2008-2015 წლებში საქართველოს ბიუჯეტიდან ლობისტებზე 10 მილიონამდე დოლარი დაიხარჯა
17:40 2015-10-07
IDFI-ს ანალიზი ცხადყოფს, რომ აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასი ათასობით აშშ დოლარი ირიცხება
IDFI 2008-2015 წლებში საქართველოდან აშშ-ში ლობისტური კომპანიებისთვის გადარიცხული თანხების ანალიზს აქვეყნებს:
აშშ-ს კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშებიდან ირკვევა, 2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სულ დაიხარჯა 9,585,115.04 აშშ დოლარი, ხოლო სხვადასხვა კერძო პირებისა და პარტიების მიერ იმავე პერიოდში დაიხარჯა 5,270,490.09 აშშ დოლარი.
ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 7.2 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა 2012 წელს. აღნიშნული მეტწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოში ამ პერიოდში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე ხარჯები გაწია ასევე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმაჯგუფმა.
ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა: საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი, რომლებზეც ჯამურად მოდის 2008-2015 წლებში გადახდილი მთლიანი თანხის 98%, ანუ 14,6 მლნ აშშ დოლარი.
როგორც IDFI-ს ანალიზი ცხადყოფს, აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასი ათასობით აშშ დოლარი ირიცხება, რის შესახებ ინფორმაციაც საქართველოში ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია. რასაკვირველია, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა დავის საგანს წარმოადგენდეს, თუ რამდენად საჯარო უნდა იყოს ქვეყნის ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები. თუმცა, აშშ-ს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მაგალითზე შეიძლება რამდენიმე არგუმენტის მოყვანა მეტი საჯაროობის სასარგებლოდ.
http://newpost.ge/?l=G&id=88621-%E1%83%91%...%83%A2%E1%83%98