენი ორგანიზაციის შექმნის მთავარ საფუძველს წარმოადგენს ის მასობრივი ნიჰილიზმი, რომელიც ახალგაზრდებში სუფევს. უფროსი თაობებისგან ხშირად მოგვისმენია ასეთი მესიჯი, რომ სტუდენტური მუხტი დაიკარგა, რომ სტუდენტები გახდნენ ინდიფერენტულები და მათ აღარაფრის მიმართ აღარ აქვთ ემოციური დამოკიდებულება. ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნებულია ქრისტიანულ-ეროვნულ მოტივებზე. ჩვენ გვსურს, რომ ახალგაზრდები გავერთიანდეთ საერთო იდეის გარშემო და ერთად ვიმოქმედოთ. უნდა შევქმნათ ქვეყნისთვის ღირებული რამ, ავაღორძინოთ ტრადიციები. ჩვენ გვყავდა თაობები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ საქართველოს და დღემდე მოგვიტანეს ის ღირებულებები და ტრადიციები, რასაც ნამდვილი ქართველობა ჰქვია. ორგანიზაციის მთავარი არსი და იდეა ეროვნული ძალების კონსოლიდაციაში მდგომარეობს. სამომავლო ბრძოლისთვის უნდა ჩამოვაყალიბოთ მდგრადი ბირთვი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას, სათავეში ჩაუდგეს ჯანსაღ პოლიტიკასთან კავშირში არსებულ პროცესებს", - განაცხადა ელენე ლორთქიფანიძემ.
ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი დავით ფაღავა საქართველოში სტუდენტების დასაქმების პრობლემაზე საუბრობს:
„საქართველოში სტუდენტების დასაქმების პრობლემა ძალიან დიდი ხანია დგას და, სამწუხაროდ, არც წინა ხელისუფლების და არც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან არანაირი ხელშეწყობა სტუდენტებს არ აქვთ. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა საქართველოს მასშტაბით და გამოიკითხა დაახლოებით ათასამდე სტუდენტი. გამოკითხულთა მხოლოდ 15 % ახერხებს დასაქმებას, ისიც მხოლოდ საკუთარი ენთუზიაზმითა და რესურსებით. სახელმწიფო მათ დასაქმებაში არანაირად არ ერევა. ასევე მინდა ვთქვა, რომ დაუსაქმებელი სტუდენტები და ზოგადად სტუდენტთა უმრავლესობა სოციალურ ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებიდანაა. შესაბამისად, მათ არ აქვთ სწავლის საფასურის გადახდის სშუალება, რის გამოც უწევთ სწავლის შეწყვეტა. 11 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს დღესდღეობით, სამწუხაროდ, სახელმწიფო დღემდე არ იჩენს მათ მიმართ ყურადღებას და ეს პრობლემა პრობლემად რჩება", - განაცხადა დავით ფაღავამ.
თუ როგორ უნდა გადაიჭრას სტუდენტების დასაქმების პრობლემა, ამაზე ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციის წევრმა ქეთევან ჯაყელმა.
„სტუდენტების უმრავლესობა იხდის ძალიან დიდ თანხებს, რათა განათლება მიიღოს. თუმცა, უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა მათთვის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემას ახერხებს. პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად, თეორიულ ცოდნასთან ერთად, აუცილებელია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაც. ამისათვის სტუდენტებს დამატებითი კურსების გავლა უწევთ, რაც ასევე დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ ყველაფრის მიუხედავად სტუდენტების დიდი ნაწილი მაინც დაუსაქმებელი რჩება. სამწუხაროდ, მცირეა სახელმწიფოს როლი სტუდენტურ დასაქმებაში. აუცილებელია ახალგაზრდული პოლიტიკის გადახედვა. სტუდენტების დასაქმებას დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს და სახელმწიფომ ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახოს ახალგაზრდებისთვის სწავლასთან ერთად სამუშაოს პოვნის გაადვილება. არ არსებობს არცერთი სპეციალური საიტი, რომელიც გამოაქვეყნებს ინფორმაციას მხოლოდ სტუდენტური ვაკანსიების თაობაზე. ასევე ძალიან დიდი პრობლემაა სტუდენტური სწავლის დროისა და სამუშაო დროის შეუთავსებლობა. აღნიშნული პრობლემების გადაჭრა ერთდროულად რთულია, მაგრამ აუცილებელია ამ საკითხზე დაფიქრება და აუცილებელია ამ თემის განვრცობა. სახელმწიფომ ხელი უნდა შეიწყოს ახალგაზრდა კადრების პროფესიონალად ჩამოყალიბებას. უნდა შეიქმნას ერთიანი ბაზა, რომელიც შეაგროვებს საქართველოს მასშტაბით არსებული სტუდენტური ვაკანსიების თაობაზე ინფორმაციას და დააკვალიანებს იმ სტუდენტებს, რომლებიც მონდომებულები არიან, სწავლასთან ერთად იმუშაონ", - განაცხადა ქეთევან ჯაყელმა და აქვე ახალგაზრდებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.
ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა პატარაია ქართული ეკლესია-მონასტრების გარშემო არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და მოუწოდებს ახალგაზრდებს, წვლილი შეიტანონ ქართული სიწმინდეების გადარჩენაში.
„ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მართლმადიდებლური ღირებულებების დაცვა და მათი განმტკიცება. ჩვენთვის ეროვნულობა სამ ძირითად ასპექტთან ასოცირდება. ეს გახლავთ მამული, ენა და სარწმუნოება. მინდა, ამ სამიდან ყველაზე სენსიტიურ თემას შევეხო, ეს გახლავთ ისტორიული ძეგლები და მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები. დღესდღეობით ძალიან სავალალო მდგომარეობაშია 80 ეკლესია-მონასტერი, რომლის რესტავრირებულ ან ჩანგრეულ ქვებში ხდება სომხური ქვების შერევა, რათა ხელოვნურად მოხდეს მათი გასხვისება. ვფიქრობ, აუცილებელია, შედგეს სამართლებრივი კონსტიტუცია, რომელიც კანონის ფარგლებში დააკანონებს საკუთრებას.
ასევე მსურს გავიხსენო თურქეთთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ხელშეკრულების თანახმად, ქართველი ტოლერანტი ერი თურქებს აძლევდა უფლებას, საქართველოში აეშენებინათ მეჩეთები, ხოლო სანაცვლოდ ამისა, ქართველები ტაო-კლარჯეთში ჩვენს ეკლესია-მონასტრებს რესტავრაციას ჩავუტარებდით. მიუხედავად ამ ხელშეკრულებისა, ქართველების მხრიდან არაფერი კეთდება. აჭარაში ვხედავთ უკვე მაგალითს, რომ თურქები იწყებენ მეჩეთების მშენებლობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია რიგი ქმედებების შესრულება.
ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო აფხაზეთში არსებული ილორის ტაძარი, რომელიც გადაღებეს მთლიანად თეთრად და შეუცვალეს გუმბათი. იმის მაგივრად, რომ ჩატარდეს რესტავრაცია, კეთდება რეკონსტრუქცია.
მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს, რომ დავდგეთ ამ საკითხის გარშემო, განვიხილოთ და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ისოტრიული საკუთრება და საგანძური", - განაცხადა ანა პატარაიამ.
რაც შეეხებათ მრავალშვილიან ოჯახებსა და მათ პრობლემებს, ამ საკითხზე ორგანიზაციის წევრმა ალექსანდრე მარკველიშვილმა ისაუბრა. როგორც მარკველიშვილმა განმარტა, ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით, რომ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება დაენიშნოს ყველა მრავალშვილიან ოჯახს.
„სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, თუ ისინი არ არიან სოციალურად დაუცველები. მიმაჩნია, რომ ქვეყნის სიძლიერე მოდის ოჯახის სიძლიერიდან და თუ ოჯახში არ არის ბავშვების სიმრავლე, ოჯახი არ არის ძლიერი. ყველა ოჯახი უნდა მიისწრაფვოდეს იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჰყავდეს. ჩვენი მთავარი მიზანია, კომპეტენტურ ორგანოებთან მივიტანოთ მესიჯი, რომ ყველა მრავალშვილიან ოჯახს დაუნიშნონ დახმარება და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს", - აღნიშნა ალექსანდრე მარკველიშვილმა.
მარტოხელა მშობლებსა და მათ პრობლემებზე ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციის წევრმა სოფია გელაშვილმა და აქვე დასძინა, რომ აღნიშნულ პიროვნებებთან დაკავშირებით მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში პრობლემები აღარ არსებობს.
„სამწუხაოდ,ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდია მარტოხელა მშობლების რიცხვი. მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში ეს პრობლემა აღარ დგას და მარტოხელა მშობლები სარგებლობენ მთელი რიგი შეღავათებით და იღებენ კომპენსაციას. რაც შეეხება საქართველოს, აქ კანონმდებლობაში არ არსებობს ჩანაწერიც კი, რომელიც განსაზღვრავს მარტოხელა მშობლის სტატუსს. შესაბამისად, სახლემწიფოს არაფერი ავალდებულებს, რომ იზრუნოს ამ ადამიანების სოციალურ კეთილდღეობაზე. სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოების მიდგომაც სამწუხაროა მათ მიმართ. გასაგები პრობლემების გამო უმეტესი მათგანი ვერ ახერხებს მუშაობას. მათ უწევთ უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრება და რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ უწევთ ამასთან შეგუება და არიან მხოლოდ კეთილი ადამიანების მოწყალების იმედად. აუცილებელია, სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება და იზრუნოს მათ კეთილდღეობაზე. კანონმდებლობაში უნდა ჩაიწეროს და განისაზღვროს, თუ რა სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან ეს ადამიანები და მიენიჭოთ მათ სტატუსი. ამის შემდეგ კი მათ უნდა მიიღონ შეღავათები, როგორიცაა შრომითი, ჯანდაცვითი და კომუნალური გადასახადების შემცირება და ამასთან მიიღონ ფულადი დახმარება", - განაცხადა სოფია გელაშვილმა.
ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელმა თაკო თვარაძემ სიტყვით გამოსვლისას აზარტულ თამაშებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით უნდა აიკრძალოს სათამაშო დაწესებულებების რეკლამირება.
„ლუდომანი, იგივე აზარტული თამაშის მოყვარული ადამიანი, წარმოუდგენელი რაოდენობით არის საქართველოში. ლუდომანია არის დაავადება, რომელიც აზარტული თამაშების მიმართ დაუოკებელ ლტოლვას გულისხმობს და ისეთივე სენია, როგორიც ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. ისინი ვერ აცნობიერებენ, თუ რა პრობლემის წინაშე დგებიან. ეს არის წაგებული თანხები, დანგრეული ცხოვრება, გაყიდული სახლები, თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე, რომელიც ძალიან ხშირია. ჩემი აზრით, აუცილებელია, გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების ინფორმირებულობისა და თამაშზე დამოკიდებულების პრევენციისაკენ. ასევე, საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს სათამაშო დაწესებულებების რეკლამირება, რათა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ აზარტული თამაში არ არის გართობა და რომ მას სავალალო შედეგი მოაქვს. ჩვენი ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობა, რომ ვიმუშავებთ ამ თემაზე", - განაცხადა თაკო თვარაძემ.
This post has been edited by აგუძერა on 22 Sep 2015, 23:40