Dailymail-ი: მსოფლიო თასის ერთ-ერთი ვარსკვლავი, გამხდარი, მორცხვი მილიარდერია - მისი სახელი ბიძინა ივანიშვილია
რაგბის მსოფლიო თასზე საქართველო - არგენტინის თამაშის წინ ბრიტანული გამოცემა dailymail -ი წერილს აქვეყნებს და ქართული რაგბის განვითარებაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის როლზე ამახვილებს ყურადღებას. guardian.ge გთავაზობთ წერილის თარგმანს მცირედი შემოკლებით.
მსოფლიო თასის ერთ-ერთი ვარსკვლავი, გამხდარი, მორცხვი მილიარდერია, თავისი განსაცვიფრებელი პიკასოს, ფლამინგოებისა და ზებრების კოლექციით.
იგი ტურნირის დასრულებამდე, შესაძლოა გაუფრთხილებლად გამოჩნდეს კიდეც თავისი ვერტმფრენით - მისი სახელი კი ბიძინა ივანიშვილია.
მთაზე მდებარე შუშის სასახლე, რომელიც თბილისს გადაჰყურებს, ივანიშვილის, საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილებაა. მისი სახლის კედელზე ჰკიდია დორა მაარი კატასთან ერთად, მაგრამ ის ასლია, ორიგინალი კი, რომელიც მან სოთბის აუქციონზე 60 მილიონ ფუნტ გირვანქა სტერლინგად (დღევანდელი კურსით, დაახლოებით 165 მილიონი ლარი) შეიძინა, მისგან შორს, ლონდონში უსაფრთხო ადგილასაა დაბინავებული.
59 წლის ივანიშვილი, რომელიც 4 შვილის, ამათგან ორი ალბინოსის, მამაა, რომელთაგან ერთ-ერთი, ბერა რეპერია, რეგულარულად იოგას მისდევს და დღეში ერთხელ მიირთმევს საკვებს. მილიარდერის კვებისადმი ყაირათიანი და ხელმოჭერილი ჩვეულება, აშკარად გადაწონილია მისი ხელგაშლილი ქველმოქმედებით.
იგი თავის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში თითოეულ ადამიანს ყოველთვიურად 80 ფუნტ სტერლინგს, ხოლო ახალდაქორწინებულ წყვილს კი დამატებით 1 200 ფუნტს უგზავნის.
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ იგი ქართული რაგბის თოვლის ბაბუაა. ივანიშვილმა მისი პირადი შემოსავლებიდან რაგბის არაერთი კომპლექსის მშენებლობა დააფინანსა, მათ შორის თბილისსა და ქუთაისში ორი აკადემია ააშენა. 2017 წლისთვის კი, როცა საქართველო 20 წლამდე ასაკში ჩემპიონატის მასპინძელი იქნება, ქვეყანაში 23 ახალი ინფრასტრუქტურულად გამართული სპორტული ობიექტი იქნება აშენებული.
ამგვარად, არავინ შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ამაყი, ვიდრე ივანიშვილი, იმ წუთებში, როცა საქართველომ, რომელმაც წინა მსოფლიო თასზე თამაშისას მხოლოდ ორი გუნდი, რუმინეთი და ნამიბია დაამარცხა, ტონგას ნაკრებს 10:7 მოუგო.
ქართველების მიზანი კი, მათი მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის თანახმად, არის ჯგუფში მესამე პოზიციაზე დაასრულონ თამაში, სავარაუდოდ, ახალი ზელანდიისა და არგენტინის მომდევნოდ.
დღეს საქართველო არგენტინას ხვდება. ქართველი მორაგბეები გასახდელ ოთახში ილოცებენ, ღმერთს გამარჯვებას შესთხოვენ, განსაკუთრებით კი წმინდა გიორგის და ღვთისმშობელ მარიამს შეევედრებიან.
საქართველო ევროპა აზიის გასაყარზე მდებარე, დომინანტურად მართლმადიდებელი, მუსლიმი მეზობლებით გარშემორტყმული ქრისტიანების ქვეყანაა, 4-მილიონიანი მოსახლეობით.
საქართველოში რაგბის ოფიციალურად 56 წელია რაც თამაშობენ. გუნდის მეტსახელი ლელოს-ი, სათავეს ძველი სახალხო თამაშიდან, ლელო-ბურთიდან იღებს, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჯერ კიდევ პოპულარულია.
დღევანდელი ნაკრების 70 პროცენტი, მათი კაპიტნის, ტულონის მოთამაშის, მამუკა გორგოძის თაოსნობით, თავიანთ გასამრჯელოს საფრანგეთში გამოიმუშავებენ.
ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი 18 წლის ვასილ ლობჟანიძე, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში დღემდე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ერთადერთია ლამის გუნდში, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოში თამაშობს", წერს ბრიტანული გამოცემა.
http://guardian.ge/5453-dailymail-i-msofli...anishvilia.html