"საყვარელო ჩემო დარიკო! აგერ, კეჭოუკა ნთავისუფლთება და იმას ვატან ამ ბარათსა, რომ გაგაგებიო კარგათ ვარ და ქვე ისეთი არაფერი მიჭირს არც მე და არც ჩვენ მეზობელსა მაკარას. ახლა იაპონცები ამბობენ, ქვე ნურაფრის ჯავრი გაქვთაო, თქვენც გაგანთავისუფლებთაო. მომიკითხე ყველა. შენი დაკარგული ქმარი სევა".
1904-1905 წლების ომი იაპონიასთან, რუსეთის იმპერიისათვის დაღუპვის დასაწყისი აღმოჩნდა...
რადგანაც "ძლევამოსილი" რუსული არმიის დამარცხებას ასე მცირერიცხოვან მეტოქესთან სანქტ-პეტერბურგში კი არა, მთელ მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა. რუსული არმიის დაუმარცხებლობაზე მითი წამში გაცამტვერდა, როდესაც 1904 წლის ბოლოს იაპონელებმა რუსები თითქმის ყველა ფრონტზე შეავიწროეს.
მაშინ კი დაფაცურდნენ ცარიზმის მესვეურები და საყოველთაო მობილიზაციაც გამოაცხადეს: ჯარში მიჰყავდათ ყველა მამაკაცი 20-დან 55 წლამდე, მოხალისეებად 60 წლისებსაც იღებდნენ. საყოველთაო მობილიზაციის პროცესი განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარეობდა არარუსულ მხარეებში - იქაურები ომში მოტყუებითაც კი მიჰყავდათ, "საზარბაზნე ხორცად". აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თავად რუს კაზაკებს, რომელთაც ომიანობის დროს ჯარში წასვლა ძველთაგან ევალებოდათ, იაპონელი ჯარისკაცებისა ისე ეშინოდათ, რომ ფრონტზე წასვლისაგან თავის ასარიდებლად ათასგვარ ხერხსაც კი მიმართავდნენ - გარბოდნენ საზღვარგარეთ, იცვლიდნენ რელიგიას (მეფის რუსეთის არმიაში მუსლიმანებს და კათოლიკეებს არ იწვევდნენ) და ა.შ.
საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება რაჭველმა მეპურემ - სევარიონ (იგივე სევა) რეხვიაშვილმა პირველად ქუთაისის ბაზარში გაიგო, თუმცა დიდი ყურადღება არ მიუქცევია, რადგან არც კი იცოდა, რას ნიშნავდა მობილიზაცია. მერე მეზობელმა მაკარამ აუხსნა: იაპონიასთან რუსებს ომი დაუწყიათ და ახლა ჯარისკაცებს აგროვებენო. მოგვიანებით, სევამ თვითონვე ნახა საომრად მიმავალი გოროდოვოი (ასე ეძახდნენ მაშინ რუსეთის იმპერიაში დაბალი რანგის პოლიციელებს) პეტკა, რომელიც არყის სმის მეტს არაფერს აკეთებდა და გაუკვირდა: "ქვე აქ არ ვარგოდა და ომში რა უნდა ქნას, ბოშო?!" - შეეკითხა მაკარას. ახალ ფორმაში გამოწკეპილმა გოროდოვოიმ კი ერთი შეუბღვირა და მედიდურად თქვა: "ჯარში ძღომაზეა საჭმელ-სასმელი და არაყსაც საფრონტო ნორმით იძლევიან!"
ამის მერე სევა რეხვიაშვილმა მთელი დღე იფიქრა და დაასკვნა, რომ თუ ჯარში საჭმელ-სასმელი სულ ძღომაზე იყო, მზარეული ან მეპურეც დასჭირდებოდათ და შესაბამისად, მასაც შეეძლო წასულიყო ჯარში, საყვარელი საქმე ეკეთებინა და ფულიც საკმარისად აეღო. სევას რაჭაში ახალმოყვანილი ცოლი ჰყავდა დატოვებული, რომელსაც დღე-დღეზე უნდა მოელოგინებინა. ერთი-ორი თვით წავალ და გამოვკვებავ ჯარისკაცებს, ფულს ვიშოვი და მერე დავბრუნდებიო - ფიქრობდა რაჭველი მეპურე. თავისი გადაწყვეტილება მან უფროს მეგობარს - მაკარასაც გაუმხილა. "რას ამბობ, ბოშო?! მარტო ქვე რაფერ გაგიშვა ომში, ჭი..." - შეიცხადა მაკარამ და თავადაც გადაწყვიტა, სევას წაჰყოლოდა.
, ასე აღმოჩნდა 1904 წლის დეკემბერში ორი რაჭველი მეპურე პორტ-არტურში - შორეული აღმოსავლეთის უდიდეს ნავსადგურში, რომელიც ჩინეთში კი მდებარეობდა, მაგრამ რუსები აკონტროლებდნენ. რაჭველებს ხელფასს კი კარგად უხდიდნენ, მაგრამ ჯარში ერთი თვეც ვერ მოითავეს - 1904 წლის 20 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც პორტ-არტურის გარნიზონის ხელმძღვანელი, გენერალი რომან კონდრატენკო დაიღუპა, მისმა შემცვლელმა - გენერალმა ანატოლი სტესელმა პორტ-არტური უბრძოლველად ჩააბარა იაპონელებს. იაპონელმა გენერალმა ჰეიჰატირო ტოგომ ანატოლი სტესელი
თავისივე გარნიზონთან ერთად ტყვედ აიყვანა და იაპონიაში - ქალაქ ნაგასაკიში გადაგზავნა; იქ იყო რუს ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკი.
უნდა ითქვას, რომ პორტ-არტურის გარნიზონში იყო მესამე რაჭველი მზარეულიც - სპირიდონ (კეჭოუკა) გოცირიძე, რომელიც სევასა და მაკარასგან განსხვავებით, ჯარში ძალით იყო გაწვეული და გაუმართლა, როცა თანამემამულეებთან მოხვდა. სპირიდონმა პორტ-არტურის ჩაბარების შემდეგ, ჰეიჰატირო ტოგოს წინაშეც გამოიჩინა თავი - ორი მაგარი იაპონელი ძიუდოისტი შოთებივით გააკრა მიწას, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა. სპირიდონს ტყვეთა ბანაკში დიდხანს არც უცხოვრია - იგი მალევე გაცვალეს და საქართველოშიც მოახერხა დაბრუნება. სევა რეხვიაშვილის ცოლსაც მანვე ჩაუტანა ბარათი, სადაც ოკრობოკრო ხელით ეწერა: "საყვარელო ჩემო დარიკო! აგერ, კეჭოუკა ნთავისუფლთება და იმას ვატან ამ ბარათსა, რომ გაგაგებიო კარგათ ვარ და ქვე ისეთი არაფერი მიჭირს არც მე და არც ჩვენ მეზობელსა მაკარას. ახლა იაპონცები ამბობენ, ქვე ნურაფრის ჯავრი გაქვთაო, თქვენც გაგანთავისუფლებთაო. მომიკითხე ყველა. შენი დაკარგული ქმარი სევა".
ეს იყო პირველი და უკანასკნელი წერილი, რომელიც სევამ ომიდან მოიწერა. მისი ცოლი დარიკო სიცოცხლის ბოლომდე ელოდა ქმარს, თუმცა ისე გარდაიცვალა, რომ სევას ნახვა აღარ ღირსებია. იაპონელებმა რაჭველი მეპურეები ტყვეთა ბანაკიდან იმის გამო არ გაუშვეს, რომ ისინი გემრიელ პურს აცხობდნენ და მთელი ნაგასაკი მათთან დადიოდა საცხობში, რომელიც ტყვეთა ბანაკის უფროსმა - ოიამა მაბუნიმ მოაწყო და "რუსული პურის საჭაშნიკე" უწოდა. რა თქმა უნდა, მთელ შემოსავალს ჯიბეში მაბუნი იდებდა, ხოლო სევას და მაკარას სასმელ-საჭმელი და ჩასაცმელ-დასახური ერგებოდათ. მალე, მაბუნი ოიამა ჩინეთში, ზღვისპირა ქალაქ დაირენში გადაიყვანეს - იმხანად მას იაპონია აკონტროლებდა და სევა და მაკარაც იძულებულნი გახდნენ, გაზულუქებულ იაპონელს თან გაჰყოლოდნენ.
მაბუნი ოიამამ დაირენშიც გახსნა ფურნე და ის-ის იყო, უზრუნველად ცხოვრებაც დააპირა, რომ სევამ ერთ დღეს მაკარას უთხრა: "ბოშო, ეს ოხერი იაპონელი აქ ჩვენით მდიდრდება, თვითონ ქვე ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ჩვენ კი მონებივით ვყავართ! რა ვუშველოთ ამ საქმეს?" მაკარამ კარგა ხანს იფიქრა და უპასუხა: "ქვე რა და უნდა გავიქცეთ, აბა სხვა რა ვქნათ?" ასე გადაწყვიტეს მეპურეებმა გაქცევა. მათ ადრევე კი იცოდნენ, რომ დაირენი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში - მანჯურიაში იყო, ამიტომაც სულ ჩრდილოეთით თუკი ივლიდნენ, რუსეთის იმპერიის საზღვარსაც მიაღწევდნენ. ეს ყველაფერი ძალზე ადვილი მოეჩვენათ; ერთ მშვენიერ დღეს, მართლაც, დაჰკრეს ფეხი და გაიქცნენ. ქუჩაში იაპონურ პატრულს კი გადაეყარნენ, მაგრამ აუხსნეს: ქალაქგარეთ ფქვილის საყიდლად მივდივართო. პატრულს ეჭვიც არ შეჰპარვია და გზაც კი მიასწავლა - ამა და ამ მიმართულებით წადითო. გულუბრყვილო რაჭველებმაც უცებ დაუჯერეს და ჩრდილოეთის ნაცვლად სამხრეთით წავიდნენ. ჰოდა, იარეს, იარეს და მთავარ ნავსადგურს მიადგნენ, რომელიც ქალაქიდან 25 კილომეტრით იყო დაშორებული.
რაჭველები თავიანთ შეცდომას კი მიხვდნენ, მაგრამ უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ და შეეცადნენ, ნავსადგურში ეპოვათ თავშესაფარიც და სამუშაოც. ნავსადგურში კი, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მტვირთავები სჭირდებოდათ; სევასაც და მაკარასაც ძალ-ღონე არ აკლდათ და უცებ იშოვეს დროებითი სამუშაო - ერთ-ერთ ამერიკულ გემზე ფაიფურის ნაკეთობებით სავსე ყუთები უნდა დაეტვირთათ. მართლაც ბევრი იმუშავეს და ათი კაცის გასაკეთებელი საქმე თავად გააკეთეს: გემზე ყუთები ისე სწრაფად და ციმ-ციმ აარბენინეს, რომ კაპიტანს თავში მზაკვრულმა აზრმა გაუელვა: "მოდი, ამათ რომით კარგად გამოვათრობ და თან წავიყვან! გემზე საჭიროა ზორბა, გულუბრყვილო მეზღვაურები!" - გაიფიქრა მან.
ამერიკელ კაპიტანს სევა და მაკარა რუსები ეგონა და იმედოვნებდა, რომ რომით ისინი უგონოდ გაილეშებოდნენ, თუმცა ასე არ მომხდარა - რაჭველებმა დინჯად სვეს კაპიტანთან ერთად და როცა ამ უკანასკნელმა აღიარა: აღარ შემიძლიაო, მხარზე ხელი მოუთათუნეს - თუ აღარ შეგიძლია, ნუღარ სვამ, შე კაცო, ისედაც მადლობელნი ვართ, იაპონელებს რომ გამოგვარიდეო. ამასობაში კი, გემი ზღვაში გასულიყო და ამერიკისკენ მიცურავდა. სევამ და მაკარამ ჭამა-სმა სადღაც ჰავაის კუნძულების ახლოს შეწყვიტეს, კაპიტანს კი უკვე თავის კაიუტაში ეძინა, სიზმარშიც ორ ქართველ გოლიათს ხედავდა და უკვირდა, როგორ სვამდნენ ისინი ამდენს.
1905 წლის იანვარში, სევა რეხვიაშვილმა და მისმა მეგობარმა მაკარამ, რომლის გვარიც უცნობია, სან-ფრანცისკოს მიაღწიეს და ღვთის წყალობით, იქვე დაფუძნებაც მოახერხეს - იმ ამერიკელმა კაპიტანმა, რომელიც რაჭველებს გზაში დაუმეგობრდა და მათი დამონება აზრადაც აღარ მოსვლია, ორივენი ერთ რუსულ ფურნეში მოაწყო. იქ ფული ბლომად იყო, მეგობრები ღამესაც ფურნეში ათევდნენ და კარგად ცხოვრობდნენ მანამ, სანამ ფურნეს პატრონი - ვინმე მისტერ პოლივანოვი არ გაკოტრდა: მას საკუთარ თავზე მეტად კაზინოში თამაში უყვარდა და ერთ დღესაც, ფორტუნამ მოურიდებლად აქცია ზურგი. მისტერ პოლივანოვმა ყველაფერი წააგო და ერთ დღეში მაწანწალად იქცა. ფურნეს ვიღაც ჰოლანდიელი დაეპატრონა, რომელსაც პურის ცხობისა არაფერი გაეგებოდა, ამიტომ იქ ყველაფერი მოშალა და იტალიური პიცერია გახსნა. სევამ და მაკარამ კი, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ, საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს.
რაჭველ მეპურეებს სან-ფრანცისკოში უკვე ყველა იცნობდა და ჩანაფიქრი რომ აესრულებინათ, გავლენიან ნაცნობს - კონდიტერ ჯონათან ო-რეილის მიაკითხეს. მან ადრევე აღუთქვა რაჭველებს დახმარება და როცა ამის საშუალება მიეცა, ძალიანაც გაუხარდა: "სამშობლოში რა დაგრჩენიათ? მეც ირლანდიელი ვარ, მაგრამ ამერიკაში ფულის საშოვნელად ჩამოვედი და სანამ საწადელს არ მივაღწევ, უკან დაბრუნებაზე არ ვიფიქრებ... შევამხანაგდეთ და საქმე ერთად ვაკეთოთ!" - შესთავაზა ო-რეილიმ. სევამ და მაკარამ მაშინვე უარყვეს თავიანთი ძველი ჩანაფიქრი და დათანხმდნენ.
ჯონათან ო-რეილიმ, სევა რეხვიაშვილმა და მაკარამ "ო-რეილი ენდ კომპანის" სახელით, სან-ფრანცისკოში საკონდიტრო ფირმა ჩამოაყალიბეს და საქმესაც შეუდგნენ. სწორედ მაშინ შესთავაზა ო-რეილიმ რაჭველებს სახელებისა და გვარების გამოცვლა: "აქ ამერიკაა, თქვენ კი ისეთი გვარ-სახელები გაქვთ, ენას მოიტეხს კაცი. ჯობს, მე დამიჯეროთ და ისეთი სახელები დაირქვათ, რომლებიც აქაურთა ყურებს უხეშად არ მოხვდება" - ო-რეილი მართალს ამბობდა, რადგან იმ დროს - XX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში, ამერიკული საზოგადოება უცხოელთა მიმართ შედარებით ნაკლებ შემწყნარებლობას იჩენდა, განსაკუთრებით კი კალიფორნიის შტატში.
რამდენადაც რაჭველები გარეგნობით უფრო ლათინოსებს ჰგავდნენ, სევა რეხვიაშვილი სებასტიან როხასი გახდა, მაკარა კი მაკარიო დელ ტორო. შესაბამისად, ფირმას, რომელიც მათ ო-რეილისთან ერთად ჩამოაყალიბეს, "ო-რეილი, როხასი და დელ ტორო" დაერქვა და ყველაფერი უცებ მოგვარდა - ფირმას საზღვარგარეთ ვაჭრობის ნება დართეს. ო-რეილის ადრევე სურდა ეს და ნებართვა როგორც კი მიიღო, მაშინვე გაენდო რაჭველებს: "მექსიკაში სიმინდის ფქვილისაგან თხელ ნამცხვარს ამზადებენ - "ტორტილია" ჰქვია... მისი გამოცხობის ტექნოლოგია ჩვენ უნდა ავითვისოთ და მექსიკის ბაზარზე გავიდეთ!" არც სევამ და არც მაკარამ არ იცოდნენ, რომ "ტორტილია" ჩვეულებრივ მჭადს ერქვა.
ჯონათან ო-რეილიმ, იმისთვის რომ რაჭველებისთვის ტორტილიას რაობა აეხსნა, ორივენი სან-დიეგოში, მექსიკურ რესტორანში დაპატიჟა. წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როცა ტორტილიების დანახვაზე სევას და მაკარას თვალები გაუბრწყინდათ და მერე კი ცრემლიც კი მოადგათ: "ამას ბოშო, ჩვენს სამშობლოში მჭადი ჰქვია!" - თქვა სევამ. მაკარამ კი პირდაღებულ ჯონათანს აუხსნა - ამას ჩვენს სამშობლოში ყველთან ერთად ჭამენ და უთხარი ოფიციანტს, ყველი მოგვიტანოსო. ჯონათანმა ოფიციანტს მართლაც უხმო და უცებ, თავში მეტად საინტერესო იდეა მოუვიდა: "რა იქნება, ყველიანი ტორტილიები რომ გამოვაცხოთ და მექსიკაში გავყიდოთ? იქ ტორტილიებს ყველთან ერთად არ ჭამენ, მაგრამ მოეწონებათ!" - უთხრა სევას და მაკარას.
ასე აღმოჩნდნენ რაჭველი მეპურეები მექსიკაში 1910 წელს. იმხანად, იქ რევოლუცია მძვინვარებდა - ხალხი გაზულუქებულ დიქტატორ პორფირიო დიასს ებრძოდა. ის 1876 წლიდან იდგა ქვეყნის სათავეში და როგორც იტყვიან, ცა ქუდად არ მიაჩნდა და მიწა - ქალამნად. არეულობის მიუხედავად, ჯონათან ო-რეილიმ გადაწყვიტა, გაერისკა და 1910 წელს, ქვემო კალიფორნიის (მექსიკის შტატი) ქალაქ სანტა-ფე-დე-მეხიკალიში გახსნა საცხობი "ჯერ არნახული ყველიანი ტორტილიები". ხსენებული მექსიკური ქალაქი აშშ-ის საზღვარზე მდებარეობდა, სან-დიეგოდან ორი საათის სავალზე.
მექსიკელები მართლაც მჭადის დიდად მოყვარული ხალხი გამოდგა - მეგობრების ბიზნესი სწრაფად წავიდა წინ. სევამ და მაკარამ ბლომად ფულიც კი მოაგროვეს უკან დასაბრუნებლად, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა იმედოვნებდნენ, ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნებაო, სანტა-ფე-დე-მეხიკალი მექსიკელი რევოლუციონერების ჩრდილოეთის დაჯგუფების ლიდერმა, საყოველთაოდ ცნობილმა ფრანსისკო (პანჩო) ვილიამ სამი დღით, საძარცვავად გადასცა თავის მებრძოლებს.
პანჩო ვილიას მებრძოლები წესრიგით სულაც არ გამოირჩეოდნენ - ისინი გლეხები იყვნენ და არა სამხედროები. ამიტომაც "ჯერ არნახულ ყველიან ტორტილიებში" კარგად მოილხინეს, მერე ყველაფერი დალეწეს და სევა რეხვიაშვილს მედიდურად მოსთხოვეს: რაც ფული გაქვს, ჩაგვითვალე და წავალთო. უწყინარმა რაჭველმა წარბი შეიჭმუხნა და ერთ-ერთ მებრძოლს შეკითხვა ინგლისურად გადაათარგმნინა. ცოტა ხანს დაფიქრდა და მერე ასე უპასუხა: საიდანაც მოსულხართ, იქით წადით, თორემ არც მე ვარ აქ ჯაბანიო და მეგობრებს უხმო.
სევას დაძახებაზე სამზარეულოდან მაკარა გამოიჭრა დიდი დანით ხელში, ხოლო ჯონათან ო-რეილიმ სათადარიგო გასასვლელით გააღწია ქუჩაში და თავს უშველა. ორი რაჭველი ღვთის ანაბარად დარჩა ტეკილით გამობრუჟულ მექსიკელ რევოლუციონერთა პირისპირ. ერთი სიტყვით, ის-ის იყო, ჩხუბი უნდა გახურებულიყო, რომ საცხობის კარი თვით პანჩო ვილიამ შემოაღო - მას თურმე, ჯონათან ო-რეილი იცნობდა და იცოდა, რომ მებრძოლთა შეჩერებას შეძლებდა. პანჩო ვილიამ მართლაც შეაჩერა მებრძოლები, ყველიანი ტორტილიებიც გასინჯა, მილეწილ ავეჯს თანაგრძნობით გადახედა, ჯიბიდან ფული ამოიღო და რაჭველებს დიდი ბოდიშიც მოუხადა. მერე ყველანი ერთად, იქვე დიდ მაგიდას მიუსხდნენ და მექსიკელ რევოლუციონერთა ბელადმა სევას და მაკარას თავგადასავალიც მოისმინა.
სრულიად მოულოდნელად, პანჩო ვილიამ თავი გამოიდო: თუ მართლა სამშობლოში დაბრუნება გინდათ, მე ჩაგიყვანთ ნავსადგურ ვერაკრუსში და იქ კი რომელიმე რუსულ გემში ჩაგსვამთო. ჯონათან ო-რეილიმ რაჭველებს თვალი კი უყო - არ დათანხმდეთო, მაგრამ სევა და მაკარა მაინც დათანხმდნენ. იმ საღამოსვე მოკრიბეს, რაც კი რაიმე ჰქონდათ და მეორე დღეს, დილით ადრე, პანჩო ვილიას კაცს ვერაკრუსში გაჰყვნენ.
ამერიკის საზღვრიდან ვერაკრუსამდე დიდი მანძილია და რაჭველები გზას ორი კვირა მოუნდნენ. სამწუხაროდ, ცნობილი არაა, თუ რა გადახდათ მათ რევოლუციისგან გაჩანაგებული მექსიკის გზებზე, მაგრამ არსებობს რუსული სავაჭრო ხომალდის, "დევა მარიას" ჟურნალის ჩანაწერი, რომელიც გვამცნობს, რომ მექსიკის ჩრდილოეთის არმიის მებრძოლმა, ვინმე ანტონიო დე გარსიამ 1910 წლის 4 დეკემბერს ხომალდზე აიყვანა 2 პიროვნება, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომები იყვნენ და სამშობლოში დაბრუნება სურდათ. ჟურნალში სევას გვარად "რეხვიაშვილია" ჩაწერილი, ხოლო მაკარას "სიკილტაძევი" უწერია. სევა და მაკარა კაპიტანმა, ბენიამინ ივანოვმა, ხომალდზე ვერ აიყვანა - რაჭველებს რუსული პასპორტები არ ჰქონდათ, ამერიკულში კი სხვა გვარები ეწერათ.
სევამ და მაკარამ ის ღამე ვერაკრუსის ნავსადგურში, პოლიციის განყოფილებაში გაატარეს. დილაადრიან კი ვერაკრუსის სამხრეთმექსიკელ მეამბოხეთა არმია დაესხა თავს, ემილიანო საპატას მეთაურობით და ორ საათში აიღო. პოლიციის განყოფილება, სადაც რაჭველები ათევდნენ ღამეს, მეამბოხეთა რაზმმა დაცხრილა - მათ თავიანთი, ადრე დაპატიმრებული ამხანაგის დახსნა სურდათ. ორმხრივი სროლისას, სევას ოთხი ტყვია მოხვდა, მაკარას - სამი. მაკარა ადგილზევე გარდაიცვალა, სევა მძიმედ დაიჭრა.
ცალად დარჩენილი რაჭველი მეპურე გონს რუსულმა საუბარმა მოიყვანა - სევა ვერაკრუსის რუსული ეკლესიის მღვდლის, მამა პავლე კონდრატენკოს ოჯახში აღმოჩნდა. თურმე პოლიციელებს, რომლებსაც რაჭველი მეპურეები რუსები ეგონათ, დაღუპული მაკარაც და მძიმედ დაჭრილი სევაც მასთან მიეყვანათ. სევა სამი-ოთხი დღე უგონოდ ყოფილიყო, ამასობაში კი მამა პავლეს მაკარა ეკლესიის ეზოში დაეკრძალა.
იმ დღიდან, სევა საცხოვრებლად მამა პავლესთან დარჩა და ჯერ დიაკვნად, მერე კი მღვდლად ეკურთხა, მამა სებასტიანის სახელით. 20 წლის განმავლობაში წირავდა ვერაკრუსის რუსულ ეკლესიაში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე - 1961 წელს,
სევა რეხვიაშვილმა რუსულ ენაზე დაწერა ბიოგრაფია, რომელიც ამჟამადაც მამა პავლეს შვილიშვილის - ონფიმ კონდრატენკო-რეიესის ბიბლიოთეკაში ინახება. სწორედ ონფიმ კონდრატენკომ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა და სევას შთამომავლებთან (მას აქ შვილი დარჩა) დაკავშირება.
This post has been edited by ushuaia on 13 Oct 2015, 02:42