ჩვენზე თითქმის ორჯერ პატარა მოლდოვამ 1მლრდ. 159 მილიონის პროდუქცია გაიტანა ევროკავშირში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოწერის შემდეგ.
საქართველომ კი მხოლოდ 657 მილიონის.
მოლდოვა ნელ ნელა უარს ამბობს არასტაბილურ რუსულ ბაზარზე, ჩვენ კი რუსეთში ვეძებთ ხსნას.
აი სტატიაც
ევროკავშირთან ასოცირების პირველი შედეგები
18:14 04.10.2015 ევროკავშირთან ასოცირების პირველი შედეგები
2014 წლის 27 ივნისს მოლდოვამ და საქართველომ ბრიუსელში საზეიმოდ მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი (DCFTA) მიიღეს. ევროკომისიის სტატისტიკის მიხედვით, იმავე წელს მოლდოვას ექსპორტი 2013 წელთან შედარებით ევროპაში 20,4%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 159 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როცა, საქართველოს ექსპორტმა, პირიქით, 1,5%-ით მოიკლო და მხოლოდ 657 მილიონი ევროთი განისაზღვრა. Eugeorgia.info დაინტერესდა რა მიმართულებით შეძლო მოლდოვამ დაწინაურება ევროპულ ბაზარზე და როგორ მიაღწია წარმატებას.
ვროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების ისტორია
ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა მოლდოვასთან (ისევე როგორც საქართველოსთან) 2005 წელს გააფორმა, რასაც სამი წლის შემდეგ, დამატებით, ავტონომიური სავაჭრო პრეფერენციები (ATP) მოაყოლა. მიზეზი- რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანება იყო. მეზობელ ქვეყანასთან მოლდოვას განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს: პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ის რუმინეთის შემადგენლობაში შედიოდა, ომის შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა შეიერთა. 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, მოლდოვა რუმინეთის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, 2007 წლის პირველ იანვრამდე მასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობდა და ძირითადი პარტნიორი იყო. რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ამ რეჟიმის შეზღუდვით გამოწვეული უარყოფითი შედეგები მოლდოვას 2008 წელს ახალი პრეფერენციებით დაუბალანსეს: ქვეყანამ ნებართვა მიიღო ევროკავშირში გარკვეული პროდუქცია კვოტებით შეეტანა, მათ შორის, ხორცი (საქონლის, ფრინველის), ხორცპროდუქტები (ძეხვეული) რძის პროდუქტები, ხორბალი, სიმინდი და შაქარი, ხოლო ბოსტნეულისა და ხილის გარკვეული სახეობები ადვალური გადასახადისგან გათავისუფლდა (აღსანიშნავია, რომ საქართველოსაც, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრს, ჰქონდა ევროკავშირთან შეღავათებით ვაჭრობის რეჟიმი, GSP+, რომელიც, პრაქტიკულად, აუთვისებელი დარჩა).
ბოლო წლების განმავლობაში მოლდოვა ცდილობს, თავისი პროდუქციის გასაღების ერთ-ერთი სერიოზული ბაზარი, რუსეთი, ევროკავშირით ჩაანაცვლოს. ქვეყნის განვითარების 2009-2015 წლების გეგმაში რუსეთი სტრატეგიული პარტნიორების სიიდანაც კი ამოიღეს, არცთუ ტყუილად: მოლდოვური პროდუქცია (ძირითადად, ღვინო, ხილი და ბოსტნეული) სხვადასხვა საბაბით არაერთხელ მოხვდა მეზობელ ქვეყანაში ემბარგოს ქვეშ. შესაბამისად, მოლდავის ექსპორტში ევროკავშირის წილი 2014 წელს, თითქმის, ნახევარს - 46% - შეადგენდა, რაც შეეხება რუსეთს, თუ მასზე 2004 წელს ექსპორტის 31% მოდიოდა, 2014 წელს - 18%-მდე შემცირდა.
შედარებისთვის:
ევროპის ქვეყნებზე 2014 წელს საქართველოს ექსპორტის 21% მოდიოდა, მისი წილი ბოლო ათ წელიწადში მხოლოდ 2%-ით გაიზარდა. საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანია ( 24%), რაც შეეხება რუსეთს, მისი წილი 2004 წელს ექსპორტში 16%-ს შეადგენდა, 2008 წელს (ემბარგოს გამო) - 2%-მდე დაეცა, თუმცა, შარშან ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 10%-მდე გაიზარდა.
ტექსტილი
პირველი ადგილი მოლდოვის ექსპორტში მზა ტანსაცმლისა და ტექსტილის სასაქონლო ჯგუფს უკავია, რომელიც წინა წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და 213 მილიონ ევროს მიაღწია.
ტექსტილის ინდუსტრიის განვითარება ქვეყანაში ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, ეს სექტორი მოლდოვის ეკონომიკის სტრატეგიული მიმართულებაა, რადგან დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილებს ქმნის (2013 წლისთვის დარგში დასაქმებული იყო 21 ათასზე მეტი ადამიანი, ანუ მთლიანი ინდუსტრიის 19,4%), მათი გადამზადება ადგილზე და იოლად შეიძლება, შედარებით სწრაფად ბრუნავს კაპიტალი და ზომიერ ინვესტიციებს მოითხოვს.
ტექსტილის ექსპორტის 86% ევროკავშირის ქვეყნებში გადის, ცნობილი ბრენდებიდან ქვეყანაში წარმოდგენილია ვერსაჩე, არმანი, ბენეტონი, მაქსი, ნაფნაფი, ტრუსარდი, პრიმარკი, მაქს მარა, პრადა, ნაიკი, დოლჩე და გაბანა და კელვინ კლაინი. აღსანიშნავია, რომ მზა ტანსაცმელთან, ფეხსაცმელთან, ტყავის აქსესუარებთან ერთად წარმატებულია ხალიჩების ქსოვის ინდუსტრია, რომლის 80% ევროპაში გადის.
როგორც თავად მოლდოვის მთავრობა აცხადებს, ინდუსტრიის წარმატება შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა: 1. ევროპაში ყველაზე დაბალი ხელფასებია (საშუალო ხელფასი თვეში 2012 წელს 230 ევრო იყო); 2. განათლებული სამუშაო ძალა, გარდა ამისა, მოსახლეობის 70% მულტილინგვალია; 3. რეგიონში ყველაზე მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი აქვს (კორპორაციული გადასახადი 12%-ია, ხოლო თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში - 6%. ამასთან ნედლეულის იმპორტი გათავისუფლებულია ბაჟისა და დღგ-ისგან); 4. აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა (დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მისაღწევად სატვირთო მანქანას მხოლოდ ორი დღე სჭირდება).
შედარებისთვის:
საქართველოს ტექსტილისა და ტანსაცმლის ექსპორტმა ევროკავშირში გასულ წელს მხოლოდ 39 მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა, 67%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ტექსტილის ბიზნესი , საქართველოში, ძირითადად, თურქეთის ხარჯზე ვითარდება.
სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა მოლდოვადან ევროკავშირში 2014 წელს წინა წელთან შედარებით 31%-ით მოიმატა და 375 მილიონ ევროს მიაღწია. პროდუქციაში წამყვანი ადგილი ბოსტნეულმა დაიკავა, რომლის მიწოდება 54% -ით გაიზარდა და 203 მილიონი ევრო შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თავად მოლდოვის ტერიტორია საქართველოსთან შედარებით ორჯერ პატარაა- 34 ათასი კვადრატული კმ, თუმცა, კარგი კლიმატური პირობები აქვს და განლაგებულია ძირითადად ვაკეზე.შესაბამოსად, სოფლის მეურნეობას ქვეყნის ეკონომიკაში 20%-ზე მეტი უკავია.
შედარებისთვის:
საქართველოს მიერ ევროკავშირში ექსპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია 2014 წელს მხოლოდ 155 მილიონი ევროთი განისაზღვრა, თუმცა, წინა წელთან შედარებით 26%-იანი ზრდა მაინც დაფიქსირდა. რაც შეეხება ბოსტნეულს, ეს მაჩვენებელი 113 მილიონი ევროთი განისაზღვრა.
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირში მოლდოვამ 15 ათასი ტონა შაქარი შეიტანა, ანუ, 3,5-ჯერ მეტი გასულ წელთან შედარებით. როგორც აღვნიშნეთ, მანამდე ეს პროდუქცია კვოტებით იყო ლიმიტირებული.
სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან მნიშვნელოვანი მატება (64%-იანი) დაფიქსირდა ცხოველური და მცენარეული ცხიმების რეალიზაციის კუთხით, საერთო მოცულობამ კი 65 მილიონ ევროს მიაღწია.
“მოლდოვამ ასევე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ევროკავშირის სანიტარული მოთხოვნების შესრულებაში, რაც ნიშნავს, რომ მოლდოვური ხიზილალა უკვე შესაძლებელია, რომ გაიყიდოს ევროკავშირის ბაზარზე. ასევე მუშაობა მიმდინარეობს მოლდოვადან კვერცხის ექსპორტის საკითხზეც”, - აღნიშნულია ევროკომისიის ვებ-გვერდზე.
აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქციის - ღვინის - მოლდოვადან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მაჩვენებლებიც. ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირში რეალიზებული ალკოჰოლური სასმელის მოცულობა 7%-ით გაიზარდა (მოცულობით გამოსახულებაში - 9%-ით) და 23 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან საექსპორტო ქვეყნებში 30%-ით პირველ ადგილზეა პოლონეთი, სადაც 7 მილიონი ევროს პროდუქცია გავიდა, მეორე ადგილზე - ჩეხეთი (5,8 მილიონი ევრო), ხოლო მესამეზე -რუმინეთი (3,6 მილიონი ევრო). საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოლდოვური ღვინის ფასი საკმაოდ დაბალია - ერთი ლიტრის საშუალო ღირებულება ერთი ევროა.
შედარებისთვის:
საქართველო ევროკავშირში ღვინის ექსპორტით მოლდოვას ზუსტად შვიდჯერ ჩამოუვარდება - 2014 წელს მხოლოდ 3 მილიონი ლიტრით განისაზღვრა და 10%-ით შემცირდა 2013 წელთან შედარებით, თუმცა, ღირებულებით გამოხატულებაში 9%-ით გაიზარდა და 9 მილიონი ევრო შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი, დაახლოებით, 3 ევროა (სამჯერ ძვირი მოლდოვურთან შედარებით)., 2013 წელთან შედარებით მისმა ღირებულებამ 30%-ით მოიმატა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებს ევროკავშირში საქართველოსთვის წარმოადგენს პოლონეთი, სადაც მთლიანი მოცულობის ერთი მესამედი იყიდება, ლატვია (2,3 მილიონი ევრო), და ლიტვა (1,4 მილიონი ევრო). ჩეხეთში 2014 წელს მხოლოდ 73 ათასი ევროს ღირებულების პროდუქცია შევიტანეთ. 2008 წლიდან - 2014 წლამდე ევროკავშირის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა (ლიტრში გამოსახული), მხოლოდ 30%-ით გაიზარდა. მაშინ როცა მოლდოვამ ორჯერ გაზარდა მიწოდება.
სხვა ჯგუფები
მოლდოვას საექსპორტო ჯგუფებში მესამე ადგილი მანქანა-დანადგარებმა დაიკავა (ძირითადად, ელექტრომოწყობილობები), რომლის ექსპორტმა 201 მილიონ ევროს გადააჭარბა (ზრდა - 1,7%). აღსანიშნავია, რომ ეს სექტორი ქვეყანაში სრულიად ახალი დარგია და, დაახლოებით, 10 წელს ითვლის. მოლდოვური ტექნიკა ევროკავშირის გარდა აზიისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში გადის.
შედარებისთვის:
საქართველო მანქანა-დანადგარებით (თუნდაც, ელექტროპროდუქციით) ევროპულ ბაზარზე პრაქტიკულად არ იყო წარმოდგენილი, გასულ წელს ექსპორტმა მხოლოდ 15 მილიონი ევრო შეადგინა.
ევროკავშირში მოლდოვადან 138%-ით გაიზარდა ლითონებისა და მისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტი და 148 მილიონ ევროს მიაღწია. განსაკუთრებული, 172%-იანი, მატება დაფიქსირდა რკინა- ფოლადის ექსპორტში (121 მილიონი ევრო).
შედარებისთვის:
საქართველოდან იმავე ჯგუფის პროდუქტების რეალიზაცია ევროპაში 48 მილიონი ევროთი შემოიფარგლა (წლიური ზრდა - 7,3%), რაც შეეხება რკინა-ფოლადს, მისი მოცულობა 25 მილიონი ევროთი განისაზღვრა (ზრდა - 27%).
მოლდოვის საექსპორტო პროდუქციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იარაღსაც (76 მილიონი ევრო).
მოლდოვასთან შედარებით საქართველო ევროპულ ბაზარზე დაწინაურებულია ორი მიმართულებით: ძვირფასი ლითონებით - 125 მილიონი ევრო (რომლის ექსპორტი 1 წლის განმავლობაში 21%-ით შემცირდა, მსოფლიო ფასების დაცემის გამო) და საწვავით (ბენზინი) - 214 მილიონი ევრო (წლიურმა კლებამ 11% შეადგინა), ანუ, წარმოდგენილია, ძირითადად, ნედლეულით.
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მოლდოვას ექსპორტის ზრდა გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა გარე ფაქტორი: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების გამო ევროკავშირის ბაზარი გარკვეული პროდუქტებით გაჯერებულია, შესაბამისად, კონკურენცია შესამჩნევად გაიზარდა. ამასთან, მოლდოველი მეწარმეები ჯერ კიდევ არ არიან მზად ევროპული სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისი პროდუქცია გამოუშვან.
ეკონომიკური შედეგები
რუმინეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაშჭერის და ევროკავშირში გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად მოლდოვა კვლავ რჩება ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად. მოლდოვას მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2014 წელს 2176 დოლარს შეადგენდა (საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი 3681 დოლარს აღწევს). თუმცა, საგადამხდელო ბალანსის კუთხით ჩვენთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს - მშპ-ში მისი წილი მხოლოდ -6,2% -ია, მაშინ როცა საქართველოს მშპ-ში ბალანსის წილი -8,4%-ია. ამასთან, უმუშევრობის დონე მოლდოვაში გასულ წელს მხოლოდ 6% იყო, ანუ, საქართველოსთან შედარებით, ზუსტად ორჯერ ნაკლები.
http://commersant.ge/?m=5&news_id=27504&cat_id=5