http://www.newspress.ge/presis-mimokhilva/...rthianebas.htmlალასანიას პარტია „ნაციონალებთან“ კოალიციას ქმნის; ვინ შეუერთდება მათ გაერთიანებას?
11:13 23.09.2015
„ირაკლი ალასანია ხელისუფლების წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებს. „ტაბულას“ ეთერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ძირითად იმედს ის „ნაციონალებზე“ ამყარებს, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, „რესპუბლიკელების“ დაყოლიებასაც შეეცდება. რამდენად შეძლებს ის ამას, დრო გვაჩვენებს, თავად ალასანია კი ამ განცხადების შემდეგ საბოლოოდ გაიშიფრა. 18 სექტემბერს სასამართლოზე გიგი უგულავას საგულშემატკივროდ „თავისუფალი დემოკრატებიც“ მისულან. ახლა გამოდიან და უტიფრად აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით მიდის ხალხის დაკავება. ეს ერთ რამეზე მიუთითებს, ირაკლი ალასანია და მისი პარტია“ ნაციონალების“ თამაშს თამაშობენ. გავითვალისწინოთ ისიც, რომ მას ამერიკიდან დავალება აქვს მიღებული“- აცხადებს გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე.
მისი თქმით, კოალიციიდან წასვლის შემდეგ ალასანიას იმედი ჰქონდა, რომ პოლიტიკურ ორბიტაზე დამოუკიდებლად დაიწყებდა ტრიალს. ამაზე ამერიკაშიც აწარმოა მოლაპარაკებები, სადაც მას გასაგებად უთხრეს, რომ თუ რაიმე წარმატების მიღწევა სურდა, „ნაციონალებთან“ უნდა გაერთიანებულიყო და ამისთვის ფინანსებიც გამოუყვეს.
„ამ ფულით ხსნიან თავისუფალი დემოკრატები ქალაქებსა და რაიონებში პარტიულ ოფისებს.
თანხის მიღებაში ალასანიას მიხეილ სააკაშვილი დაეხმარა. ეს ორი პარტია უკვე გაერთიანებულია და ისინი კოალიციის შესაქმნელად ემზადებიან. „ნაციონალებს“ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ და ამისთვის ბრძოლას აგრძელებენ. საზოგადოების განწყობა კარგად იციან და ამიტომ გადაწყვიტეს, პარტიას სახელი შეუცვალონ. მოსახლეობას „ნაცმოძრაობა“ ყურში ცუდად ხვდება. სახელშეცვლილ „ნაციონალებთან“ ერთად კოალიციაში შევლენ „თავისუფალი დემოკრატები“, დავითაიას პარტია, „ევროპული დემოკრატები“, ხარატიშვილის პარტია და კიდევ ისეთი პარტიები, რომელთა ხსენებაც კი არ მინდა, იმდენად არაფერს წარმოადგენენ. ეს კოალიცია იბრძოლებს სააკაშვილის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამაში მათ საკონსტიტუციო სასამართლოც დაეხმარება“ - აცხადებს მჟავანაძე.
მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს და ამის პრეცედენტებიც არსებობს.
„წლების წინ უკრაინაში იუშენკოს გაპრეზიდენტებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დიდი როლი ითამაშა. თავის დროზე საკონსტიტუციოს დახმარებით, შევარდნაძემ სამი მაჟორიტარული ოლქის შედეგები გააუქმა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაძაბული და მნიშვნელოვანი იქნება. საქმე შესაძლოა საკონსტიტუციომდე მივიდეს. ვის სასარგებლოდ გადაწყვეტს დავას გიორგი პაპუაშვილი, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება“ - აცხადებს მჟავანაძე.