კომუნიკაციის მარეგულიებელმა ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ბაზარზე ტარიფების ნაწილი გააიაფა, თუმცა, ეს საცალო ბაზარზე ჯერ არ ასახულა. პირიქით, მიმდინარე წლის მარტში კომპანიებმა ინტერნეტის ფასები გაზარდეს.
სწორედ ფასების ზრდის გამო გააკეთეს განცხადება „ახალგაზრდა ადვოკატებმა“. ამჯერად მათ „ინტერნეტ ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე რეაგირებისთვის“ კონკურენციის სააგენტოს მიმართეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლის ნინო ისაკაძის განცხადებით, 2015 წლის მარტიდან, ინტერნეტ-ბაზრის მფლობელებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს მომსახურების ტარიფი, ცალმხრივად დაირღვა მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები; კომპანიების მხრიდან კი მოქალაქეების მიმართ, მომსახურების ღირებულების გაზრდის საჭიროების დასაბუთება არ მომხდარა.
„შესაბამისად, არსებობს მაღალი ალბათობა, რაც მიუთითებს ინტერნეტ-ბაზარზე არსებული კომპანიების მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რომლის შესწავლაც კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებაა“,- აცხადებენ „ახალგაზრდა იურისტები“.
ნინო ისაკაძის განცხადებით, "ახალგაზრდა ადვოკატებმა" ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში რეკომენდაციით მიმართეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა მომხდარიყო ინტერნეტ ბაზრის მნიშვნელოვანი მონაწილე კომპანიების მონოპოლიური მდგომარეობის შესწავლა.
„კომპანიებს შორის სატარიფო პოლიტიკაზე ფარულ შეთანხმებებს არ დაეზარალებინა მომხმარებლის უფლებები და მოქალაქეებს საშუალება მისცემოდათ, იაფი ინტერნეტ-პაკეტის მიმართ, არჩევანის თავისუფლებით ესარგებლათ, მაგრამ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკითხზე რეაგირება არ მოუხდენია", - განაცხადა ისაკაძემ.
მიუხედავად „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართვისა კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხს ვერ გამოიკვლევენ, რადგანაც ეს კონკურენციის სააგენტოს შესწავლის სფეროს არ წარმოადგენს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
კომუნიკაციების კომისიაში კი „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ კომისია ცდილობს, საბითუმო ბაზრის ეფექტური რეგულაციით უზრუნველყოს კონკურენცია და ადეკვატური ფასები საცალო ბაზარზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიაში აცხადებენ, რომ 2014 წლის შემოდგომაზე და 2015 წლის იანვარში კომისიამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, კერძოდ: საკანალიზაციო არხების და სპილენძის წყვილების ბაზარი შეისწავლა და ტარიფები მნიშვნელოვნად გააიაფა.
„მაგალითად თუ ერთი კმ საკანალიზაციო არხში 100 მმ-ანი მილის გატარების ტარიფი იყო 900-დან 1400-ლარამდე, 370-ლარამდე დაიწია ამ ტარიფმა. გარდა ამისა, სპილენძის 1 წყვილის იჯარით აღების ტარიფი 15 ლარიდან 2,2 თეთრამდე დაწია, რაც შეეხება გლობალურ რესურსებთან დაშვებას. ეს არის ინტერნეტის საბითუმო ბაზარი, ანუ საქართველოში ინტერნეტი შემოაქვს რამდენიმე კომპანიას და ამ შემომტან კომპანიებსაც დაუწესდათ სპეციფიური ვალდებულებები და სატარიფო რეგულაცია. აქამდე თუ სატარიფო რეგულაცია არ არსებობდა, მათ დაუწესდათ 32 ლარი ერთ მეგაბიტზე. აქამდე ტარიფი არ იყო და საშუალოდ 120-დან 150-ლარამდე ღირდა 1 მეგაბიტი“,- აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებსათან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი.
თუმცა, მისი თქმით, გაიაფების შედეგები ბაზარზე მყისიერად არ აისახება და კომისიის გადაწყვეტილებების გავლენას მოაგვიანებით შეისწავლიან.
რაც შეეხება კომპანიების „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ დომინირებულ მდგომარეობას, ყურაშვილის განმარტავს, რომ ეს კომპანიები არიან ცნობილნი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპრატორებად, შედეგად მათ დაწესებული აქვთ გარკვეული ვალდებულებები: დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ხარჯებისა და შემოსავლების განცალკევებით აღრიცხვა და სატარიფო რეგულაცია. ამავე რეგულაციით, მათ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლვლას ხელი არ უნდა შეუშალონ.
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=21852&cat_id=6